Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინიკა დატოვა აქციაზე დაშავებულმა ორმა მოქალაქემ, მათგან ერთს ტრავმა თვალთან ჰქონდა


აქციაზე დაშავებული 25 წლის მოქალაქის თვალთან მიღებული ტრავმა ექიმებმა საშუალო სიმძიმისად შეაფასეს - მას თვალ-ბუდის არეში ჭრილობის გაკერვა დასჭირდა, თუმცა მხედველობა არ დაუკარგავს.
აქციაზე დაშავებული 25 წლის მოქალაქის თვალთან მიღებული ტრავმა ექიმებმა საშუალო სიმძიმისად შეაფასეს - მას თვალ-ბუდის არეში ჭრილობის გაკერვა დასჭირდა, თუმცა მხედველობა არ დაუკარგავს.

კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" დატოვა აქციის ორივე მონაწილემ, რომლებიც 1 მაისის ღამეს საავადმყოფოში მიიყვანეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა. მათგან ერთს სასუნთქი გზების მსუბუქი დაზიანება ჰქონდა, მეორეს კი - ტრავმა თვალის არეში.

როგორც რადიო თავისუფლებას "ნიუ ჰოსპიტალსში" უთხრეს, ერთი პაციენტის შემთხვევაში, არ არსებობდა მისი კლინიკაში შეყოვნების საჭიროება, 25 წლის კაცს კი, რომელსაც თვალთან ჰქონდა ტრავმა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩენა ურჩიეს, თუმცა თავად პაციენტმა სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ საავადმყოფოს დატოვება ისურვა.

1 მაისის ღამეს, საავადმყოფოებში სამედიცინო დახმარების მისაღებად სხვადასხვა დაზიანებით სულ 15 ადამიანი გადაიყვანეს.

"აგენტების კანონი" საქართველოს პარლამენტმა 1 მაისს მეორე მოსმენით მიიღო. ამ სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გასულ წელს ხალხმრავალი პროტესტის ფონზე უკან გაიწვია, თბილისში ორი კვირაა იმართება აქციები. პროტესტის მონაწილეთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება, რომელიც ჯიუტად ცდილობს "რუსულ კანონად" წოდებული კანონის მიღებას, მკვეთრად ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს და უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე. ხელისუფლება ამ შიშების პასუხად იყენებს ტერმინს "ღირსებით ევროპისკენ" და ამტკიცებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილზე უარს არ ამბობს და ამ გზაზე თავის პრინციპებს დაიცავს.

საქართველოში მიმდინარე პროტესტისა და დემონსტრანტებზე ძალადობის ფონზე, პოლიტიკოსები ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს აფრთხილებენ ამ კანონის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელ პრობლემებზე. მათ შორის არის ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა, ვიზის გარეშე მგზავრობის უფლების შეზღუდვა ევროკავშირის ქვეყნებთან და შესაძლო სანქციების დაწესება იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყანას დასავლეთისკენ სვლაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG