Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტი აგრძელებს „საქართველოს მთავრობისთვის მოწოდებას", რათა მან დაიცვას კანონის უზენაესობა


საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ გამოტანილ სასამართლო განაჩენს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. დეპარტამენტის სპიკერმა ჯენ საკიმ 23 ოქტომბრის პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს „საქართველოს მთავრობისთვის“ მოწოდებას, რათა მან დაიცვას კანონის უზენაესობა და თავისუფალი სასამართლოს პრინციპი, გამჭვირვალედ წარმართოს გამოძიება და თავიდან აიცილოს იმის აღქმაც კი, რომ სასამართლოს პოლიტიკური დევნისთვის იყენებს. ჯენ საკიმ დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აგრძელებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას, რაც პოლიტიკური პლურალიზმის პატივისცემასა და ღია დებატებს გულისხმობს. მან აღნიშნა, რომ წარსულში ამერიკულმა მხარემ გამოთქვა გარკვეული შეშფოთება რამდენიმე საქმის აღსრულებასთან დაკავშირებით და ეს შეშფოთება კვლავ რჩება.

საკიმ, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩანა ახალაიას 22 ოქტომბრის სასამართლო განაჩენთან დაკავშირებით თქვა, რომ ყველა საქმე ინდივიდუალურია და არ სურს კონკრეტულ განაჩენზე საუბარი, თუმცა ზოგადი შეფასება ისაა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გამოხატა შეშფოთება.

22 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ახალაიას შვიდი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი გამოცხადდა ორ სხვადასხვა საქმეზე, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემაში მისი ხელმძღვანელობის პერიოდს უკავშირდება. სასამართლომ ახალაია დამნაშავედ ცნო წამების საქმეზე, რომელიც 2006 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ახალაიას ხელმძღვანელობისას, ექვსი პატიმრის არაადამიანურ მოპყრობას უკავშირდება.

მეორე საქმე, რომელზეც მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, ახალაიას მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას უკავშირდება. სასამართლომ ახალაია სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებული შსს-ს ოთხი ყოფილი თანამშრომლისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნაში ცნო დამნაშავედ.

XS
SM
MD
LG