Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირაში საქართველოს ყურადღება აშშ-ისკენ იყო მიმართული


გაეროს გენერალური ასამბლეა
გაეროს გენერალური ასამბლეა
გასულ კვირაში საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრეზიდენტ სააკაშვილის მეთაურობით, შეერთებულ შტატებში მართავდა შეხვედრებს. იყო მნიშვნელოვანი ოფიციალური და არაოფიციალური შეხვედრები და იყო პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე. გასულ კვირაში საქართველოს ყურადღება შეერთებული შტატებისკენ იყო მიმართული.

ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლამდე იყო შეხვედრები შეერთებული შტატების ადმინისტრაციის სხვადასხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის - სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან. საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთი წევრის, სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილის თქმით, ამ და სხვა შეხვედრებზე საქართველოსთვის ასე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების საკითხი ფართო გეოპოლიტიკურ ჭრილში განიხილებოდა:
”განხილვის თემა განყენებულად საქართველო არ არის. საქართველო არის ლაკმუსის ქაღალდი, სერიოზული ფონი, როცა რუსეთი ცდილობს სათავისოდ გაიგოს ამერიკის უარი აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსებაზე და მსჯელობა მიდის იმის თაობაზე, გადის ევროპიდან თუ არა, ან რა ფორმით რჩება. საქართველოს საკითხი უფრო გლობალურ კონტექსტში განიხილება, ვიდრე განყენებულად. ”

აი, რა უთხრა კონკრეტულად საქართველოს პრეზიდენტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, როცა საუბარი სარაკეტო თავდაცვასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ახალ ხედვას შეეხო:

” ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამგვარი მიდგომა ბევრად უფრო ეფექტურია. ის მოიცავს საქართველოს და კავკასიას და არის მკაფიო გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა დაიცვას მთელი ევროპა მომდევნო წლების განმავლობაში.”
ეს მიდგომა ( ვგულისხმობ შეერთებული შტატების მხრიდან ხელის აღებას ანტისარაკეტო სისტემების აღმოსავლეთ ევროპაში განთავსების გეგმაზე) რუსეთში -და, პირველ რიგში, რუსეთის ხელისუფლებაში - რუსეთის მიმართ დათმობად აღიქვეს. მაგრამ ასეთ აღქმას თვით ამერიკის შერთებული შტატების პრეზიდენტმა უწოდა პარანოიკული. მოსაზრებებს ანტისარაკეტო სისტემის ძველ გეგმაზე ნათქვამ უართან დაკავშირებით იმიტომ ვიხსენებ, რომ ამ უმნიშვნელოვანეს სიახლეს მოჰყვა საქართველოს დელეგაციის ვიზიტი შტატებში. საქართველოში კი, საიდანაც იმედის თვალი დიდი მოკავშირისკენაა მიპყრობილი, ადამიანებს გაუძლიერდათ იმის შიში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის აწყობაზე ორიენტირებული პოლიტიკა ხომ არ შეიცავს რისკებს საქართველოსთვის; დიდ მოთამაშეებს შორის ხომ არ არის დასაშვები ვაჭრობა ან გარიგება საქართველოს ბედით. ამ შიშთან დაკავშირებით თავისი შეხედულების გამოთქმა რადიო თავისუფლების ანალიტიკოსს ბრაიან ვიტმორს ვთხოვე.

”არა, არა, ამერიკის შეერთებული შტატები არ ივაჭრებს საქართველოს საკითხით.მე 100 პროცენტჲთ ვერ ვილაპარაკებ, რადგან არ ვარ ჩინოვნიკი - ჟურნალისტი ვარ, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს არ მოხდება. არ ვიცი რამდენჯერ უნდა თქვას ობამამ ან ბაიდენმა, რომ ჩვენ არ ვცნობთ გავლენის სფეროებს არსად, რადგან გავლენის სფეროების დრო წავიდა; არ ვიცი, რამდენჯერ უნდა ითქვას ეს, რომ ადამიანებმა სერიოზულად მიიღონ. ”

რადიო თავისუფლების ამერიკელი ანალიტიკოსის აზრით, ანტისარაკეტო სისტემის აღმოსავლეთ ევროპაში განთავსების გეგმაზე უარით ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ უარი თქვა გეგმაზე, რომელიც კონტინენტებს შორის საფრთხის განეიტრალებაზე იყო ორიენტირებული. ”ასეთი საფრთხის შექმნისთვის ირანს ტექნოლოგიები ჯერ არა აქვს. შესაბამისად, არჩევანი კეთდება სისტემაზე, რომელიც ევროპაში დაიცავს ამერიკის პარტნიორებსო”, - ამბობს ის. მაგრამ სად განხორციელდება ეს ახალი გეგმა და მისი განხორციელება აისახება თუ არა რამენაირად კავკასიის და, შესაბამისად, საქართველოს უსაფრთხოებაზე? როგორც ცნობილია, პენტაგონის წარმომადგენლებმა ანტისარაკეტო სისტემების გეგმაში შესატან ცვლილებებზე საუბრისას კავკასია ახსენეს.

” ამან შეიძლება იმოქმედოს საერთო გეოპოლიტიკურ ატმოსფეროზე. თეორიებით ვმსჯელობ: თუ რუსეთი დათანხმდება შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას რადარების კავკასიაში განთავსებასთან დაკავშირებით, ეს შეცვლის მთელ გეოპოლიტიკურ ატმოსფეროს. ამ თვალსაზრისით შეიძლება თქმა, რომ ეს ყველაფერი განამტკიცებს რეგიონში უსაფრთხოებას. მარჩიელობა ძნელია. არსებითად ლოგიკური იქნება არჩევანი აზერბაიჯანზე გაკეთდეს ”, -ფიქრობს რადიო თავისუფლების ანალიტიკოსი ბრაიან ვიტმორი.

როგორც შეერთებულ შტატებში გასულ კვირაში მიმდინარე შეხვედრებისას რადიო თავისუფლებას სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა უთხრა, შეხვედრებზე საქართველოს უსაფრთხოების საკითხი არა განყენებულად, არამედ საერთო გეოპოლიტიკურ ჭრილში განიხილებოდა.ჰილარი კლინტონმა კი, ვიმეორებ, თქვა, რომ შეერთებული შტატები მზადაა დაიცვას მთელი ევროპა მომავალ წლებში და დაცვასთან დაკავშირებით მისი ახალი მიდგომა საქართველოს და მთელ კავკასიას მოიცავს. ამასთან, ჰილარი კლინტონმა გასულ კვირაში კიდევ ერთხელ ხაზგასმით თქვა, რომ ამერიკა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს და გააგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობას იმისთვის, რომ არც მათ აღიარონ. ჰილარი კლინტონმა აღნიშნა ისიც, რომ ამერიკის სურვილია რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რაც შეიძლება მალე დატოვონ საქართველოს ტერიტორია, მაგრამ, კლინტონისვე თქმით, ” წინსვლის საუკეთესო გზა იქნება სტრატეგიული მოთმინება, რომლის დროსაც საქართველო თავს წარმოაჩენს მიმზიდველ, ძლიერი დემოკრატიის ქვეყნად.”

პოლიტიკური რისკების მკვლევარს ბაკურ კვაშილავას პრეზიდენტის გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლამ შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი სწორედ კლინტონის ამ მოწოდებას გამოეხმაურა:

”სააკაშვილმა ახსენა სტრატეგიული მოთმინება ირიბად და თქვა, რომ ეს მოთმინება არ უნდა იყოს პასიური. რომ ეს მოთმინება იქნება ისეთი მიმართულება, რომელიც გვაიძულებს აგრესიულად განვაცხადოთ იმ უკანონობების შესახებ, რომელიც საქართველოში მოხდა. ”

ეს იყო გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რომელსაც წინ უძღოდა, ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების, მეორე მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლა. ბარაკ ობამამ ისაუბრა გლობალურ გამოწვევებზე, მოუგვარებელ კონფლიქტებზეც. მართალია, თავის გამოსვლაში არ ახსენა საქართველო, მაგრამ მკაფიოდ თქვა, რომ 21-ე საუკუნეში დიდი ერები მცირე ერებზე არ უნდა ბატონობდნენ, ტირანიას და ძალმომრეობას ცივილიზებული სამყარო წინ უნდა აღუდგეს.
”იმას, რომ ობამას თავის გამოსვლაში საქართველო არ უხსენებია, ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. მე ამას ყურადღებას არ მივაქცევდი. საქართველო მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, მაგრამ საქართველოს საკითხი არ არის პირველი რიგის საკითხი. ობამამ პირველი რიგის საკითხები ჩამოთვალა... მაგრამ საქართველო შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია, რის შესახებაც თბილისში ყოფნისას ამდენი ილაპარაკა ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა”, - ამბობს რადიო თავისუფლების ანალიტიკოსი ბრაიან ვიტმორი.

”ვაკვირდებით რა დღევანდელ ევროპას, ჩვენთვის სრულიად აშკარა ხდება, რომ ისტორია არ დასრულებულა და ის ჯერაც ტრაგიკული რჩება. ნახევარი კონტინენტის ემანსიპაციიდან 20 წელი გავიდა, ევროპაში კი ახალი ბერლინის კედელი შენდება - ამჯერად საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე” - ეს იყო ამონარიდი მიმართვიდან, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და რომლის ავტორებმაც მოუწოდეს ევროპელ ლიდერებს და მათ მოკავშირეებს, ახსოვდეთ უახლოესი წარსულის გაკვეთილები, ახსოვდეთ, რომ დიდი სახელმწიფო ყოველთვის გამონახავს და შექმნის საბაბს იმისთვის, რომ შეიჭრას მეზობელ ქვეყანაში, რომლის დამოუკიდებლობაც მას არ მოსწონს - როგორც გააკეთა ეს 1939 წელს პოლონეთში, 1940-ში - ფინეთში; რომ კრიტიკული საკითხი იმის დადგენაა, რომელი ქვეყანა შეიჭრა რომელში და არა ის, თუ რომელმა ჯარისკაცმა გაისროლა პირველი ტყვია. მიმართვის ავტორებმა დასავლელ ლიდერებს მოუწოდეს, ახსოვდეთ საქართველო და მკაფიო სიგნალი გაუგზავნონ რუსეთს იმის გამო, რასაც ის საქართველოში სჩადის. ეს ავტორები არიან: ვაცლავ ჰაველი, ვალდას ადამკუსი, მარტ ლაარი, ვიტაუტას ლანდსბერგისი და სხვები და სხვები. ამ ავტორიტეტული პირების მიმართვაში დასმული აქცენტები გამეორდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლაშიც :

”მინდა გარკვევით ვთქვა, რომ საქართველოს ხალხი ვერ და არ შეეგუება ახალ გამყოფ ხაზს ჩვენს ქვეყანაში. ეს უცვლელი ვალდებულებაა.”

ევროპაში კედელი, ბერლინის კედელი, 20 წლის წინ დაინგრა და დღეს, 21-ე საუკუნეში, აშენდა ახალი ბერლინის კედელი საქართველოში, - სააკაშვილმა ეს გაეროს ტრიბუნიდან თქვა და თქვა ისიც, რომ არ ელის ამ კედლის მალე დანგრევას; ესმის, რომ მოთმინებაა საჭირო, მაგრამ ეს მოთმინება პასიური არ უნდა იყოს. საქართველოს პრეზიდენტის მოხსენებაში ხაზი გაესვა, რომ საქართველომ რუსეთის აგრესიას დაუპირისპირა ”დემოკრატიის ახალი ტალღა” და ისევ ამ იარაღით აგრძელებს და გააგრძელებს ბრძოლას. სააკაშვილმა ჩამოთვალა ის, რაც, მისი აზრით, ასახავს დემოკრატიის ახალი ტალღის მიმდინარეობას: ის, რომ ოპოზიციას მიეცა საშუალება მთელი სამი თვე ჩაეტარებინა ქუჩის აქციები, დედაქალაქის მთავარი გამზირის გადაკეტვით; ის, რომ თბილისის მერი პირდაპირი წესით უნდა იქნეს არჩეული; ისიც, რომ ოპოზიციურ არხებს მიეცათ მთელ ქვეყანაზე მაუწყებლობის ლიცენზია, რომ მოსამართლეზე ჩინოვნიკის ზეწოლა დაისჯება და ასე შემდეგ...

ჩამონათვალის ”ახალ ტალღად” წარმოჩენის გამო საქართველოს პრეზიდენტი სამშობლოში გააკრიტიკეს. ზოგიერთმა ოპონენტმა მას საქართველოში გავლებული საზღვრის ბერლინის კედელთან შედარება დაუწუნა - ითქვა, ამ შედარებაზე ევროპელებს გაეღიმებოდათო; კრიტიკის საგანი გახდა პრეზიდენტის მოხსენებაში რუსეთისთვის ჩეჩნეთის გახსენებაც. ერთ-ერთმა ექსპერტმა აღნიშნა, რუსეთს ახლა ყველა ეფერება და ასეთი თემების წამოწევა არ შეიძლებაო.

მანამდე, სანამ განხილვის თემა გახდებოდა გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლები, საქართველოში ერთ-ერთ ოკუპირებულ რეგიონთან, სოფელ დვანთან, სერიოზული აფეთქება მოხდა. ქართველი პოლიციელები სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ. ცოტა უფრო ადრე გერმანულმა გაზეთმა ”შპიგელმა” გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორიც ირწმუნებოდა, რომ საერთაშორისო საგამოძიებო კომისია თავის დასკვნაში, რომელიც მალე გამოქვეყნდება, აგვისტოს ომის დაწყებაში ცალსახად საქართველოს ადანაშაულებს. მაგრამ ბრიუსელში აკრედიტებულმა დიპლომატებმა უარყვეს გაჟონილი ინფორმაცია. ინფორმირებული წყაროების თანახმად, ”შპიგელში” გაჟონილი ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ანგარიში ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, მასში ჯერ კიდევ შედის შესწორებები, გათვალისწინებული იქნა დიდძალი ახალი მასალა- განსაკუთრებით საქართველოს მხრიდან მიღებული, რის შესახებაც გასულ კვირაში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბრიუსელში აჰტო ლობიაკასი იტყობინებოდა.

27 სექტემბერი კი სოხუმის დაცემის დღეა. 16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მოუწიათ უკანდახევა საქართველოს იმ ნაწილიდან, რომლის გაკონტროლებაც მაშინ რუსეთმა გადაწყვიტა.
XS
SM
MD
LG