Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავაზაკი ჯვარზე, ძაღლებთან ერთად


„დოგმენი“ (2023, საფრანგეთი, რეჟისორი ლუკ ბესონი)

ლუკ ბესონის ახალი ფილმით აღფრთოვანებული კრიტიკოსები რეცენზიას „დოგმენზე“ თითქმის ერთნაირად იწყებენ - „ბესონის თაყვანისმცემელი არ ვარ, მაგრამ „დოგმენი“ მშვენიერი გამოუვიდა“. თითქოს ბოდიშს იხდიან კოლეგებთან, რადგანაც „ნიკიტას“ და „ლეონის“ ავტორის ქება კინოინტელექტუალთა წრეებში დიდი ხანია ცუდ ტონად ითვლება. დაუმატეთ ამას ფრანგი რეჟისორის შელახული რეპუტაცია - ბრალდებები ქალების მიმართ სექსუალურ ძალადობაში, სასამართლო პროცესები, რომლებიც მართალია ბესონმა მოიგო („დოგმენის“ გადაღების წინ ბელგიელ მსახიობს სანდ ვან როის საფრანგეთის საკასაციო სასამართლომ საერთოდ უარი უთხრა სარჩელის განხილვაზე), მაგრამ მაინც ვერ გადაურჩა ფემინისტების საპროტესტო აქციებს ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც გასული წლის სექტემბერში „დოგმენის“ პრემიერა გაიმართა.

ბესონი ფილმის ფინალურ ტიტრებში მადლობას უხდის მატეო გარონეს, რომელმაც მისცა უფლება გამოეყენებინა თავისი შესანიშნავი ფილმის სათაური („დოგმენი“), თუმცა ბესონი ამბობს, რომ მაინც ვერ წარმოიდგენდა, თუ „საუკეთესო იტალიელი რეჟისორის ფილმი“ (მისი სიტყვებია) „დოგმენის“ კონკურენტი გახდებოდა ვენეციის ფესტივალზე. გარონეს „მე, კაპიტანი“ ვენეციის ჟიურიმ „ვერცხლის ლომით“ აღნიშნა, „დოგმენი“ კი საერთოდ არ შეიმჩნია. მეტიც, პრიზის გარეშე დატოვა მთავარი როლის შემსრულებელი, 34 წლის კალებ ლენდრი-ჯონსი, რომელსაც ბესონის მთელი ფილმი მხრებზე აწევს და უკანასკნელ კადრამდე უძლებს ამ სიმძიმეს.

ფესტივალის დასრულებიდან ერთ თვეში „დოგმენი“ საფრანგეთის ეკრანებზე გამოვიდა. როგორც მოსალოდნელი იყო, კრიტიკოსებმა ბესონის წინააღმდეგ თითქმის სრული მობილიზაცია გამოაცხადეს. ყველაზე ავტორიტეტული გამოცემები წერდნენ, რომ ფილმი გადაღებულია ძაღლების მოყვარულებისთვის და არა კინოს მოყვარულებისთვის, რომ რელიგიური თემების შემოტანა აუბრალოებს სათქმელს, და, რაც მთავარია, მიუღებლად მიიჩნევდნენ აღსარებით ინტონაციას, რომელიც სავარაუდოდ სექსუალურ ძალადობაში დაუმტკიცებელ ბრალდებებს უკავშირდება. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, მაყურებლის ემოციებით ჟონგლიორობა ცოტა არ იყოს შურისძიებას ჰგავს ავტორის მხრიდან. „აი, ხომ შეგეცოდათ ჩემი გმირი. მე რატომ არ შემიცოდეთ?“. მედიის ასეთმა ერთსულოვნებამ მაყურებლის განწყობაზეც იმოქმედა - ლუკ ბესონის მეთორმეტე სრულმეტრაჟიანი ფილმი ჩავარდა საფრანგეთის კინოგაქირავებაში. თუმცა რამდენიმე თვეში ჯერ იტალიის, შემდეგ გერმანიის „სალაროს“ ლიდერი გახდა. გაზაფხულზე „დოგმენი“ ამერიკის ეკრანებზე უნდა უჩვენონ. არაა გამორიცხული, მომავალი წლის „ოსკარის“ ნომინანტებს შორისაც ვიხილოთ. ფილმი თუ არა, კალებ ლენდრი-ჯონსი - აუცილებლად!

ბესონის კინო მუდმივად ჰგავდა გადატვირთულ ნავს, რომელიც ზომიერების დარღვევის გამო, ბოლოს აუცილებლად იძირებოდა. მაგრამ „დოგმენი“ ის შემთხვევაა, როცა მსახიობი იქცა მაშველ რგოლად მთელი ფილმისთვის. მან გადაფარა ფილმის ყველა ნაკლი - განგსტერების კარიკატურული სახეები, არათანაბარი დრამატურგია და თვით ფინალური სცენის პროზელიტიზმი - შესაძლებელია ერთადერთი ყალბი ბგერა მთელ ფილმში.

ლუკ ბესონი ამბობს, რომ ფილმის გადაღების იდეა დაებადა მას შემდეგ, რაც გაეცნო ერთ საგაზეთო პუბლიკაციას ცოლ-ქმარზე, რომლებმაც თავიანთი 5 წლის შვილი გალიაში ჩასვეს. პოლიციამ მალევე გაანთავისუფლა ბავშვი და მშობლები დააპატიმრა. მაგრამ ბესონმა ნამდვილი ამბის განვითარება სრულიად შეცვალა. „დოგმენში“ მამა არა მარტო ძაღლების გალიაში გამოამწყვდევს შვილს, არამედ სამუდამოდ მიაჯაჭვებს ინვალიდის სავარძელს. მამები უკლავენ შვილებს მომავალს. ლუკ ბესონი კი გვიამბობს ისტორიას შვილზე, დუგლასზე, რომლის მთელი ცხოვრება სავსე იქნება სიძულვილით, მაგრამ, მიუხედავად ჯოჯოხეთისა, რომელიც უნარშეზღუდულმა შვილმა გაიარა, სწორედ ძაღლების სიყვარულის დახმარებით ის გარიყული ადამიანების დამცველად მოგვევლინება.

„დოგმენს“ ლეიტმოტივად გასდევს ალფონს დე ლამარტინის ცნობილი ფრაზა - „იქ, სადაც ადამიანი უბედურია, უფალი ძაღლებს აგზავნის“. ფრანგი რომანტიკოსის ეს სიტყვები მუდმივად ცოცხლდება ბესონის ფილმში. თუმცა „დოგმენში“ იქმნება არამარტო ფრანგული ლიტერატურის ასოციაციები. თავის ამ სასტიკ ზღაპარში (სხვათა შორის, „მეორე დოგმენის“ ავტორის, მატეო გარონეს საყვარელ ჟანრში) ბესონი ქმნის დიდებულ კულტურულ კოქტეილს, ერთმანეთში ურევს მაუგლის ამბავს, დიკენსის „აღზრდის რომანებს“... და, ცხადია, ციტირებს საყვარელ ფილმებს, რომელთაგანაც მე პირადად „კრავთა დუმილი“, „ბეტმენი“, დისნეის ანიმაცია, „101 დალმატინელი“ გამახსენდა. ცხადია, „ჯოკერიც“, რომლის პლაგიატად მიიჩნევენ „დოგმენი“ ლუკ ბესონის დაუძინებელი მტრები. კი, ამ ორ ფილმს ბევრი რამ აერთიანებს, თუმცა, ვფიქრობ, განსხვავებაც აშკარაა. „ჯოკერი“ კომიქსია, „დოგმენი“ - ფანტასტიკური ტრილერი. უსამართლობასთან ბრძოლაში ტოდ ფილიპსის ჯოკერი გმირი ხდება, ლუკ ბესონის დუგლასი მარტო აგრძელებს „რობინჰუდობას“, თავის 40 ძაღლთან ერთად... უფრო სწორად, სრულიად მარტო, თავისი ფეხით ადის გოლგოთაზე. ცხოვრების რაღაც ეტაპზე თავშესაფარს მიაგნებს ტრანსების კაბარეში, სადაც ედიტ პიაფს და მარლენ დიტრიხს მღერის. მაგრამ ეს თავშესაფარიც და მერლინ მონროს იმიჯიც, რომლითაც დასრულდება მისი თავისუფლების ბოლო დღე, უფრო სასოწარკვეთილი მცდელობა იქნება წარმოიდგინოს თავი სხვა ადამიანად. თუნდაც ქალად. თვითონაც ხომ ამბობს, რეალურმა სამყარომ ზურგი შემაქცია და იძულებული გავხდი, წარმოდგენებში მეცხოვრაო.

„რატომ მომიყევით ეს ყველაფერი?“ - ეკითხება დუგლასს ციხის ფსიქიატრი. „იმიტომ, რომ მე და თქვენ ტკივილი გვაერთიანებს“, - დაუფიქრებლად პასუხობს დოგმენი. ტკივილი ამ ფილმის მთავარი თემაა - ფიზიკური ტკივილი, წამება, (რომელიც არ ვიცი, მხოლოდ დიდი მსახიობის დამსახურებაა თუ ბესონის რეჟისურის), მუდმივად გადადის სინაზეში, როგორც სისასტიკე გულუბრყვილობაში, ზიზღი სიყვარულში. ყველაფერი ეხმარება ავტორს, მიაღწიოს მაყურებლის გაორებულ განცდებს - კალიბრირებული გამოსახულება, რომელიც თითქმის ყველა კადრს ერთდროულად კონკრეტულს და ფანტასტიკურს ხდის, ერიკ სერას შესანიშნავი საუნდტრეკი და ცხადია, იუმორი - ისე შეზავებული დრამასთან, რომ ფილმის ბოლომდე „იჭერს“ რიტმს და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შევყავართ იმ პერსონაჟის ტყავში, ჩვეულებრივ ცხოვრებაში არანაირად რომ არ დაიმსახურებდა ჩვენს თანაგრძნობას.

ჰოდა, მეტი რა არის დიდი ხელოვნება? მეტი რა არის ჰუმანიზმი, თუ არა ბავშვების, ცხოველების, გარიყულების დაცვა ადამიანური სისასტიკისგან? უფრო სწორად, მორალის სახელით გამოხატული ადამიანური სისასტიკისგან?

ერთ ინტერვიუში კალებ ლენდრი-ჯონსი ამტკიცებს, რომ ეპიზოდში, როცა მისი გმირი „რომეო და ჯულიეტას“ კითხულობს, ძაღლები მართლაც გაფაციცებით უსმენდნენ. დარწმუნებული ვარ, არ აჭარბებს. და არა მარტო იმიტომ, რომ შექსპირს კარგად კითხულობს (და რომ შექსპირის თეატრის დონის მსახიობია)... კალებს სჯერა, რომ ძაღლები უსმენდნენ! მისი მგრძნობიარობა, ნიუანსების დანახვის უნარი ყველაზე კარგად ჩანს ეპიზოდებში, როცა სარკესთან ზის და მაკიაჟს იკეთებს. დააკვირდით, როგორ ჩააცქერდება თავის სახეს, როგორ ცდილობს ამოიცნოს იმ ჯოჯოხეთის საიდუმლო, რომელმაც მისი გმირი ავაზაკად აქცია. დოგმენი ხედავს, როგორ უსმენენ ძაღლები შექსპირს და ისიც იცის, რომ ჩვენ მისი სიტყვების არ გვჯერა. როგორც არ უნდა თანავუგრძნოთ ავაზაკს კინოში, რეალობაში მაინც გავექცევით მას, შეგვეშინდება. ასეთი დოგმენები ქუჩის უპატრონო ძაღლებივით მოკვდებიან. ჩაძაღლდებიან. მამები კი კვლავ დახოცავენ თავიანთ ცოლებს და შვილებს.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG