Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამას მემკვიდრეობა


4 ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე ამერიკელმა ამომრჩეველმა პრეზიდენტ ობამას პარტიას ნდობა არ გამოუცხადა და იანვრიდან კონგრესის ორივე პალატას რესპუბლიკელები გააკონტროლებენ.

შუალედური არჩევნების მომდევნო დღეს პრეზიდენტი თეთრი სახლის კორესპონდენტების წინაშე წარსდგა და პასუხს სცემდა კითხვებს შესუსტებულ ლიდერზე, ეგრეთწოდებულ „კოჭლ იხვზე“. მას ასევე ჰკითხეს თუ რის შეცვლას აპირებდა ის თეთრ სახლში დარჩენილი ორი წლის განმავლობაში.

„რადგანაც მე კენჭს მეტჯერ აღარ ვიყრი, მე პოლიტიკური მისწრაფებები არ მაქვს. ჩემი უპირველესი მიზანია ამ ორ წელიწადში ამერიკელი ხალხისთვის რაც შეიძლება მეტი გავაკეთო,“ უპასუხა ობამამ ჟურნალისტებს.

ერთ-ერთი ასეთი მიზანი ამერიკის ეკონომიკის და საშუალო ფენის გაძლიერებაა. ობამას ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი კარმელ მარტინი, რომელიც ახლა ამერიკის პროგრესის ცენტრში მუშაობს, იმედოვნებს, რომ ობამას ბოლო ორი წელი ეკონომიკაზე იქნება ფოკუსირებული.

„მან დიდი რეცესიის უფსკრულიდან გამოგვიყვანა. სამუშაოების ზრდის 50 თვე გვქონდა, შეიქმნა 10 მილიონი ახალი სამსახური კერძო სექტორში, უმუშევრობის მაჩვენებელი ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი იყო. იმედი მაქვს მომდევნო ორი წელიც აქცენტს ეკონომიკაზე გაამახვილებს.“

ეკონომიკაში პროგრესის მიუხედავად პრეზიდენტი 2015 წელს შემცირებული რეიტინგებით ხვდება.

ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, Gallup-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ობამას პრეზიდენტობით კმაყოფილთა რაოდენობამ რეკორდულად დაბალ ნიშნულს 2014-ში მიაღწია და საშუალო 45%-დან 40%-მდე იკლო.

მიუხედავად ზოგადი მაჩვენებლის კლებისა, ობამა ისევ მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს შავკანიან ამომრჩევლებს შორის, რომელთა 84% მის პრეზიდენტობას იწონებს. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი 2009 წელს - 92% იყო.

„ეკონომიკა არ შემცირებულა, არ ყოფილა დიდი სკანდალები, საკმაოდ მოზომილი პერიოდი იყო, მაგრამ რატომღაც ხალხი მაინც უკმაყოფილოა. ზოგჯერ მგონია, რომ ამერიკელებს პრეზიდენტისგან ზედმეტი მოლოდინები აქვთ,“ ამბობს ამერიკული უნივერისტეტის პროფესორი ალან ლიხტმანი.

მისი აზრით პრეზიდენტის მემკვიდრეობაზე საუბრისას, რეიტინგებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

პრეზიდენტი ობამა მომდევნო ორი წლის განმავლობაში სავარაუდოდ ყველაზე ხშირად საპრეზიდენტო განკარგულებებს გამოსცემს, რითაც გვერდს აუვლის კონგრესს და ასე შეეცდება საგარეო პოლიტიკაზე თავისი კვალი დატოვოს.

„მან გარკვეულ შეთანხმებას უკვე მიაღწია ჩინეთთან, რასაც ჩინეთი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა. ეს დიდი გარღვევა იყო. უდიდესი მიღწევა იქნებოდა ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება თუ შედგებოდა. თავისი მნიშვნელობით ეს ისრაელსა და ეგვიპტეს შორის ჯიმი კარტერის ადმინისტრაციის დროს მიღწეულ კემპ დევიდის შეთანხმებას გაუთანაბრდებოდა,“ ამბობს ლიხტმანი.

ობამას საგარეო პოლიტიკაზე კვალის დატოვების ერთ-ერთი მაგალითი კუბასთან დაგეგმილი დიპლომატიური კავშირების აღდგენაა. ორი დღის წინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკა კუბასთან ურთიერთობების ნორმალიზებას იწყებს. 1961 წლიდან მოყოლებული, ქვეყნებს შორის დიპლომატიური კავშირები გაწყვეტილი იყო. ობამას თქმით კუბასთან 50-წლიანმა იზოლაციონისტურმა პოლიტიკამ შედეგი არ გამოიღო და რომ „ახალი მიდგომის“ საჭიროების დრო დადგა. ოთხშაბათს ორი ქვეყნის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი თითქმის ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

კუბასთან მიმართებით ამერიკის პოლიტიკას ხშირად უწოდებდნენ ცივი ომის გადმონაშთს და მის შეცვლას ამერიკელები წლების განმავლობაში უჭერდნენ მხარს. Gallup-ის 2009 წლის მონაცემების მიხედვით 60% უჭერდა ხმარს კუბასთან ურთიერთობების აღდგენას. ეს მიდგომა 1999-2009 წლებში სტაბილურად მყარი იყო.

კუბასთან დიპლომატიური კავშირების აღდგენას ამერიკელთა დიდი ნაწილი დღესაც დადებითად აფასებს. 2014 წლის თებერვალში ატლანტიკური საბჭოს მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით ურთიერთობის აღდგენას მხარს 56% უჭერდა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ორი საპრეზიდენტო წელი საკმარისია კვალის დასატოვებლად და რომ ობამას შესაძლებლობები სათანადოდ უნდა შეფასდეს.

XS
SM
MD
LG