Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიცს ვდებ, თუ კანონპროექტს არ გაიწვევენ, დავტოვებ პარტიას და თანამდებობას - "ოცნების" წევრი თელავიდან


თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე „აგენტების კანონს“ აკრიტიკებს
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე „აგენტების კანონს“ აკრიტიკებს

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენაშვილი ამბობს, რომ პარტიას, ფრაქციასა და თანამდებობას დატოვებს, თუკი მმართველი გუნდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს“ არ გაიწვევს.

დეპუტატმა 26 აპრილს თელავში, საკრებულოს სხდომაზე განაცხადა:

„ჩემი თხოვნაა საქართველოს მთავრობასთან და ხელისუფლებასთან, ნუ დაარღვევთ კონსტიტუციას და ნუ უღალატებთ თქვენს ქვეყანას, ეს კანონი გაითხოვეთ უკან“.

„ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენაშვილი დასავლელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკასა და საგარეო პოლიტიკაში შესაძლო ზიანზეც საუბრობს:

„ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ყველა პარტნიორი გვეუბნება, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი, დაკარგავთ ყველაფერს, რაც ევროპას უკავშირდება... ამიტომ მე ამ კანონპროექტს ვემიჯნები და თქვენს წინაშე ვდებ ფიცს, თუ პროექტს უკან არ გაიწვევენ, მე დავტოვებ თანამდებობას“, - მიმართა ლევან ბერძენაშვილმა საკრებულოს წევრებს.

რადიო თავისუფლება მასთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ბერძენაშვილი ამ განცხადების გაკეთებამდე, სოციალურ ქსელ ფეისბუკში თითქმის ყოველდღე აზიარებდა მმართველი პარტიის დეპუტატის დიმიტრი სამხარაძის პოსტებს, სადაც ეწერა რომ ე.წ. აგენტების კანონპროექტი არა რუსული, არამედ ევროპულია.

„აგენტების კანონი“, - ფორმალურად „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“, - პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს - 83 ხმით.

13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში კი, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის - რადიო თავისუფლებასაც.

კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

XS
SM
MD
LG