Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას იკვლევენ ევროსაბჭოს წარმომადგენლები საქართველოში


უკვე მეორე დღეა თბილისში შეხვედრებს მართავენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები ბორის ცილევიჩსი და კერსტინ ლუნდგრენი. მათი ვიზიტის (3-5 მაისი) მთავარი მიზანი საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგია. ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, სტუმრებს დაგეგმილი აქვთ არაერთი შეხვედრა ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. 4 მაისს გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საარჩევნო გარემო.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა, რომლებიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად 6 თვით ადრე სტუმრობენ საქართველოს, ოთხშაბათს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული ძალიან ბევრი პრეტენზია მოისმინეს როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. მაგალითად, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა ოთხშაბათს, ევროსაბჭოს თბილისის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება მზად არ აღმოჩნდა „უფრო თანასწორი და სამართლიანი საარჩევნო სისტემის“ შესაქმნელად შემოდგომის არჩევნებისთვის.

პირველ რიგში, ეს იყო, რა თქმა უნდა, საარჩევნო სისტემის საკითხი და ყველა ის დეტალი საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით – მათ შორის, რა თქმა უნდა, იყო ჩვენი მთავარი მოსაზრება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით...
მიხეილ ბენიძე

საუბარი შეეხო ყველა საჭირბოროტო საკითხს საარჩევნო რეფორმის ჭრილში, აღნიშნა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ 4 მაისის შეხვედრის დასრულების შემდეგ, თუმცა მის ჩამონათვალში საარჩევნო სისტემა კვლავაც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს:

„პირველ რიგში, ეს იყო, რა თქმა უნდა, საარჩევნო სისტემის საკითხი და ყველა ის დეტალი საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით – მათ შორის, რა თქმა უნდა, იყო ჩვენი მთავარი მოსაზრება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით. თუმცა, ამასთან ერთად, ჩვენ ვისაუბრეთ ამჟამად მიმდინარე პროცესზე და შესაძლებლობებზე, თუ როგორ შეიძლება სისტემის გაჯანსაღება“.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა ასევე ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იყო შეხვედრაზე, რომელიც 4 მაისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებმა არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან გამართეს. ითქვა, რომ სახელისუფლებო პოლიტიკური ძალა მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესაძლებლობას 2020 წლიდან ხედავს, ხოლო პოლიტიკურ ოპონენტებს ასეთი რეფორმის გატარება სასწრაფო წესით – 2016 წლის არჩევნებისთვის - სურთ. დავა ამ ეტაპზე პარლამენტის სარბიელზეა გადატანილი, თუმცა ბევრს ეეჭვება, რომ რომელიმე მხარემ –ხელისუფლებამ ანდა მისმა ოპონენტებმა – მოახერხოს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 113 ხმის შეგროვება საპარლამენტო კენჭისყრისთვის.

4 მაისს გამართული შეხვედრის მონაწილე „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ყველაფერი დაგვიანებულია, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და „საერთაშორისო ორგანიზაციებს უფრო სერიოზული ზეწოლა უნდა განეხორციელებინათ“ ხელისუფლებაზე, რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულიყო სერიოზული პრობლემები საარჩევნო რეფორმის ჭრილში. თუმცა შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე, წარსულ დროში ლაპარაკს არ ჩქარობს და ჩანს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს ხელისუფლებაზე ზეგავლენის იმედი:

„მათი (ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების) პოზიციონირება და შემდეგ მათი შეხვედრები ხელისუფლებასთან არის გარკვეული ბერკეტი, რომ ხელისუფლებას დაანახვოს ცვლილებების საჭიროება 2016 წლის არჩევნებისათვის, თუ უნდა ხელისუფლებას, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმურ გარემოში ჩატარდეს“.

კახა გოგოლაშვილი
კახა გოგოლაშვილი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები საქართველოს ამ ეტაპზე მხოლოდ ინფორმაციის მისაღებად და ფაქტების დასაზუსტებლად სტუმრობენ და, შესაბამისად, მათგან არ არის მოსალოდნელი ხელისუფლების პოზიციის მყისიერ შეცვლაზე ზრუნვა, თუმცა, როგორც ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მათი შეხედულებები პირდაპირ უკავშირდება ხელისუფლების იმიჯს:

„მონიტორინგის ჯგუფის ანგარიში ქვეყნდება და შემდეგ ის აისახება საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომელიც, მართალია, არ არის სავალდებულო შესასრულებლად და საქართველო არ დაისჯება, თუკი არ შეასრულებს რეზოლუციის მოთხოვნებს, რადგანაც ეს განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, რეზოლუციაში მოხვედრილი უარყოფითი შეფასებები თავისთავად უარყოფით გავლენას ახდენს იმ მთავრობათა რეიტინგზე, რომლებიც კონკრეტულად არიან პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა უკვე გამართეს არაერთი შეხვედრა სამოქალაქო სექტორის, არასაპარლამენტო თუ საპარლამენტო პოლიტიკური სპექტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დღის წესრიგშია კიდევ არაერთი შეხვედრა, 5 მაისის ჩათვლით.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG