Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


სისტემა მოქმედებს

სირიის კონფლიქტი კვლავ წამყვანი თემაა აშშ-ისა და დასავლეთის მედიაში, თუმცა ამჯერად მიმოხილვას დავიწყებთ „ტაიმსში“ გამოქვეყნებული ცნობილი ანალიტიკოსისა და რუსეთის ექსპერტის ედვარდ ლუკასის სტატიით, რომელშიც პუბლიკაციის ავტორი ცდილობს ახსნას, თუ რატომ წალეკა დასავლეთის მედიასივრცე რუსეთის პროპაგანდამ და რატომ ვერ უპირისპირდება ეფექტიანად დასავლეთი რუსეთის მძლავრ პროპაგანდას.

„მაშინ როცა თავად შორს არის დასავლეთის ჟურნალისტების მონიტორინგისგან, კრემლის ტყუილი და პროპაგანდა ჩვენს მედიას ბიზნესის პრობლემების მოგვარებაში ეხმარება. გაზეთები უხვად ბეჭდავენ კრემლის მიერ შედგენილ და დაფინანსებულ სარეკლამო ხასიათის ინფორმაციებს. ვებსაიტებს აღაფრთოვანებს პუბლიკაციები, რომელთაც თან ერთვის მრავალი კომენტარი, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობის ავტორები არიან, სავარაუდოდ, ე.წ. „ტროლები“ - ადამიანები, რომლებიც კრემლის არგუმენტების ინტერნეტში გასახმოვანებლად ანაზღაურებას იღებენ. რუსეთის ე.წ. „მოლაპარაკე თავები“, რომლებიც საკუთარ თავს „ჟურნალისტებს“ უწოდებენ, კრემლს ეხმარებიან შეავსონ საეთერო დრო რადიო და ტელეთოქშოუებით, ჩვენს რედაქტორებსა და ჟურნალისტებს კი ასწავლეს, რომ სინდისიერად მოეკიდონ ფაქტებს. ცენზურა დაუშვებელია. კრიტიკოსები და კრიტიკის ობიექტები თანაბარი უფლებით უნდა სარგებლობდნენ. მაგრამ რუსეთი ხედავს ჩვენს სისუსტეს და იყენებს ამას“, - წერს ედვარდ ლუკასი და დაგვიანებულად და ფულის ფუჭ ხარჯვად მიიჩნევს რუსეთის საზოგადოებაზე გათვლილი დასავლური სატელევიზიო თუ ბეჭდური მედიაპროექტების შექმნას, როგორიცაა ნატოს მიერ ლატვიაში დაფუძნებული „სტრატეგიული კომუნიკაციების“ ცენტრი თუ ევროკავშირის დაფინანსებით ახლახან ამოქმედებული ბრწყინვალე დაიჯესტი რუსულ ენაზე. ედვარდ ლუკაშს უფრო ნაყოფიერად სხვა ტექნიკის გამოყენება მიაჩნია. “სატირა მთლიანად გაქრა რუსეთის ტელეარხებიდან. ჩვენ უნდა დავიქირაოთ მახვილგონიერი სატირიკოსები, რომლებიც კრემლის თემაზე იუმორისტულ გადაცემას შექმნიან, და შემდეგ ეს შოუ უნდა ავტვირთოთ იუტუბზე. კიდევ უფრო მეტად ამბიციური იქნებოდა „ვესტ ვინგის“ (ცნობილი სატირული სერიალის) რუსული ვერსიის შექმნა, კრემლის დეკორაციის გამოყენებით. ბატონ პუტინს სატირისა უფრო მეტად ეშინია, ვიდრე კრიტიკის“, - წერს ედვარდ ლუკასი.

ახლა კი სირიას მივაშურებთ. მაშინ როცა ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების უმრავლესობა კვლავ აკრიტიკებს ვაშინგტონის ზედმეტად ფრთხილ პოლიტიკას, სირიის კონფლიქტის მოგვარების პროცესში ინიციატივის ხელიდან გაშვებისა და რუსეთის მზარდი სამხედრო ჩარევის ფონზე, ცნობილი პუბლიცისტი და ტელეწამყვანი ფარიდ ზაქარია მიიჩნევს, რომ ბარაკ ობამამ არაფრით არ უნდა დაუშვას სამხედრო ძალის ეტაპობრივი ზრდა სირიაში, რაც ამერიკის პოლიტიკურ ლექსიკონში ე.წ. ინკრემენტალიზმით არის ცნობილი და რასაც, ფარიდ ზაქარიას თქმით, ვიეტნამის ომიდან მოყოლებული, საერთაშორისო ინტერვენციის არც ერთ ეტაპზე ვაშინგტონისათვის წარმატება არ მოუტანია.

„ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული პუბლიკაციის ავტორს მოჰყავს მეტად ნიშანდობლივი ციტატა ლესლი გელბისა და რიჩარდ ბეთის წიგნიდან „ვიეტნამის ომის ირონის სისტემა მოქმედებს“, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ რეალურად როგორ მოქმედებდნენ კენედისა და ჯონსონის ადმინისტრაციები: „ყოველთვის, როდესაც ესკალაციის ჭანჭიკებს უფრო და უფრო უჭერდნენ, კენედის და ჯონსონს არ სჯეროდათ, რომ სამხედრო ძალების გაზრდა, კლასიკური გაგებით, მტრების საბოლოო განადგურებით და გამარჯვებით დასრულდებოდა. ერთადერთი, მათ იმედი ჰქონდათ, რომ ბედი გაუღიმებდათ, მაგრამ ასე არ მოხდა. ორივე ადმინისტრაცია სულ უფრო მეტად ებმებოდა ესკალაციაში, რადგან სჯეროდათ, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინათ. ამიტომ იყო, რომ თუ 1960 წელს სამხრეთ ვიეტნამში ვაშინგტონი ჩაება სულ რამდენიმე ასეული მრჩევლით, 1968 წლისთვის აშშ-ს ვიეტნამში უკვე ნახევარი მილიონი ჯარი ჰყავდა“, - წერს ფარიდ ზაქარია და იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტობის ბოლომდე ბარაკ ობამა არ ეცდება გაზარდოს მცირერიცხოვანი და ლიმიტირებული სამხედრო მისია სირიაში, რაც სტრატეგიული თვალსაზრისითაც გაუმართლებელი იქნება და პოლიტიკურადაც, რადგან თავის მემკვიდრეს ისეთსავე „საშინელ დილემას“ დაუტოვებს, როგორიც კენედის ადმინისტრაციამ ლინდონ ჯონსონის ადმინისტრაციას დაუტოვა.

ბრიტანეთში გამომავალი „ფაინენშელ ტაიმსის“ თემა კი სირიის კონფლიქტში უკვე რუსეთის როლს შეეხება. კონსერვატიული ყაიდის გამოცემის სარედაქციო სტატიის აზრით, თუ დადასტურდა ექსტრემისტების ნაღმით რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება, მაშინ პუტინის სამხედრო სტრატეგია სირიაში ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საგანგაშო საბრძოლო მდგომარეობაში აღმოჩნდება. „ირონია ისაა, რომ პუტინი იძულებული გახდება დაიწყოს იმის კეთება, რაც მას ერთი თვის წინ უნდა დაეწყო: პირდაპირ შეუტიოს სირიაში მოქმედ ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“. ერთთვიანი ინტერვენციის დროს განხორციელებული 1000-ზე მეტი საავიაციო იერიშიდან, რუსეთის რაკეტების 90 % ჩაცვივდა არეალში, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ არსებობის შესახებ ცოტა რამ თუ იყო ცნობილი. რუსეთის რაკეტების სამიზნეს მეტწილად ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ მებრძოლი, აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ზომიერი ოპოზიციური ჯგუფები წარმოადგენდა. შესაბამისად, „ისლამურ სახელმწიფოზე“ ზეწოლის გაძლიერება რუსეთის სამხედრო ავიაციას დააახლოებს აშშ-ის ლიდერობით მოქმედ კოალიციასთან“, - წერს „ფაინენშელ თაიმსი“.

თურქეთში გამომავალი ლიბერალური გამოცემა „ჰურიეთი“ კი თურქეთში ჩატარებულ ამასწინანდელ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, კერძოდ, „ქურთ მუშათა პარტიის“ მიერ ერთთვიანი ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე უარის თქმასა და 1 ნოემბრის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გადასინჯვის გადაწყვეტილებას ეხმაურება, თუმცა ამ შედეგისათვის, გამოცემის თანახმად, პასუხისმგებლობა თავად PKK-საც ეკისრება: „თითქოს PKK-ს ქმედებების ბრალი არ იყოს იმ 1 მილიონი ხმის დაკარგვა, რაც 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო ქურთების „სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ“; თითქოს PKK - არ ყოფილიყო ის ძალა, რომელმაც თავად მიაყენა დარტყმა 7 ნოემბრის არჩევნების შედეგებს იარაღით, ტერორითა და ძალადობით... იგი აცხადებს, რომ 1 ნოემბრის არჩევნები - ეს არის პოლიტიკური შეთქმულება, საარჩევნო ყუთების კონფისკაცია და ძალაუფლების ხელში ჩაგდება. PKK-ს განზრახული აქვს ზაფხულის მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა თურქეთის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“ და პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს დააკისროს. თუმცა თავად PKK, რომელსაც იოტისოდენა თვითკრიტიკის უნარი არ გააჩნია, არც აპირებს პატიოსანი ანგარიში ჩააბაროს საკუთარ ამომრჩეველს“, - წერს „ჰურიეთი“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG