Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაძვირდება თუ არა ლარში სესხები?


უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე, ლარი, დაახლოებით, 4%-ით გაუფასურდა. განსაკუთრებით კურსის ვარდნა ბოლო დღეებში ფიქსირდება. ეროვნული ვალუტის გაუფასურება 24 აგვისტოდან დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 5 სექტემბერს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარი 2.4502 ლარია, ხოლო ბლუმბერგის პლატფორმაზე 1 დოლარი 2.4900 ლარად იყიდება.

შარშან, ამ დროს, ერთი დოლარის ღირებულება, საშუალოდ, 2.31 ლარს შეადგენდა და მკვეთრად გაუფასურების პროცესი 27 სექტემბრიდან დაიწყო. ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების პიკს 2016 წლის 21 დეკემბერს მიაღწია, როდესაც ერთი დოლარი 2.8 ლარი ღირდა.

შემდგომ, ლარმა გამყარება დაიწყო, უკვე ზაფხულში ლარი დოლარის მიმართ 2.38-2.39 ნიშნულზე დაბალანსდა. იმისათვის, რომ ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარება არ მომხდარიყო, სებ-მა ზაფხულის განმავლობაში ბაზრიდან 110 მილიონი დოლარი ამოიღო. კერძოდ, 19 ივნისს გამართულ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი იყიდა, 20, 26, 28 ივნისს, 1-ელ და 7 აგვისტოს კი – 20-20 მილიონი დოლარი.

ლარის კურსის გაუფასურების კვალდაკვალ, კვლავ დღის წესრიგში დგება საკითხი, მოხდება თუ არა ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდა. შეგახსენებთ, რომ 2017 წლიდან მომხმარებელს 100 000 ლარამდე სესხის უცხოურ ვალუტაში აღება აღარ შეეძლო.

შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი, ხვალ გახდება ცნობილი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება, რომელზეც, რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მიიღებენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომა 26 ივლისს ჩატარდა, რომელზეც სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 7.0 %-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მაშინ ეროვნულ ბანკში განმარტეს, პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია წლის მეორე ნახევრიდან შემცირებას დაიწყებს და ერთჯერადი ფაქტორების გავლენის ამოწურვასთან ერთად, მომავალი წლის დასაწყისში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.

სებ-ის განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება ივლისში არ იკვეთებოდა. თუმცა აქვე ნათქვამი იყო, რომ, დამატებითი შოკების არარსებობის შემთხვევაში, საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირება.

რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შედეგად, ჯერჯერობით, უცვლელი იყო პროცენტი იმ სესხებზე, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზე არიან მიბმულები. 2017 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, 30699 მომხმარებლის სესხი იყო „მიბმული“ რეფინანსირების განაკვეთზე. ამ სესხების ბედი, დღევანდელი გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გაირკვევა.

XS
SM
MD
LG