Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვაპროტესტებ", "აქციას ვუერთდები" - საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები "აგენტების კანონზე"


გიორგი ცისკარიშვილი და ალექსანდრე გოგოლაძე
გიორგი ცისკარიშვილი და ალექსანდრე გოგოლაძე

საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები ღიად გამოხატავენ პროტესტს "აგენტების კანონის" შესახებ.

ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მრჩეველი გიორგი ცისკარიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ ეს არის კანონპროექტი, რომელიც "საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას." ცისკარიშვილი ამბობს, რომ სადავო კანონპროექტზე საკუთარი ღია პროტესტის დაფიქსირებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, როგორც მოქალაქე და როგორც საჯარო მოხელე.

"როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე და საჯარო მოხელე, ღიად ვაპროტესტებ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ შესახებ კანონპროექტს. როგორც საჯარო მოხელე და განსაკუთრებით, როგორც ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მომუშავე დიპლომატი, ვალდებული ვარ, რომ დავიცვა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი და პირნათლად ვემსახურო ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს", - წერს ის ფეისბუკზე.

გიორგი ცისკარიშვილი სხვადასხვა დროს რუმინეთსა და იორდანიაში მუშაობდა საქართველოს საელჩოებში.

სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ პოსტს აქვეყნებს და რუსთაველის გამზირზე პროტესტს უერთდება კიდევ ერთი დიპლომატი ალექსანდრე გოგოლაძე. ის სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანია.

"როგორც ჩემი სამშობლოს ერთგული (მოქმედი) დიპლომატი, მე იძულებული ვარ დავარღვიო დუმილი და საჯაროდ გამოვთქვა ჩემი უთანხმოება იმ საგარეო პოლიტიკის მიმართ, რაც ხელისუფალმა შემოგვთავაზა. ბუნებრივია ვგმობ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს, ვგმობ იმ ძალადობას, რაც ხელისუფალმა დემონსტრაციულად გამოიყენა ჩვენი საზოგადოების ყველაზე სათუთ, გასაფრთხილებელ ფენაზე - ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ვერ დავრჩები გულგრილი და ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე! " - წერს ალექსანდრე გოგოლაძე და კოლეგებს მოუწოდებს, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების საჯარო განცხადებებს წინ უსწრებდა ქართველი დიპლომატების განცხადება, რომელშიც ისინი კოლეგებს სთხოვდნენ, დაერღვიათ სიჩუმე და დაეცვათ ქვეყნის ევროპული მომავალი.

თბილისში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია 1 მაისს საღამოს ხუთი საათიდან არის დაგეგმილი - პარალელურად, პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს სადავო კანონპროექტს.

30 აპრილის ღამეს, ამ კანონის საწინააღმდეგო გამოსვლა პოლიციამ დაარბია - დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდნენ აქციის ხუთი მონაწილე და ექვსი პოლიციელი. საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტოს ძალადობა პროტესტის მონაწილეების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ გამოსვლები სცილდება მშვიდობიანი პროტესტის ფორმებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG