Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა „იუთუბერებმა“ „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ ვიდეო ჩაწერეს


ფოტო: „იუთუბერები“
ფოტო: „იუთუბერები“

60-მდე ქართული „იუთუბ“-არხი, რომელთა გამომწერთა საერთო რაოდენობა მილიონებს აღწევს, უერთდება ვიდეორგოლს, რომელშიც „იუთუბერები“ „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამოდიან.

„იუთუბ“-არხები, რომლებიც სხვადასხვა სფეროებს მოიცავენ, ძალადობის წინააღმდეგ გამოდიან და ხელისუფლებას „აგენტების კანონის“ გაწვევისკენ მოუწოდებენ.

ვიდეორგოლში გაიგებთ ფრაზებსა და მოწოდებებს:

  • „აუცილებლად ვემიჯნები ძალადობას და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კანონს უკან გაიწვევენ“.
  • „ის ახალგაზრდები, ვინც ქუჩაში დგანან, თუ „ნაციონალები“ ან უცხოეთის აგენტები გგონიათ, ჩემი აზრით, ვერ ხედავთ ვერაფერს, რადგან ამ ადამიანებს თავისუფალი ქვეყანა უყვართ და მზად არიან ბრძოლისთვის“.
  • „სანამ სიტყვის თავისუფლება გვაქვს, მანამდე უნდა ამოვიღოთ ხმა, მერე გვიან იქნება“.
  • „იცოდეთ, რომ „იუთუბერები“ ვართ ერთად და ხალხის გვერდით“.
  • „მე ყოველთვის იმას ვიძახდი, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში. არა რუსეთს! არა ყველაფერ იმას, რაც მიგვექაჩება რუსეთისკენ. ჩვენი მომავალი არის ევროპაში“.
  • „აუცილებელია, რომ ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ და დავდგეთ ერთად ჩვენი ქვეყნისთვის“.
  • „იუთუბერები“ ვართ იქ, სადაც უნდა ვიყოთ: ერთმანეთის გვერდით, ხალხის გვერდით. ეს კანონი უნდა გაიწვიოთ უკან... ძალადობა, რომელიც არანაირად არ არის გამართლებული, არც „მაგრამით" და არც ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიაზე მიწებებით“.
  • „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კანონი არცერთ შემთხვევაში არ არის მისაღები, იმიტომ რომ გვაშორებს ევროპისგან და იწვევს დაპირისპირებას, რაც არ ღირს იმად, რაც მეორე მხარეს შეიძლება არგუმენტად იყოს. არა ამ კანონს“.
  • „მოტყუება და რუსეთში გაღვიძება არის ყველაზე დიდი ტრაგედია ახალგაზრდებისთვის და ამას არ დავუშვებთ საზოგადოების არცერთი წარმომადგენელი“.
  • „ამ კანონის მიღებით ყველაზე დაუცველად ვიგრძნობთ თავს ჩვენივე ქვეყანაში და სამუდამოდ ჩამოვშორდებით ევროკავშირს“.
  • „გვაქვს სურვილი, რომ მოგიწოდოთ ყველას, ვისაც ამის ძალაუფლება გაქვთ, რომ ეს კანონი გაიწვიოთ. გაიტანოთ ისევე, როგორც ეს გააკეთეთ შარშან... არ ღირს იმად, რაც ახლა ქვეყანაში ხდება. ძალიან გთხოვთ, ქვეყანას ნუ არევთ“.
  • „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შეწყდეს ძალადობა, ჩაგვრა და რაც შეიძლება მალე ვიხილოთ საქართველო ევროპაში“.
  • „მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ევროპული საქართველოსა და ხვალინდელი უკეთესი მომავლისთვის იბრძვით. გაიწვიეთ ეს კანონი და ნუ ქმნით დაპირისპირების ხელოვნურ საფუძველს ქართველ ხალხში. მე ვირჩევ ევროპას და არა რუსეთს!“
  • „ჩვენ ქართველი „იუთუბერები“ ვართ რუსული კანონის მოწინააღმდეგენი. არა რუსულ კანონს და კი თავისუფალ და ევროპულ მომავალს!“
  • „ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი არის ევროპა. ჩვენ არ დავბრუნდებით რუსეთში. არა რუსულ კანონს“.

1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

ტერმინი „უცხოური ძალა“ განიმარტება, როგორც „უცხო სახელმწიფო, უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი“.

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ თბილისში მესამე კვირაა, უწყვეტად მიმდინარეობს. საპოლიციო ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ ხშირად იყენებს წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. სპეცრაზმელები ფიზიკურადაც უსწორდებიან დემონსტრანტებს.

„ქართულმა ოცნებამ" ეს საკანონმდებლო ინიციატივა ბოლო ერთ წელიწადში მეორედ წარმოადგინა. მმართველი პარტიის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღების მცდელობამ მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია 2023 წლის მარტშიც და მმართველი პარტია აიძულა კანონპროექტი გაეწვია.

„ქართული ოცნების" უმრავლესობამ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად დააბრუნა 2024 წლის 3 აპრილს. წლევანდელს შარშანდლისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG