Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პიკასო კრისტის აუქციონზე გააქვთ


პიკასოს ერთ-ერთი შედევრი „ალჟირელი ქალები“ კრისტის აუქციონზე სავარაუდოდ 140 მილიონ დოლარად გაიყიდება.

11 მაისს კრისტის აუქციონი გასაყიდად პაბლო პიკასოს „ალჟირელ ქალებს“ გამოიტანს. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციამ ოთხშაბათს გააკეთა. გასული საუკუნის 50-იან წლებში დახატული შედევრი სავარაუდოდ 140 მილიონ დოლარად გაიყიდება.

პიკასოს ტილო იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მასზე ცნობილი ფერმწერის ერთ-ერთი მუზა, ჟაკლინ როგიც არის ასახული, რომელიც მოგვიანებით, 1961 წელს პიკასოს მეუღლე გახდა. ზეთის საღებავებით შესრულებული ტილო 15 ნახატისგან შედგენილი ციკლის ნაწილია, რომელიც 1954-1955 წლებში შეიქმნა. თავად პიკასო ამბობდა, რომ ამ სერიის შთაგონების წყარო დელაკრუას მიერ 1834 წელს შესრულებული ნამუშევარი იყო, რომლის სახელწოდებაა „ალჟირელი ქალები საკუთარ ბინაში“ და რომელიც პარიზში, ლუვრში ინახება.

კრისტის აუქციონზე ფიქრობენ, რომ პიკასოს „ალჟირელი ქალები“ ფერწერულ ტილოებს შორის რეკორდულ თანხად გაიყიდება და 2013 წელს დამყარებულ 142.4-მილიონიან რეკორდს მოხსნის. ორგანიზაცია გამყიდველის ვინაობას საიდუმლოდ ინახავს და ამბობს მხოლოდ იმას, რომ ტილოს მეპატრონემ ის მთელი 15-ნახატიანი ციკლის მფლობელის -ვიქტორ და სალი განზებისგან- შეიძინა. გარიგება 1997 წელს მოხდა და მაშინ ახალმა მეპატრონემ „ალჟირელი ქალები“ 31.9 მილიონ დოლარად შეიძინა.

აუქციონის იმპრესიონისტთა და თანამედროვე ფერწერის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, ოლივიე კამუ ამბობს, რომ ეს ნახატი პიკასოს უმნიშვნელოვანესი ნამუშევარი შეიძლება იყოს, რომელიც კერძო მფლობელების ხელში რჩება. „ალჟირელი ქალები“ მსოფლიოს მუზეუმებში რამოდენიმეჯერ გამოიფინა. ბოლოს ის პიკასოს შემოქმედების მოყვარულებმა ლონდონის ეროვნულ გალერეაში და პარიზში, ლუვრში ნახეს.

ჯერჯერობით პიკასოს ნახატებს შორის ყველაზე ძვირად 1932 წელს დახატული მისი შეყვარებულის, მარი-ტერეზ უოლტერის პორტრეტი გაიყიდა. 2010 წლის მაისში კრისტის აუქციონზე ის 106.5 მილიონ დოლარად გაყიდეს.

XS
SM
MD
LG