Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედრო გემთსაშენები ნაწილებს ევროპიდან იღებენ ხორვატიისა და იტალიის ფირმების დახმარებით


საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის სამხედრო-საზღაო ძალების გემის, "სერგეი კოტოვის" ჩაშვება წყალში. ქერჩი, 29 იანვარი, 2021.
საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის სამხედრო-საზღაო ძალების გემის, "სერგეი კოტოვის" ჩაშვება წყალში. ქერჩი, 29 იანვარი, 2021.

რუსეთის სამხედრო გემთსაშენები, რომლებსაც საერთაშორისო სანქციები აქვთ დაწესებული, ნაწილებს ევროპის ქვეყნებიდან იღებენ ხორვატიისა და იტალიის ფირმების დახმარებით. ამის შესახებ BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებაშია ნათქვამი.

2019 წელს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა სათათრეთში მდებარე გორკის სახელობის ზელენოდოლსკის ქარხანას. მაგრამ საზღვაო ძალების გემების ნაწილების მიწოდება გაგრძელდა შუამავლების სქემებით, მაგალითად, საწარმო Marine Propulsion Systems-ის დაკვეთით. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, ქარხანაზე ევროკავშირის სანქციები გავრცელდა, მაგრამ ის შუამავლების მეშვეობით განაგრძობდა აღჭურვილობის შეძენას ევროკავშირიდან და აშშ-დან. როგორც BBC აღნიშნავს, ქარხანა რამდენიმე შუამავალ ფირმას ფლობს ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად.

სანქცირებული გემთმშენებლის მომარაგებაში დახმარების გაწევა შეუძლიათ პარტნიორებს ხორვატიიდან. გამოცემამ დაადგინა, რომ საბაჟო მონაცემებში მოიხსენიება ხორვატიული კომპანია Adria Winch-ი. ჟურნალისტები კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს ესაუბრნენ. მისი თქმით, Adria Winch-ი რუსეთში 20 წელზე მეტია მუშაობს.

2016 წელს Adria Winch-მა „იმპორტის ჩანაცვლების“ ფედერალური პროგრამის ფარგლებში შექმნა ერთობლივი საწარმო ზელენოდოლსკის ქარხანასთან, Adria Winch Zelenodolsk-ი. კომპანიის 51% ეკუთვნის გემთმშენებელ კორპორაცია Ak Bars-ს, რომელიც მოიცავს ზელენოდოლსკის ქარხანას, დანარჩენი კი - ხორვატიულ კომპანიას.

გარდა ამისა, როგორც BBC აღნიშნავს, ხორვატიულ Adria Winch-ს აქვს ფილიალი მოსკოვში - Adria Winch in Moscow, რომელიც რეგულარულად ამარაგებს სათადარიგო ნაწილებით ზელენოდოლსკის გემთსაშენს.

საბაჟო დეკლარაციებში მითითებული გემის პროექტის ნომრების წყალობით BBC-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ევროპული სათადარიგო ნაწილები, რომლებსაც Adria Winch-ი რუსეთში თავისი ფილიალების მეშვეობით ყიდის რუსულ სამხედრო გემთსაშენებს, განკუთვნილია სწორედ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებისთვის და სხვა სამართალდამცავი ორგანოების ხომალდებისთვის.

მთლიანობაში, 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ივლისამდე კომპანიებმა, რომლებიც დაკავშირებული არიან ხორვატიულ Adria Winch-თან ან რუსეთში მის შვილობილ კომპანიებთან, რუსეთს 1,2 მილიონი დოლარის სათადარიგო ნაწილები მიაწოდეს.

იტალიური კომპანია Melcal-ი, რომელიც აწარმოებს გემების ამწეებს, ასევე ყიდულობს აღჭურვილობას რუსული სამხედრო გემთსაშენებისთვის, ამტკიცებს გამოცემა. BBC-ის ცნობით, Melcal-ი რუსი გემთმშენებლების დიდი ხნის პარტნიორია.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, Melcal-ის აღჭურვილობა რუსეთში იგზავნება არა პირდაპირ, არამედ თურქეთის, ჰონგ-კონგის ან ჩინეთის გავლით. მთლიანობაში, 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ივლისამდე რუსულმა კომპანიებმა 255 ათასი დოლარი დახარჯეს ევროკავშირში წარმოებულ აღჭურვილობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG