Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამთა გულები


შესავლად როლან ბარტის სიტყვებს მოვიშველიებ: „წყალდიდობამ ამოატრიალა ჩვეულებრივი პერსპექტივა, თუმცა არ გადაიტანა იგი ფანტასტიკის სფეროში. სანახაობა აღმოჩნდა განსაკუთრებული, მაგრამ რაციონალური“.

თავის დროზე არაერთი სტატია მაქვს დაწერილი თბილისის ზოოპარკზე. ხშირად ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, ზოოპარკი მაქსიმუმ უნდა გავაუქმოთ, მინიმუმ კი – ქალაქის ცენტრიდან გავიტანოთ-მეთქი, მაგრამ ვინ მოგისმინა. სხვათა შორის, ამ თემაზე დაწერილ ტექსტებს ჩემი სტატიებიდან თუ ბლოგებიდან ყველაზე დაბალი ნახვა ჰქონდა. ბევრს არ აღელვებდა მაშინ ცხოველთა ბედი. პასუხად კი ხშირად მესმოდა, რა დროს ცხოველებია, როცა ადამიანებს უჭირთო. მე კი ყოველთვის ცხოველები უფრო მიყვარდა, ვიდრე ხალხი. აქ არ დავიწყებ იმის გამეორებას, რამდენად აუტანელ პირობებში იყვნენ თბილისის ზოოპარკის ბინადრები. ახლაც ინახება ჩემს ფოტოაპარატში იქ გადაღებული ფოტოები... დიდი ხანია, არაფერი გამომიქვეყნებია ქართულ მედიაში. და ალბათ კიდევ დიდ ხანს არ გამოვაქვეყნებდი, ცოტა ხნის წინ მომხდარი სტიქიური უბედურება რომ არა. აქამდე ბევრი საზიზღრობა მოხდა თბილისში, მაგრამ ამ უკანასკნელმა განსაკუთრებით შემზარა. რაც შეეხება პატრიარქის გამოხმაურებას ამ თემასთან დაკავშირებით, მე ჩემი აზრი მაქვს. ვფიქრობ, თვითონ პატრიარქია ვოლიერში მოსათავსებელი, როგორც ყველაზე დიდი და საშიში მტაცებელი. წინამდებარე ტექსტი კი სტიქიით დაზარალებული ცხოველებისთვის, და არა მარტო მათთვის, პირადად ჩემი მხრიდან სიყვარულის თავისებური ახსნაა.

თბილისიდან პერიოდულად ქართულ წიგნებს მიგზავნიან... მათგან ორს გამოვარჩევდი – აკა მორჩილაძის „ჩრდილს გზაზე“ და გოგი გვახარიას „ცრემლიან სათვალეს“. პირველს რაც შეეხება, იგი მე მორჩილაძის საუკეთესო წიგნი მგონია. ყოველ შემთხვევაში, მისი არც ერთი ტექსტის კითხვისას ასე არ მიხალისია. ჩემი ავტორი აკა ნამდვილად არაა, მაგრამ კარგად მესმის მისი მნიშვნელობა. იგი არის მწერალი, საყოველთაო სიყვარულით რომ სარგებლობს სრულიად საქართველოს მასშტაბით. სავსებით სამართლიანადაც. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართული ლიტერატურის პანთეონში: შოთა, ილია, ვაჟა, აკა... ტყუილად როდი აქვს მას ისეთივე წვერი, მგოსნებს რომ ჰქონდათ. ეს ძველთა, კლასიკოსთა წვერია. პირადად მე ყველა ადამიანი რაღაც ცხოველს მაგონებს. სხვისი არ ვიცი, ჩემთვის კი აკა მორჩილაძე ბომბორა დათვს ჩამოჰგავს. აქ არ ვგულისხმობ დათვს ლაფონტენის იგავიდან, არც ანდრეი პლატონოვის „ქვაბულიდან“, არც ჯულიან ბარნსის „ფლობერის თუთიყუშიდან“ და აღარც ჩემსას ჩემივე „მინერალური ჯაზიდან“ – უბრალოდ დათვს, ზამთრის ძილიდან გამოსული ტყეში მძიმედ რომ დაბაჯბაჯებს... ვუყურებ ახლა ჩემი წიგნის თაროზე შემოდებულ „ჩრდილს გზაზე“ და ჩემთვის მეღიმება.

არანაირი წვერი არა აქვს გოგი გვახარიას, მას აღარც პუდელივით ხუჭუჭა თმა აქვს, და მაინც მას უფრო მეტი ახალგაზრდა ახვევია თავს, ვიდრე ყვავილს ფუტკარი და ნათურას – ქინქლა. რაც შეეხება „ცრემლიან სათვალეს“, ამ წიგნის წაკითხვას უახლოეს მომავალში ნაღდად არ ვაპირებ, მასში გაერთიანებული სტატიები ჯერ კიდევ „ცხელი შოკოლადიდან“ მახსოვს საკმაოდ კარგად. და მაინც, ესაა წიგნი, რომელიც უთუოდ უნდა გეგდოს შინ. თუნდაც მარტო ავტორის პატივისცემის გამო. გოგი გვახარიასავით აქტუალური, პრინციპული და გემოვნებიანი დღემდე არავინ ყოფილა ქართულ მედიაში, და არა მგონია, მომავალში ვინმე გამოჩნდეს. იგი არა მარტო ერთადერთი ნათელი წერტილი იყო იმ წყვდიადში, ოთხმოცდაათიან წლებში რომ იდგა ქართულ პრესასა და ტელევიზიაში, არამედ დღემდე ასეთად რჩება. უფრო სამწუხაროდ, ვიდრე საბედნიეროდ. მაშინ როცა ქართველი ქართველს თავს აჭრიდა, აუთოებდა, აბეტონებდა და აუპატიურებდა, გვახარია ამ დროს ბრესონის ჰუმანურობასა თუ პაზოლინის ესთეტურობაზე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ესაა გასაოცარი, აუტანელი და უცნაური კაცი. რომელსაც შეუძლია ერთდროულად იყოს საშიში, როგორც გველი, და ნაზი, როგორც შველი. და რომელსაც სიგიჟემდე უყვარს კინო. არის ასეთი ფილმი, „ადამიანი ორკესტრი“, ლუი დე ფიუნესით მთავარ როლში. გვახარიაც ამავე კატეგორიიდანაა – ადამიანი კინო. და მაინც, გოგი გვახარიაზე „კინომცოდნე“ რომ თქვა, ნიშნავს არაფერი თქვა. კინო მისთვის საშუალება უფროა, ვიდრე მიზანი. როგორც მამარდაშვილისთვის – პრუსტი, ბახტინისთვის – რაბლე, და ა.შ. იმდენი არავის ულაპარაკია და დაუწერია ქართულ მედიაში, გოგი გვახარია რომ ლაპარაკობს და წერს ათწლეულების განმავლობაში. და არა მარტო კინოზე. თანაც კარგად, ძალიან კარგად. ჩემდათავად ყოველთვის მშურდა მისი. ვერასდროს ვხვდებოდი, საიდან იყო ამ კაფანდარა კაცში ამდენი ოვსილა და გაქანება. პირადად მე დიდად ვარ დავალებული მისგან. გვახარია რომ არა, არც კი ვიცი, ახლა რა ვიქნებოდი, სად ვიქნებოდი და როგორ ვიქნებოდი. თავის დროზე ჩემს „მინერალურ ჯაზს“ მან ისეთი წინათქმა დაუწერა, ყველა თაობის ქართველი მწერალი ერთბაშად და სამუდამოდ დაიბოღმა. არც მეტი და არც ნაკლები, პრუსტის და ჯოისის გვერდით მომიხსენია. დღეს ნაღდად არ გამიხარდებოდა ამ სახელებთან ერთად სადმე მოხვედრა, მაგრამ... ისეთი ამაყი, მაშინ რომ ვიყავი, აღარასდროს ვყოფილვარ. კარგად მახსოვს, „მინერალური ჯაზი“ სულ რამდენიმე დღის გამოცემული იყო, თავის მეგაპოპულარულ „ფსიქოში“ იგი კამერას რომ მიუშვირა, რაც არასდროს გაუკეთებია, და თქვა: დაბეჯითებით გირჩევთ ამ წიგნსო... ბევრი კარგიც დაამატა კიდევ, მაგრამ ამას აქ არა აქვს მნიშვნელობა. არ ვიცი, ლარი კინგს ან ოპრა უინფრის თავის შოუში რომ ეთქვა მსგავსი რამ რომელიმე ავტორზე, როგორ მოეწყობოდა იმის ბედი. სამაგიეროდ, ვიცი, ჩემს თავს რაც მოხდა. იმ გადაცემის შემდეგ უცბად ბარაქიანად დამეყარა კომპლიმენტები, ქართველი ინტელექტუალები პირდაპირ ერთმანეთს ასწრებდნენ ჩემს ქებას. მოკლედ, გოგი გვახარია იყო ის, ვინც უცბად ფასი დამადო საქართველოში... ერთი შეხედვით როგორი წუნიაცა და პოზიორიც უნდა მოგეჩვენოს გოგი გვახარია, უთუოდ არის მის წუნიობასა და პოზიორობაში რაღაც არისტოკრატული. შეიძლება ამიტომაც მაგონებს მე იგი გოეთეს ფაუსტიდან გადმოსულ პუდელს, მეტსახელად „მეფისტოფელი“? ვუყურებ ახლა ჩემი წიგნის თაროზე შემოდებულ „ცრემლიან სათვალეს“ და მადლიერების ცრემლი მადგება.

აქვე მინდა ვახსენო კიდევ ერთი ტექსტი – თამარ თორაძის „ვერელი თორაძეები“. როგორც ვიცი, ამ ტექსტს ვერც ერთ თბილისურ წიგნის მაღაზიაში ვერ ნახავ, იგი მხოლოდ ინტერნეტშია ხელმისაწვდომი. თავისთავად მას არანაირი მხატვრული ღირებულება არ გააჩნია და მისი დოკუმენტურობაც საკმაო ეჭვებს ბადებს. წარმომიდგენია, თბილისელი ესთეტები როგორ აიბზუებენ ცხვირს ამ სიბინძურეზე. და მაინც, იგი უთუოდ წასაკითხი რამეა. თუნდაც მარტო იმიტომ, რომ იგი აფთრის მიერაა დაწერილი. დიახ, აფთრების ხროვაში გაზრდილი აფთრის მიერ, რომელსაც არაინარი მორალი არ გააჩნია, მხოლოდ ინსტინქტები. მართალია, ავტორი თავის მოკლულ მშობლებსა და ძმებს აპოლოგეტობს ველურად – კბილებით, უფრო სწორად, ეშვებით იცავს მათ სახელს, მაგრამ სწორედ ეს ველურობა და ეშვთა ღრჭიალია ამ ტექსტის ღირსება. აქ ასახულ თბილისს ვერც მორჩილაძესთან და ვერც გვახარიასთან ვერ ნახავთ. ეს კაციჭამიების თბილისია. სიტყვებს შორის აქ ნაირგვარ ცხოველთა ხმები ისმის: ყმუილი, ღრიალი, გმინვა, ყეფა, წკავწკავი, და ა.შ. ეს ტექსტი წიგნის სახით რომ არსებობდეს, უთუოდ მოვათავსებდი მას ჩემს თაროზე „ჩრდილიანი გზისა“ და „ცრემლიანი სათვალის“ გვერდით, და, ცხადია, მისი დანახვაც უთუოდ შემაღონებდა.

სამივე ზემოხსენებული ნაწარმოები ერთი კონკრეტული ავტორის თბილისში გასეირნებაა: მურა-მორჩილაძის დარდიმანდულ თბილისში, პუდელი-გვახარიას სნობურ თბილისში და აფთარი-თორაძის ველურ თბილისში. სამივე ამ ავტორის დიდად მადლიერი უნდა ვიყოთ. სხვა თუ არაფერი, მათ მიერ აღწერილი ამბები ხომ ჩვენც შეგვხებია პირდაპირ თუ ირიბად. და საერთოდაც, ეს ჩვენი ამბავია – ერთი გრძელი დარდიმანდული, სნობური და ველური ქალაქის ისტორიაა.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG