Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში კრიზისზე გაეროს უშიშროების საბჭომ იმსჯელა


სლავიანსკის მერიის შენობა ბლოკირებული აქვთ რუსეთის მომხრე შეიარაღებულ პირებს.
სლავიანსკის მერიის შენობა ბლოკირებული აქვთ რუსეთის მომხრე შეიარაღებულ პირებს.
დონეცკის ოლქში უკრაინის ხელისუფლებამ სპეცოპერაციის რეჟიმი შემოიღო მას შემდეგ, რაც დღეს დილით ამოიწურა უკრაინის ხელისუფლების მიერ სეპარატისტებისთვის დაწესებული ულტიმატუმის ვადა - ჩაებარებინათ იარაღი და დაეტოვებინათ ადმინისტრაციული შენობები. დონეცკის ოლქის გუბერნატორმა სერგეი ტარუტამ განაცხადა, რომ მთავარი ამოცანაა მშვიდობისა და წესრიგის შენარჩუნება. მან ოლქის მოსახლეობას მოუწოდა არ აყვნენ პროვოკაციებს. გასულმა ღამემ სლავიანსკსა და დონეცკის სხვა ქალაქებში, სადაც შეიარაღებულ ძალებს ადმინისტრაციული შენობები აქვთ დაკავებული, შედარებით მშვიდად ჩაიარა. სლავიანსკში დაკეტილია მაღაზიები, სკოლები და სხვა დაწესებულებები. ჯერჯერობით არ დაწყებულა კიევის მიერ დაანონსებული ოპერაცია სამხედრო ძალების მონაწილეობით. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სლავიანსკის მისადგომებთან ჯავშანმანქანები დგას. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის კორესპონდენტის ცნობით, სეპარატისტებს დონეცკის ოლქის ქალაქების თითქმის ნახევარში ბლოკირებული აქვთ ადმინისტრაციული შენობები. მთლიანად, ან ნაწილობრივ აქვთ დაკავებული ქალაქის საბჭოების შენობები სლავიანსკში, მარიუპოლში, დრუჟკოვკაში, კრამატორსკში, მაკეევკაში, ენაკიევოსა და ხარციზსკში. გორლოვკაში, სადაც მილიციამ უარი განაცხადა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მიმართ ერთგულების ფიცი დაედო, შეიარაღებული ძალები ცდილობენ შტურმით აიღონ მილიციის საქალაქო სამმართველოს შენობა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი „დიდი შეშფოთებით“ ადევნებს თვალს ვითარებას უკრაინაში. პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა ასევე, რომ აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებიდან ბევრი მიმართავს პირდაპირ პუტინს, ვითარებაში ამათუიმ ფორმით ჩარევის თხოვნით. კრემლის ამ განცხადების ფონს ქმნის ცნობები, რომ პრომოსკოვურად განწყობილ აქტივისტებს დაპყრობილი აქვთ მთავრობის შენობები აღმოსავლეთ უკრაინის რამდენიმე ქალაქში. დასავლეთის ქვეყნები მოსკოვს ადანაშაუელებენ არეულობის მართვაში.

აღმოსავლეთ უკრაინაში კრიზისის გამწვავების საკითხზე ჩატარდა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა. 13 აპრილის საღამოს შეკრების ინიციატორი რუსეთი იყო. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის - ოლექსანდრ ტურჩინოვის განცხადებას. მან პრო-რუსულ ძალებს ვადა დღევანდელი დილის (14 აპრილის) დილამდე, თბილისის დროით - 10 საათამდე მისცა იმისათვის, რომ ჩააბარონ იარაღი და დატოვონ აღმოსავლეთ უკრაინის ზოგიერთ ქალაქში დაკავებული სამთავრობო შენობები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტურჩინოვის განცხადებით, მათ წინააღმდეგ დაიწყება „ფართომასშტაბიანი ანტი-ტერორისტული ოპერაცია“, არმიის ჩართვით. რუსეთის ელჩმა გაეროში - ვიტალი ჩურკინმა უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ შეშფოთებულია უკრაინის ხელისუფლების განცხადებით: „კიევმა უნდა შეწყვიტოს აღმოსავლეთ უკრაინაში ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენება და ჭეშმარიტი დიალოგი დაიწყოს“. აშშ-ის ელჩმა გაეროში სამანთა პაუერმა კი განაცხადა: “ფაქტი ის არის, რომ ეს არის ყველაზე სამწუხარო სახის არასტაბილურობა. ის მთლიანად ხელოვნურად არის გამოწვეული. ეს არასტაბილურობა დაიწერა რუსეთში და იმართება რუსეთის მიერ“.

სამანთა პაუერმა განაცხადა, რომ „აშშ მხარს უჭერს უკრაინასა და ფუნდამენტურ პრინციპს, რომ უკრაინის მომავალი უკრაინის ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“. უკრაინის ელჩმა გაეროში იური სერგეევმაც აღნიშნა, რომ კრიზისი რუსეთის მიერ არის გამოწვეული და მოსკოვს შეჩერებისკენ მოუწოდა: „უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ბოლო თვენახევრის განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში რუსეთის სპეციალურმა სამსახურის აგენტებმა წამოიწყეს ფართომასშტაბიანი ოპერაცია ძალაუფლების მოსაპოვებლად, ვითარების დესტაბილიზაციისთვის, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინის მოქალაქეთა სიცოცხლეს და მიმართულია ამ რეგიონების ჩვენი ქვეყნისგან ჩამოცილებისკენ“. სერგეევმა მოუწოდა რუსეთს „დაუყოვნებლივ შეაჩეროს მოქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“. დიდი ბრიტანეთის ელჩმა გაეროში ლაიალ გრანტმა უშიშროების საბჭოზე აღნიშნა, რომ სატელიტური მონაცემების თანახმად, უკრაინის საზღვართან 35-დან 40 ათასამდე რუსი სამხედრო იმყოფება, რომელსაც ამაგრებს სამხედრო თვითმფრინავები, ტანკები, არტილერია და ლოჯისტიკური მხარდაჭერის ქვედანაყოფები.
XS
SM
MD
LG