Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია: 30 აპრილს აქციაზე დაკავებული გელა ნადირაძის შესახებ ოჯახი ზუსტ ინფორმაციას ვერ იღებს


"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს ინფორმაციას 30 აპრილს "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ მოქალაქეზე, რომლის ჯანმრთელობისა და ადგილსამყოფლის შესახებ ოჯახის წევრები დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ იღებენ. გელა ნადირაძე, რომელსაც ოჯახი ეძებს, სავარაუდოდ, დაკავებისას ან დაკავების შემდეგ პოლიციელებმა სცემეს.

"ამ დრომდე ოჯახი ეძებდა გელა ნადირაძეს, თუმცა ვერ პოულობდა, მათ შორის, საავადმყოფოებსა და იზოლატორებში ინფორმაციის მოკითხვის გზით. დაახლოებით ერთი საათის წინ, ოჯახს ეცნობა, ინფორმაცია, რომ პირი გადაყვანილი იყო შპს ,,წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოში” და აღენიშნებოდა ნეკნების მძიმე დაზიანება. ოჯახის წევრებს საავადმყოფოს წარმომადგენლებმა სატელეფონო საუბრისას განუცხადეს, რომ დაზარალებული პოლიციის მიერ იქნა საავადმყოფოდან გადაყვანილი, ხოლო, ადგილზე მისულებს კი, განუცხადეს, რომ გელა ნადირაძე გაწერილია საავადმყოფოდან დღეს, თუმცა, პოლიციას იგი არ წაუყვანია", - წერს საია და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაინტერესდეს ამ შემთხვევით, დაიწყოს მყისიერად გამოძიება, ჩაატაროს ყველა საჭირო მოქმედება, მათ შორის, დაზარალებულის ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით და აცნობოს საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია.

რადიო თავისუფლება სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან ელოდება პასუხს კითხვაზე, დაწყებულია თუ არა გამოძიება ამ საქმეზე.

"აგენტების კანონი" საქართველოს პარლამენტმა 1 მაისს მეორე მოსმენით მიიღო. ამ სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გასულ წელს ხალხმრავალი პროტესტის ფონზე უკან გაიწვია, თბილისში ორი კვირაა იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები.

საქართველოში მიმდინარე პროტესტისა და დემონსტრანტებზე ძალადობის ფონზე, პოლიტიკოსები ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს აფრთხილებენ ამ კანონის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელ პრობლემებზე. მათ შორის არის ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა, ვიზის გარეშე მგზავრობის უფლების შეზღუდვა ევროკავშირის ქვეყნებთან და შესაძლო სანქციების დაწესება იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან საქართველოს დასავლეთისკენ სვლაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG