Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ გასცდეთ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს - ომბუდსმენი აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს


სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.
სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების წინაპირობა, პარალელურად კი მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, „არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს“.

ომბუდსმენი ამბობს, რომ თვალს ადევნებს განვითარებულ მოვლენებს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც, მისი სიტყვებით, „სიტუაცია პერიოდულად იძაბება, ჩნდება აქციის მონაწილეთა და სამართალდამცავთა დაპირისპირების კერები, პარალელურად ხდება სამართალდამცავთა მობილიზება, ასევე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანა, აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდოდ წიწაკის სპრეის გამოყენების თაობაზეც“.

„სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, რა დროსაც ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს“, - აცხადებს ომბუდსმენი.

განცხადების თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე [29 აპრილი, 00:30სთ] არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს. შესაბამისად, სახალხო დამცველი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალოს მათ ხელი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში.

„ამავე დროს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს“, - წერია ლევან იოსელიანის განცხადებაში.

თბილისის მერია „არასანქცირებულს“ უწოდებს პარლამენტთან ამჟამად მიმდინარე საპროტესტო აქციას.

XS
SM
MD
LG