Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის წინაპირობა - საია


პოლიცია "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე
პოლიცია "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, რომ ამ დროისთვის არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა.

„საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგებულია დემონსტრაციის ადგილის სამ გასასვლელთან (ჩიტაძის, ჭიჭინაძისა და თავისუფლების მოედნის მხრიდან რუსთაველის გამზირზე). მათ შორის, აღჭურვილნი არიან სპეციალური აირწინაღებით. ეს ყოველივე აჩენს ვარაუდს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს გამოიყენოს აქტიური სპეციალური საშუალებები, მათ შორის, ცრემლსადენი გაზი. კადრებში, ასევე, ჩანს წყლის ჭავლის მანქანები“, - აცხადებს საია.

ორგანიზაცია აცხადებს:

„მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს აქტიური სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით, და, არ გამოიყენოს ისინი ჩვეული უკანონო პრაქტიკით, როგორიცაა ახლო მანძილიდან, სასიცოცხლო ორგანოების მისამართით, და, რამდენიმე აქტიური სპეციალური საშუალების გამოყენება ერთმანეთის პარალელურად“.

თბილისის მერია „არასანქცირებულს“ უწოდებს პარლამენტთან ამჟამად მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციას.

(შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული და აქციის გამართვას სპეციალური ნებართვა არ სჭირდება).

პარალელურად პარლამენტის ორ გვერდითა მხარეს და თავისუფლების მოედანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

პარლამენტთან ვითარება კვლავ დაძაბულია.

XS
SM
MD
LG