Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანის ვიზიტი ვაშინგტონში


თეა წულუკიანი ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში, ვაშინგტონი, 29 სექტემბერი, 2014
თეა წულუკიანი ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში, ვაშინგტონი, 29 სექტემბერი, 2014

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვაშინგტონში ვიზიტს აგრძელებს. ის ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა კარნეგის მშვიდობის ფონდისა და ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით, ამ უკანასკნელის შტაბ-ბინაში გაიმართა. ქართველი მინისტრის მოხსენება მის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებს, კერძოდ აშშ-ში ბოლო ვიზიტის შემდეგ მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებს მიეძღვნა.

დისკუსიას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტი კენეტ ვოლაკი, კარნეგის ფონდის ექსპერტი თომას დე ვაალი და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელი ლორა ჯუიტი უძღვებოდნენ. ვოლაკმა აუდიტორიასა და მინისტრს შეახსენა, რომ რჩევები და რეკომენდაციები, რომელთაც მასპინძელი ორგანიზაციები იძლევიან, მხოლოდ მეგობრული ხასიათისაა.

დისკუსიისას მინისტრმა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა იმ ამერიკელ სენატორებს, რომლებმაც „უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი კანონპროექტი“ დაამტკიცეს. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ზედიზედ სამი წარმატებული არჩევნების ჩატარება საქართველოს ბევრად უფრო განვითარებული დემოკრატიის ქვეყნად წარმოაჩენს. წულუკიანმა ისაუბრა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის მნიშვნელობაზეც. იქვე მან აღნიშნა, რომ ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო.

იუსიტიციის სფეროში განხორციელებული რეფორმებიდან მინისტრმა წულუკიანმა მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად გადადგმული ნაბიჯები და იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესი გამოარჩია. მისი შეფასებით, ევროპულ სტანდარტს არ აკმაყოფილებს საპროცესო გარიგების ძველი პრაქტიკა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დასანერგად აქამდე გაწეული სამუშაო. „საპროცესო გარიგებები წინა ხელისუფლებისთვის ძალდატანებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ინსტრუმენტი იყო,“ - აღნიშნა მინისტრმა.

სიუზან ალენ ნანი ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის [ასოცირებული] პროფესორია. მან მინისტრის გამოსვლის იმ ნაწილზე შეაჩერა ყურადღება, სადაც საქართველოს მთავრობის წევრი დაკარგული ტერიტორიების საკითხს შეეხო: „მომეწონა მინისტრის კომენტარი ოსურ მხარესთან ნდობის აღდგენის შესახებ. ძალიან სასარგებლო იქნება, თუ გადაიხედება იმ ოსი პატიმრების საკითხი, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი და თუ მოხერხდება მათი ვადამდელი გათავისუფლება. თუ სამხრეთი ოსეთი შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთში არაერთი ოჯახის უბედურებას დაესმება წერტილი. გრძელვადიანი მშვიდობა ბევრ მცირე ნაბიჯზეა დამოკიდებული. გამიხარდა, როცა ნდობის აღსადგენად მიმართული ძალისხმევისადმი მინისტრის მხარდაჭერა დავინახე.“

XS
SM
MD
LG