Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ალტ-ინფოს“ ლიდერები ამბობენ, რომ რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ მათ პარტია აჩუქეს


„ალტ-ინფოს“ ლიდერები 13 აპრილს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე
„ალტ-ინფოს“ ლიდერები 13 აპრილს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე

თბილისში, მშვიდობის ხიდთან პრორუსული, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“, აქცია დასრულდა. ლიდერებმა მხარდამჭერები შეკრიბეს სახელისუფლებო პარტიის, „ქართული ოცნების“ ოფისთან მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრმა მათ რეგისტრაცია გაუუქმა.

ამ საპროტესტო აქციის გამო გადაკეტილი იყო სანაპიროზე მიმავალი საავტომობილო გზა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში. იმავე სივრცეში ასობით პოლიციელი მუშაობდა, მათი ნაწილი იცავდა აქციაზე მომუშავე ჟურნალისტთა უსაფრთხოებას.

აქციაზე პარტიის მხარდამჭერებმა და ლიდერებმა დაწვეს „ქართული ოცნების“ პარტიული დროშები და მაისურები. მოგვიანებით „ალტ-ინფოს“ ლიდერმა, ზურა მახარაძემ თქვა, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ მათ „აჩუქეს“ ცესკოში რეგისტრირებული პარტია, რომლის ლიდერიც ლევან ჩაჩუაა.

„ალტ-ინფოს“ მხარდამჭერებმა „ქართული ოცნების“ პარტიული დროშები და მაისურები დაწვეს
„ალტ-ინფოს“ მხარდამჭერებმა „ქართული ოცნების“ პარტიული დროშები და მაისურები დაწვეს

„ამათ ხო ჰგონიათ, რომ დაგვასრულეს. პარტია არ არის ჩანაწერი რეესტრში, პარტია ხალხის ერთობაა. ვინმეს თუ ფორმალობებზე აქვს ინტერესი, ბატონმა ლევან ჩაჩუამ და მისმა თანამებრძოლებმა მოგვცეს, გვაჩუქეს თავისი პარტია. ამ პარტიას წინა არჩევნებში მონაწილეობა აქვს მიღებული, ამიტომ არაფერი არ იქნება“, - განაცხადა ზურა მახარაძემ და მას მადლობა გადაუხადა.

ლევან ჩაჩუა თავმჯდომარეა პოლიტიკური პარტია „ქართული იდეის“, რომელიც 2014 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

სარეგისტრაციო მოწმობა, პარტია „ქართული იდეა“
სარეგისტრაციო მოწმობა, პარტია „ქართული იდეა“

რამდენიმე დღის წინ „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ ცესკოს 2024 წლის არჩევნებისთვის რეგისტრაციის გასავლელად მიმართა და რამდენიმე ათასი ხელმოწერაც შეიტანა. იმ დღეს, როცა „ალტ-ინფოს“ ცესკოდან პასუხი უნდა მიეღო, საჯარო რეესტრმა პარტიას რეგისტრაცია გაუუქმა.

პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, საჯარო რეესტრმა კი გადაწყვეტილება ამ მიმართვის საფუძველზე მიიღო.

საქართველოში არაერთი აქცია ჩატარებულა „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერების ორგანიზებით, მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისს, როდესაც დედაქალაქში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო. იმ დღეს „ალტ-ინფოს“ მოწოდებით ქუჩაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, მათ იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG