Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში 2 აგვისტოს საკრებულოს სხდომას ელოდებიან


გორში როგორც ქალაქის, ისე მუნიციპალიტეტის საკრებულოების პირველი სხდომები 2 აგვისტოს გაიმართება. ამავე დღეს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებენ არჩეული მერი და გამგებელი. ორივე საკრებულოში კოალიცია „ქართული ოცნება“ უმრავლესობას წარმოადგენს, ამიტომ საკრებულოთა თავმჯდომარეების თანამდებობებს ამ გაერთიანების წარმომადგენლები დაიკავებენ. კოალიციაში კანდიდატურების შესახებ ღიად არ ლაპარაკობენ, თუმცა რადიო თავისუფლებისთვის კოალიციის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება უკვე ცნობილია. ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარედ მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი პაპუნა კობერიძე დასახელდება, რომელიც, თავის მხრივ, მოადგილედ საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით რაზმაძეს, დაასახელებს. პაპუნა კობერიძეს მხარს „ეროვნული ფორუმი“ და გორის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ ვახტანგაშვილი უჭერენ, რაზმაძე კი რესპუბლიკური პარტიის ლიდერია. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მის თავმჯდომარედ კოალიციის საარჩევნო შტაბის უფროსი კოტე თავზარაშვილი დასახელდება. მართალია, პოლიტსაბჭოში კანდიდატურების თაობაზე შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ ამ გადანაწილებით ქალაქის საკრებულოში პარტია „ქართული ოცნება“ თანამდებობის გარეშე რჩება, ამიტომ „ოცნების“ ზოგიერთი წევრი სიურპრიზებს და კობერიძის კანდიდატურის ჩაგდებას არ გამორიცხავს. კენჭისყრა ფარული იქნება და იქ რამდენიმე დეპუტატმა შესაძლოა სულაც არ გაითვალისწინოს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება. ასეთი პრეცედენტი ქარელის საკრებულოში უკვე დაფიქსირდა, როცა საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოზე წინასწარ შეთანხმებული კანდიდატი არ დაასახელა და არჩევანი საკრებულოს სხვა წევრზე შეაჩერა. თვითმმართველობის არჩევნების დროსაც გამოჩნდა, რომ გორში კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერებს ერთმანეთთან იდეალური ურთიერთობა არა აქვთ და გაერთიანება მათ მხოლოდ მეორე ტურის წინ შეძლეს.

რაც შეეხება თვითონ სხდომას, მას საოლქო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი გახნის, რომელიც არჩეულ წევრებს შესაბამის დოკუმენტაციას გადასცემს.

საკრებულოს პირველ სხდომას თავმჯდომარის არჩევამდე უხუცესი წევრი გაუძღვება. ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისიის არჩევის შემდეგ საკრებულოს წევრები თავმჯდომარის კანდიდატურებს დაასახელებენ და ამის შემდეგ ფარული კენჭისყრა გაიმართება. საკრებულოს აპარატის უფროსი ზაზა ნასყიდაშვილი განმარტავს, რომ როგორც საკრებულოს, ისე მერიის რეგლამენტი პირველსავე სხდომაზე დამტკიცდება.

რაც შეეხება საკრებულოების შემადგენლობას, მუნიციპალიტეტის 35-კაციან საკრებულოში დიდ უმრავლესობას - 23 კაცს - კოალიცია „ქართული ოცნება“ ფლობს, 6 წევრი ჰყავს ოქრუაშვილის „ქართულ პარტიას“, 3 – „ნაციონალურ მოძრაობას“, 1 წევრი - „ბურჯანაძე-ერთიან ოპოზიციას“. მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2 დამოუკიდებელი დეპუტატიც იქნება.

ქალაქის 15-კაციან საკრებულოში 8 წევრი ჰყავს „ოცნებას“, 4 წევრი - ოქრუაშვილის „ქართულ პარტიას“, ხოლო თითო-თითო წევრი - ლეიბორისტებს, ნაციონალებს და ბურჯანაძის „ერთიან ოპოზიციას“. მმართველი კოალიციიდან საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს საკუთარი გუნდიდან რვავე ხმა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი კანდიდატურა ჩავარდება. მოხდება თუ არა სიურპრიზები 2 აგვისტოს სხდომაზე, ეს ცოტა ხანში გამოჩნდება. საზოგადოების წარმომადგენლები უკვე მოუთმენლად ელოდებიას საკრებულოს სხდომის გამართვას.

XS
SM
MD
LG