Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღდგება ციხეებზე საზოგადოებრივი მონიტორინგი?


კახა კახიშვილი
კახა კახიშვილი

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალი მინისტრი მზად არის შეხვდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და მათთან აქტიური თანამშრომლობით გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომლებიც უწყების წინაშე არსებობს. კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ევროპული სტანდარტის დამკვიდრებისათვის საჭიროა როგორც საკადრო ცვლილებების, ასევე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. როგორი მემკვიდრეობა ერგო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალ მინისტრს და რას ურჩევენ მას არასამთავრობო ორანიზაციების წარმომადგენლები?

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალ მინისტრს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ურჩევენ აღადგინოს ციხეებზე საზოგადოებრივი მონიტორინგის მიზნით შექმნილი საბჭო, რომელიც სამი წლის წინ სახალხო დმაცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტებმა ჩაანაცვლეს. პასუხად კახა კახიშვილი ამბობს, რომ მზად არის შეხვდეს მესამე სქტორის წარმომადგენლებს და მათთან ერთად განიხილოს სისტემის გაუმჯობესების ყველა ვარიანტი:

„ნებისმიერ პრობლემას ჩვენ განვიხილავთ და მათთან ერთად მოვძებნით ამ პრობლემიდან გამოსავალ გზებს, რადგანაც განცხადების გაკეთება ერთია, მაგრამ ამ განცხადებას უნდა მოჰყვებოდეს კონკრეტული ხედვა - როგორ უყურებ ამ პრობლემიდან გამოსავალს. ხედვას რომ შემოგვთავაზებენ და განვიხილავთ მას, მაშინ შევძლებთ შეჯერებული და ყველაზე ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღებას“.

ძალიან მნიშვნელოვანია ბრძოლა ნებისმიერ მანკიერ პრაქტიკასთან, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა და არის გარკვეული ინფორმაცია, რომ კვლავ რჩება - იქნება ეს „მაყურებელთა ინსტიტუტი“ თუ სხვა...
ანა ნაცვლიშვილი

შეჯერებული გადაწვეტილების მიღებამდე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ მზად არიან სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად დეტალურად განსაზღვრონ მონიტორინგის მანდატი, მეთოდოლოგია, მონიტორების შერჩევის კრიტერიუმი და ეთიკის სტანდარტი. გარდა ამისა, როგორც რადიო თავისუფლებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა უთხრა, მესამე სექტორი სამინისტროს ხელმძვანელობას ურჩევს განსაკუთრებული ძალისხმევა პატიმრების ისეთი მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვისკენ მიმართოს, როგორებიც ქალები, არასრულწლოვნები და უვადო პატიმრები არიან:

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბრძოლა ნებისმიერ მანკიერ პრაქტიკასთან, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა და არის გარკვეული ინფორმაცია, რომ კვლავ რჩება - იქნება ეს „მაყურებელთა ინსტიტუტი“ თუ სხვა. ასევე პატიმრებიდან შემოსულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისინი გვწერენ და გვეუბნებიან, რომ ხალხი, რომელიც მონაწილეობდა მათ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში, დღემდე რჩებიან სასჯელაღსრულების სისტემაში“.

ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილიც მიიჩნევს, რომ, ბევრი პოზიტიური ცვლილების მიუხედავად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კვლავ პრობლემად რჩება კრიმინალური ავტორიტეტების მცდელობა მართონ ვითარება. ნიკოლეიშვილის თქმით, არასათანადო პირობების გამო, ასევე უნდა გაუქმდეს მეშვიდე საპყრობილე, უნდა გაუმჯობესდეს კვებისა და ჯანდაცვის სისტემა და რეალურად ამოქმედდეს ვადამდე პირობით გათავისუფლების მექანიზმი, რომელიც ფორმალურად არსებობს.

წელს ვაპირებდით 18-დან 21 წლამდე მსჯავრდებულთა დაწესებულების მშენებლობის დაწყებას. იმედი მაქვს, რომ წელს პროექტიც მოესწრება და მშენებლობის დაწყებაც. გული მწყდება, რომ ვერ მოვახერხეთ ელექტრონულ მონიტორინგზე გადასვლა გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ ყველაფერი მზად არის ამ პროექტის განხორციელებისათვის...
გიორგი მღებრიშვილი

„ეს ინსტიტუტი, ფაქტობრივად, არ მუშაობს. არადა, კანონი პირდაპირ ამბობს, რომ თუ ნაკლებად მსუბუქი დანაშაულისათვის მისჯილი სასჯელის ნახევარს ან მძიმე დანაშაულისთვის მისჯილი სასჯელის ორ მესამედს ან სამ მეოთხედს მოიხდის პატიმარი, მაშინ მას ეკუთვნის ვადამდე პირობით გათავისუფლება და წესით უარი არ უნდა უთხრან, თუ რამე მნიშვნელოვანი დარღვევა არ აქვს, მაგრამ დღეს პირიქით არის“, უთხრა გელა ნიკოლეიშვილმა რადიო თავისუფლებას.

გელა ნიკოლეიშვილის თქმით, ასევე პრობლემად რჩება საპყრობილეების გადატვირთულობა, რის მოსახსნელად აუცილებელია დროულად გაიხსნას როგორც რუსთავის მეექვსე საპყრობილე, ასევე ლაითურში მშენებარე ციხე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციიის ყოფილმა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ახალი მინისტრის წარდგენისას თქვა, რომ ამ და სხვა არაერთი საკითხის გადაჭრა უკვე ახალ მინისტრს მოუწევს:

„წელს ვაპირებდით 18-დან 21 წლამდე მსჯავრდებულთა დაწესებულების მშენებლობის დაწყებას. იმედი მაქვს, რომ წელს პროექტიც მოესწრება და მშენებლობის დაწყებაც. გული მწყდება, რომ ვერ მოვახერხეთ ელექტრონულ მონიტორინგზე გადასვლა გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ ყველაფერი მზად არის ამ პროექტის განხორციელებისათვის. რაც შეეხება ქალთა გრძელვადიან პაემნებს, დაპირებული ვიყავი, რომ ამას გავაკეთებდი, მაგრამ ვერ მოვასწარი, რის გამოც ბოდიშს ვუხდი მათ და იმედი მაქვს, რომ ბატონი კახი ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს“.

ასევე კახა კახიშვილს მოუწევს იმ შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებიც სახალხო დამცველის ანგარიშში შევიდა. უჩა ნანუაშვილმა პარლამენტში საანგარიშო გამოსვლისას განაცხადა, რომ წამება აღარაა სასჯელაღსრულების დაწესებულებების სისტემური პრობლემა, მაგრამ არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ცალკეულ ფაქტებს მაინც აქვს ადგილი:

„გასულ წელს 28 წინადადებით მივმართეთ მთავარ პროკურატურას პოლიციისა და პენიტენციური სისტემის თანამშრომლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ან სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ სიცოცხლის მოსპობის შემთხვევებზე გამოძიების წარმოების მოთხოვნით. 28-დან 21 წინადადება ეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის ფაქტებსა და სიცოცხლის მოსპობას“.

კახა კახიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 3 აგვისტოდან შეუდგა. როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა პირველ სამუშაო დღეს მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, მისი მიზანია დაამკვიდროს ევროპული სტანდარტი სასჯელაღსრულების სისტემაში, რისთვისაც მოუწევს მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებების გატარება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG