Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკვიატებები და აღმოჩენები - ბერლინის ფესტივალის 10 ფილმი


ბერლინალეს დირექცია გაკვირვებული დარჩა წლევანდელი კომერციული წარმატებით - ერთ კვირაში კინოსეანსებზე 300 000 ბილეთი გაიყიდა.
ბერლინალეს დირექცია გაკვირვებული დარჩა წლევანდელი კომერციული წარმატებით - ერთ კვირაში კინოსეანსებზე 300 000 ბილეთი გაიყიდა.

ბერლინის ფესტივალის დასრულების შემდეგ გადავხედე ქართულ მედიას, სოციალურ ქსელებს და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოში კინოზე მეტად ის უფრო აინტერესებდათ, თუ როგორ დაუპირისპირდებოდა „ორი სტენდი“ ერთმანეთს:

გაშლიდა თუ არა ბოიკოტში მყოფი კინოს ინსტიტუტი პლაკატებს თეა წულუკიანის წინააღმდეგ და მოეწყობოდა თუ არა საპროტესტო აქციები „ბერლინალეს“ კინობაზრობაზე.

არადა, ჩვენს ცნობისმოყვარეობას ეს ოდნავ ვულგარული ელფერი რომ არ გადაჰკრავდეს, წლევანდელი ფესტივალის „გლობალური“ სკანდალების შესახებაც შევიტყობდით „ბერლინალეს“ დირექცია ჯერ კიდევ 2 კვირის წინ გაეხვია შარში - ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე დაპატიჟა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერები (ისევე, როგორც სხვა პარტიების წევრები), მერე კი მოწვევა უკან გაითხოვა და ბოდიში მოუხადა თავის გულშემატკივრებს.

ფესტივალის დღეებში ეს სკანდალი და უაღრესად სუსტი საკონკურსო პროგრამა ოდნავ გაანეიტრალა სავსე დარბაზებმა ბერლინის კინოთეატრებში. ფესტივალის დირექცია, რომელმაც წელს უკანასკნელად ჩაატარა „ბერლინალე“ (მომავალ წელს ბერლინის კინოფორუმს ახალი დირექტორი ეყოლება), მგონი თავადაც გაკვირვებული იყო ასეთი კომერციული წარმატებით - ერთ კვირაში 300 000 ბილეთი გაიყიდა... მაგრამ მისთვის ბედნიერი ეპილოგი მაინც არ გამოვიდა - ბერლინის 74-ე ფესტივალი მოულოდნელი ხმაურით დასრულდა.

გალა-საღამო, რომელიც ოქროს და ვერცხლის „დათვების“ განაწილებას ითვალისწინებდა, პალესტინის მხარდამჭერ მიტინგად გადაიქცა. დარბაზი განსაკუთრებით გამოცოცხლდა მაშინ, როცა დოკუმენტური ფილმების ჟიურიმ საუკეთესოდ გამოაცხადა პალესტინური ფილმი „სხვა მიწა არ არსებობს“. ფილმის ავტორმა, ბაზელ ადრამ (ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტს აქ „გენოციდი“ უწოდეს), დარბაზის მქუხარე ოვაციები დაიმსახურა. მას მიჰყვნენ სხვებიც - „ბერლინალეს“ ზოგიერთ გამარჯვებულს პალესტინური თავსაბურავი ჰქონდა მოხვეული. გვიან ღამით ჰაკერებმა შეაღწიეს „პანორამის“ ვებსაიტზე და ღაზაში დანგრეული სახლების სურათები გამოფინეს.

მეორე დღეს ბერლინის მერმა კაი ვაგნერმა სპეციალური განცხადება გაავრცელა :„ბერლინში არ უნდა იყოს ანტისემიტიზმის ადგილი“. ფესტივალი გააკრიტიკა და ანტისემიტიზმში დასდო ბრალი ისრაელის ელჩმაც გერმანიაში. მეტიც, გავრცელდა მთავრობის სპიკერის ინტერვიუ, რომელშიც გერმანიის კანცლერის, შოლცის უკმაყოფილებაა აღნიშნული ბერლინის ფესტივალის დახურვის ცერემონიით.

„სხვა მიწა არ არსებობს“ ბერლინის ფესტივალის მეორე პროგრამის, „პანორამის“ კონკურსში აჩვენეს. სწორედ იმ „პანორამის“, რომელიც პროსახელისუფლებო ქართულმა მედიამ პროგრამაში ლევან აკინის ფილმის, „გზაჯვარედინის“ ჩართვის გამო „ლგბტ-ფესტივალად“ წარმოადგინა. არადა, იოლად შეეძლოთ ენახათ, თუნდაც "გუგლში" რამდენი ქართული ფილმი უჩვენებიათ „პანორამის“ ისტორიაში. მათ შორის გოგა ხაინდრავას „ოცნებების სასაფლაოც“, რომლის პრემიერა სწორედ იმ დარბაზში გაიმართა, სადაც წელს „გზაჯვარედინი“ უჩვენეს.

„ქვიარ-პროგრამა“ „ტედის“ პრიზი დაახლოებით ისეთივეა, როგორიც კინოჟურნალისტების ასოციაციის, ანდა, ეკუმენური ჟიურის პრემია, რომლითაც სპეციალური ჟიური ფესტივალის ყველა პროგრამაში ჩართულ ერთ რომელიმე ფილმს აღნიშნავს. სხვადასხვა დროს „ტედის“ პრემია გადაეცათ გას ვან სენტს, პედრო ალმოდოვარს, დერიკ ჯარმენს, ტილდა სვინტონს, ფრანსუა ოზონს... წელს - ლევან აკინს ფილმისთვის „გზაჯვარედინი“. რა შუაშია აქ ფილმის პროდიუსერი და მით უმეტეს მამუკა ხაზარაძე? ზოგჯერ მართლა სასაცილო ხდება ჩვენი აკვიატებები.

უნდა გამოვტყდე, მეც მაქვს ჩემი, პროფესიული (და არა მარტო) აკვიატებები. თუკი ამის აუცილებლობა არ არის, აღარ ვუყურებ ფრანგული კინოს კლასიკოსის, ერიკ რომერის წამბაძველებსა და იმიტატორებს. მაგალითად, რამდენიმე წელია უკვე შევწყვიტე კორეელი რეჟისორის ჰონ სანსუს ფილმების ყურებაა. არადა, მისი ახალი ფილმი „მოგზაურის საჭიროებები“ წლევანდელი „ბერლინალეს“ გრან-პრით დაჯილდოვდა.

ისევ არ გამიმართლა იმედმა, რომ ფრანგი რეჟისორი ბრუნო დუმონი, რომელმაც შესანიშნავი ფილმებით დაიწყო და თავისი ხელწერა ჰქონდა, ოდესმე შეწყვეტდა ამ იაფფასიან ბუფონადას და ოდნავ მაინც დასერიოზულდებოდა. მისი ახალი ფილმი „იმპერია“ პაროდიაა „ვარსკვლავების ომებზე“. წესით, უნდა გაგვეცინოს, მაგრამ 15 წუთი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მე, პირადად, ბრუნო დუმონის მორიგი „ტროლინგისთვის“ ვეღარ გამეძლო. საოცრებაა, მაგრამ ფაქტია - ფილმი, რომელსაც კრიტიკოსთა რეიტინგებში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება ჰქონდა („ერთიანები“), ჟიურიმ სპეციალური პრიზით აღნიშნა.

ბერლინის წლევანდელი ფესტივალის ჟიური ცალკე განხილვის საგანია. მეეჭვება, ჟიურის თავმჯდომარეს, ლუპიტა ნიონგოს საერთო ენა გამოენახა კატალონიელ რეჟისორთან ალბერტ სერასთან. მას კი - უკრაინელ მწერალთან ოქსანა ზაბუჟკოსთან. ბერლინში სერას ჰკითხეს, მართალია თუ არა, რომ ის პუტინის პოლიტიკას უჭერდა მხარს. რეჟისორი გაექცა კითხვას - როგორც იტყვიან, „არც დაადასტურა და არც უარყო“. ფესტივალის გამარჯვებულებით თუ ვიმსჯელებთ, ვფიქრობ, წლევანდელი „ბერლინალეს“ ჟიური სწორედ სერას განიხილავდა, როგორც დიდ ავტორიტეტს.

ერთი კია, ბერლინის კინოფესტივალზე „ოქროს დათვი“ ღირსეულს ერგო. ყოველ შემთხვევაში იმ ფილმს, რომელიც 74-ე „ბერლინალეს“ მთავარ თემას ეხმაურებოდა - კოლონიალიზმს. „დაჰომეა“ ლიდერობს ათეულში, რომელსაც თქვენ გთავაზობთ.

1. „დაჰომეა“ (რეჟისორი მატი დიოპი, საფრანგეთი)

ბოლო 4 წლის მანძილზე, უკვე მესამედ, ბერლინის ფესტივალის მთავარი პრიზებით დოკუმენტური კინო აღინიშნება. თუმცა სენეგალური წარმოშობის ფრანგი რეჟისორის „დაჰომეა“ კლასიკურ დოკუმენტურ კინოს მთლად არ ჰგავს. განსაკუთრებით ფილმის პირველი ნახევარი, რომელშიც თავის დროზე აფრიკიდან ევროპაში გატანილი ათასამდე არტეფაქტის შესახებ გვიამბობს... ქანდაკება. მისი შინაგანი მონოლოგის ფონზე ვუყურებთ ხელოვნების უნიკალური ნიმუშების დაბრუნებას თანამედროვე ბენინში, მერე კი ვუსმენთ იქაური სტუდენტების დებატებს კოლონიალიზმზე, პროტესტის ხელოვნებაზე, ევროპასთან ინტეგრაციაზე და იმაზეც, სად შეიძლება განთავსდეს ეს რიტუალური კერპები ქვეყანაში, სადაც მუზეუმის ტრადიცია არასდროს არსებობდა.

თუკი მხატვრულ კინოში გვაქვს „მაგიური რეალიზმი“, „დაჰომეას“ შეიძლება ვუწოდოთ „მაგიური დოკუმენტალიზმი“ - სამართლიანობამ თითქოს გაიმარჯვა, აფრიკას წართმეული დაუბრუნდა, მაგრამ აქვს თუ არა დღეს ფასი პრეზიდენტ მაკრონის „ძღვენს“, როცა ცოცხალ ადამიანებს, ახალგაზრდებს ქვეყნიდან გაქცევაზე უჭირავთ თვალი?

2. „შამბალა“ (რეჟისორი მინ ბაადურ ბამი, ნეპალი)

ეს თითქმის სამსაათიანი ეთნოგრაფიული ეპოსი მართლაც რომ ერთი ამოსუნთქვით „იყურება“. ფილმი გადაღებულია ჰიმალაის მთებში, 6000 მეტრ სიმაღლეზე (ეს ადამიანებით დასახლებული ყველაზე მაღალი წერტილია პლანეტაზე), ულამაზესი პეიზაჟების ფონზე, სტატიკური კადრებით და ერთი კამერით. თუმცა სახვითი გადაწყვეტა არსად, არცერთ კადრში არ გადაიზრდება „National geographic“-ის სტილში.

ახალგაზრდა ქალი, ტიბეტური ტრადიციის თანახმად, თხოვდება ერთდროულად 3 ძმაზე, რომელთაგანაც ერთი არასრულწლოვანია, ერთი ბერი, ხოლო მესამეს ქორწილის შემდეგ ქალაქში უწევს გამგზავრება სავაჭროდ, თუმცა დაბრუნებას აგვიანებს. პატარძალი გადაწყვეტს მოძებნოს სატრფო, რომლისგანაც ბავშვს ელოდება - გააზრებულად ირჩევს ხიფათის გზას და სრულიად მარტო გადის „განსაწმენდელს“ ჰიმალაის მთებში. ფაქტობრივად, ჩვენ ვუყურებთ რობერტო როსელინის „სტრომბოლის“ თანამედროვე ვერსიას, არაპროფესიონალი მსახიობების შესრულებით, გაჯერებულს ბუდისტური ალუზიებით.

3. „გზაჯვარედინი“, (რეჟისორი ლევან აკინი, შვედეთი, საქართველო)

ლევან აკინის ფილმიც ერთგვარი „განსაწმენდელია“, რომელსაც ფილმის გმირი, პენსიაზე გასული აჭარელი მასწავლებელი ლია გადის, მზია არაბულის შესრულებით. მოგზაურობა ბათუმიდან სტამბოლში არ არის მხოლოდ გეოგრაფიული საზღვრის გადალახვა. ლია შეძლებს პირველ რიგში ცრურწმენებისგან განთავისუფლებას, საკუთარი აკვიატებებისგან გამიჯვნას და იმ სამყაროში შეღწევას, რომლის შიშმა სრულიად მარტო დატოვა ცხოვრებაში. აკინის ფილმში მას ანგელოზებიც გამოეცხადებიან - აჩი, ლუკა კანკავას ბრწყინვალე შესრულებით, ობოლი თინეიჯერი, რომელიც ლიას თურქეთის გზაზე „აეკიდება“, და სტამბოლელი ტრანსგენდერი ქალი, იურისტი ევრიმი.

მსახიობების ანსამბლი, რომლისთვისაც ფილმი სპეციალური პრიზით აღინიშნა, „გზაჯვარედინის“ მთავარი ღირსებაა, თუმცა არანაკლებ საინტერესოა აკინის, როგორც კინორეჟისორის ხელწერა.

თუკი კინო რეალური სამყაროს შეცნობის პროცესს გამოხატავს, მაშინ აუცილებელიცაა, კამერა იყოს ისეთი დაკვირვებული, ისეთი ფაქიზი, ისეთი მგრძნობიარე, როგორც „გზაჯვარედინში“. გულდასაწყვეტია მხოლოდ, რომ პერსონაჟების განვითარებას, ცოცხალი დიალოგების მიუხედავად, არ ეხმარება სცენარის სტრუქტურა: ამბავი შეუკვრელია და წინასწარ ადვილად მისახვედრი. იმის მიუხედავადაც კი, რომ ფინალს მოულოდნელის პრეტენზია აქვს.

4. „მეზობლები“ (რეჟისორი ანდრე ტეშინე, საფრანგეთი)

ფრანგული კინოს კლასიკოსს „ბერლინალე“ ისევ არ სწყალობს. „მეზობლები“ , არ ვიცი უკვე, ტეშინეს მერამდენე ფილმია, რომელსაც არ რთავენ ფესტივალის კონკურსში. არადა, ეს ამბავი პოლიციელ ქალზე, რომელიც იძულებულია არჩევანი გააკეთოს ტერორისტებთან დაახლოებულ მეზობელსა და კანონის სამსახურს შორის, ნამდვილად დაამშვენებდა წლევანდელი „ბერლინალეს“ კონკურსს. და არა მარტო იმიტომ, რომ მთავარი გმირი იზაბელ იუპერის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო როლია (ერთგვარი ეტალონი კინომსახიობის ოსტატობისა)... ტეშინე, ტრადიციულად, ეთამაშება არაპოლიტკორექტულ თემებს, არ ერიდება ლიბერალური დემოკრატიის კრიზისის აღიარებას, თუმცა არც მარცხნივ იხრება და მით უმეტეს, არც მარჯვნივ. ანდრე ტეშინე არასდროს გვთავაზობს პოლიტიკურ რეცეპტებს და აქაც, „მეზობლებში“ ღიად ტოვებს პრობლემას.

81 წლის რეჟისორს, „ახალი ტალღის“ ფაქტობრივად ერთადერთ ცოცხალ წარმომადგენელს, სპეციფიკური მწარე იუმორი აქვს, რომელსაც თუკი იგრძნობთ, „მეზობლებს“ დიდი ინტერესით ნახავთ.

5. „არსად მისვლა“ (რეჟისორი ცაი მინლიანი, ტაივანი)

ფეხშიშველი ბუდისტი ბერი, წითელ მოსასხამში, ნელი, ძალიან ფრთხილი ნაბიჯით მიუყვება ვაშინგტონის ქუჩებს. პარალელურად ვაკვირდებით ახალგაზრდა კაცს, რომელიც იმავე მუზეუმში შედის, რომელსაც ბოლოს ბერიც ეწვევა. სულ ესაა.

ცაი მილიანი, როგორც ყოველთვის, სანახაობას ქმნის არაფრისგან, ავარჯიშებს ჩვენს თვალს და გვეხმარება „დავინახოთ უფრო მეტი“. თუკი არ დაიზარებთ და აჰყვებით, ტაივანელი ხულიგანი სიამოვნებას მოგანიჭებთ. ოღონდ ასეთ კინოს აუცილებლად დიდ ეკრანზე უნდა უყუროთ.

6. „პეპე“ (რეჟისორი ნელსონ სანტოს არიასი, დომინიკის რესპუბლიკა)

ლათინურ ამერიკაში მოკლული უკანასკნელი ბეჰემოთი, რომელსაც პეპე შეარქვეს, ისედაც ღარიბ მეთევზეებს მუდმივად ხიფათს უქმნიდა და მუშაობის საშუალებას არ აძლევდა. ამბავს მკვდარი პეპე გვიყვება - თითქმის სამი საათი! არც პეპე ამთავრებს თავის მონოლოგს და ვერც ფილმის რეჟისორი გამოირჩევა რიტმის გრძნობით, ეს პრეტენზიული ისტორია ოდესმე რომ დაასრულოს. მიუხედავად ამისა, „ბერლინალეს“ ჟიურიმ სწორედ „პეპე“ აღნიშნა პრიზით საუკეთესო რეჟისურისათვის და ასე გვიპასუხა ყველას, ვისაც გვჯერა, რომ კოლონიალიზმის და ბუნების დაცვის თემებით სპეკულაცია აზარალებს არა მარტო კინოს, არამედ თავად ამ პრობლემებს.

ზედაპირული ეგზოტიზაცია „პეპეში“ მშვენივრად მოერგო კონიუნქტურას. მერე რა, რომ საწყალი ბეჰემოთის ამბავი მოლოდინის მიუხედავად ოდნავაც კი ვერ გაუტოლდება, მაგალითად, საწყალი ვირის ცხოვრებას ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა წლებში გადაღებულ რობერ ბრესონის „ბალთაზარში“.

7. „ჰილდასგან, სიყვარულით“ (რეჟისორი ანდრეას დრეზენი)

ცოტა არ იყოს ძველმოდური ბიოგრაფიული ფილმი აღადგენს ანტინაცისტური მოძრაობის, „წითელი კაპელის“ წევრის, ჰილდა კოპის ცხოვრებას მეორე მსოფლიო ომის წლებში.

რაიმე მხატვრული ღირებულებით დრეზენის ფილმი არ გამოირჩევა, სერიალის სტილშია გადაღებული და მსახიობებიც (მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო ბევრი აქვთ) შეიძლება არ დაგამახსოვრდეთ. მაგრამ არ გამოტოვოთ, თუკი ჩემსავით გიყვართ ანტიფაშისტური კინო და ნაციზმის ეპოქასთან დღევანდელობის მსგავსებას არ უარყოფთ.

8. „სამზარეულო“ (რეჟისორი ალონსო რუისპალასიოსი, მექსიკა)

მექსიკელი რეჟისორი უყვართ ბერლინის ფესტივალზე - 2018 წელს მისი ფილმი „მუზეუმი“ აქ „ვერცხლის დათვით“ აღინიშნა. ამჯერად წარმატება არ განმეორდა.კრიტიკამ სამართლიანად დაიწუნა ეს სოციალური დრამა ტრილერის ელემენტებით. მოქმედება არ სცდება ნიუ-იორკის მაღალი კლასის რესტორნის სამზარეულოს, სადაც ძირითადად არალეგალურად მუშაობენ ემიგრანტები ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან.

ავტორის ამბიცია, უმწვავესი სოციალური პრობლემები, რასიზმის და კოლონიალიზმის თემები გახსნას სათავგადასავლო კინოს და ჰორორის სტილში, ხანდახან უბრალოდ სასაცილო ხდება. მით უმეტეს, რომ ირონიით თავად ფილმი დიდად არ გამორჩევა. „სამზარეულოში“ დაიკარგა ის „შავი იუმორი“, რომელიც ჰქონდა „მუზეუმს“ და მივიღეთ ჩვეულებრივი „რეალითი შოუ“ მანჰეტენიდან - ცუდი მსახიობებით, ფერადი და შავ-თეთრი კადრების გაუმართლებელი მონაცვლეობით.

9. „უცხო ენა“ (რეჟისორი კლერ ბიურგერი, საფრანგეთი-გერმანია)

ამ ფილმიდან მხოლოდ ერთი ფრაზა დამამახსოვრდა. გერმანელი გოგონა, ლენე, ლაიფციგის სკოლის უფროსკლასელი ამბობს: „მე ყველაფრის მეშინია. მეშინია გლობალური დათბობის, სიღარიბის, ჩვენი მემარჯვენეების, პუტინის“. ლენე ჯერ გერმანია-საფრანგეთის გაცვლითი პროგრამით გათვალისწინებულ სტუმარს, თავის თანატოლს, ფანის მასპინძლობს, შემდეგ კი თავად მიდის საფრანგეთში, სადაც ვიზიტის დღეებში „ყვითელი ჟილეტები“ აქტიურობენ.

თითქოს საინტერესო რაკურსია არჩეული - ევროპელი თინეიჯერების თვალით დანახული დღევანდელი ევროპა, გოგონების გართულებული ურთიერთობა მშობლებთან, პირველი სექსუალური გამოცდილება, ნარკოტიკები... მაინც არაფერი გრჩება ფილმიდან, რადგან ყველაფერი ჩაყრილია ერთ კოქტეილში, რომელსაც ეს „ზედმეტად ბევრი“ გემოს უკარგავს. ამიტომ გამახსოვრდება მხოლოდ ეს ერთი ფრაზა - პუტინზე...

10. „ვაჟიშვილები“ (რეჟისორი გუსტავ მიოლერი, დანია)

ციხის ზედამხედველი ქალი, ევა შოკშია - იმ ბლოკში, რომელშიც ის მსახურობს, მისი შვილის მკვლელი მოიყვანეს. ევა მოითხოვს ბლოკის შეცვლას, თუმცა შურისძიებაზე უარის თქმა მაინც უჭირს.

სათაურის მსგავსების მიუხედავად, ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ძმები დარდენების შედევრის ინტერპრეტაციას იხილავთ. პოეზიისთვის აქ ადგილი არ რჩება. ისევე, როგორც კინოსთვის.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG