Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპროპრიაციის გახშირებული პრაქტიკა საქართველოში


ბათუმი
ბათუმი

დიდი სახელმწიფო პროექტების გამო კერძო საკუთრების ჩამორთმევის პრაქტიკას ხელისუფლება უკვე საკმაოდ აქტიურად იყენებს. გასულ თვეებში ცნობილი გახდა, რომ მესაკუთრეებმა საკუთარი ქონება დაკარგეს ანაკლიის პორტის მშენებლობის ტერიტორიაზე იმის გამო, რომ გაყიდვასა და ფასზე მორიგება ვერ მოხერხდა.

ახლა მსგავსი ფაქტები უკვე ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო გახდა ცნობილი, რაც საკმაოდ მძიმე შეტყობინებას უგზავნის ადამიანებს და ბიზნესმენებსაც, რადგან კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია და მისი ხელყოფა მხოლოდ მართლაც გამოუვალ და უკიდურეს შემთხვევებში უნდა ხდებოდეს. ვერ გეტყვით, რამდენად გამოუვალი იყო
ვითარება, თუმცა ფაქტია, რომ ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე 18 მოქალაქისა და 4 კომპანიის ქონება ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) დაექვემდებარება.

დაზარალებულებს შორის არიან, მაგალითად: შპს „ლუგოს“, სს „ავტომობილისტი 96-ის“, შპს „ჩემპიონი-2-ის“, . შპს „კვადრის“, ნიაზ ჭანიძის, ბიძინა ბეჟანიძის, გოჩა ჯაფარიძის, ლეილა გოგიაშვილის, ჯამბულ ჩიკვაიძის, ვახტანგ ართმელაძის, ლია ართმელაძის, მარგო ბერიძის, ნინო ართმელაძის, ტარიელ ართმელაძის; ავთანდილ მახარაძის; ემზარ ბაკურიძის; ლელა ახვლედიანის, რამაზ ახვლედიანის, არჩილ ბერიძის, სერგო იონახის, შადიე ჩიჯავაძისა და ლეილა გოგვაძის ქონება.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ჯავახაძის 11 აგვისტოს ბრძანებაშია აღნიშნული, ექსპროპრიაციას, ჯამში, დაახლოებით, 36 229 კვადრატული მეტრის ფართი ექვემდებარება. ბრძანების მიხედვით, მესაკუთრეებმა უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე უარი განაცხადეს, რისი მიზეზიც ქონების გამოსასყიდ ღირებულებაზე შეუთანხმებლობა იყო.

ამასთან, როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, მესაკუთრეები ინფორმირებულნი იყვნენ, რომ გამოსყიდვაზე მათი უარის შემთხვევაში სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ მათი საკუთრების ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს მიმართავდა.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მესაკუთრეები ექსპროპრიაციის შემთხვევაში საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ კონსტიტუციით გარანტირებულ წინასწარ სრულ და სამართლიან ანაზღაურებას მიიღებდნენ.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი მახინჯაურიდან მდინარე ჭოროხამდე მონაკვეთს ითვალისწინებს. გზის მთლიანი მონაკვეთი 14.3 კმ, ხოლო სიგანე 14.0 მეტრს შეადგენს. ბათუმის შემოვლითი გზა აღმოსავლეთიდან უვლის ბათუმს და მთელ სიგრძეზე გადის ხელვაჩაურის რაიონში. პროექტის ფარგლებში იგეგმება გვირაბის, ხიდებისა და სატრანსპორტო კვანძების მოწყობა.

XS
SM
MD
LG