Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომეხი ობლების ისტორიები თურქეთში


სომეხი ობლები თავშესაფრის შენობის წინ, მეოცე საუკუნის დასაწყისი
სომეხი ობლები თავშესაფრის შენობის წინ, მეოცე საუკუნის დასაწყისი

თურქეთში დროის გასვლასთან ერთად უფრო მეტი ადამიანი იგებს, რომ მისი ბებია სომეხი იყო. 1900-იანი წლების დასაწყისში ასობით ათასმა სომეხმა მასობრივ გადასახლებას და ჟლეტას თავი მუსლიმად მოქცევით დააღწია . ბევრი სომეხი ბავშვი თურქმა ოჯახმა იშვილა. ახლა მათი ისტორიები უფრო ხშირად ისმის.

„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი დორიან ჯონსი მუშაობდა ამ თემაზე სტამბოლში.

თურქეთის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე თავზე დისკუსია ფეთია ჩეთინის წიგნით - „ჩემი ბებია“ დაიწყო/წიგნში ავტორი ბებიამისის დამალულ ცხოვრებაზე ჰყვება, რომელმაც მხოლოდ 70 წლის ასაკში აღიარა, რომ ის ობოლი სომეხი ბავშვი იყო.

ჩეთინი ყვება, რომ მისმა ბებიამ ბავშვობაში მთელი ოჯახი დაკარგა, რომ ოჯახის წევრების დახოცვის შემდეგ ქალაქ ჩერმიკში ჩამოვიდა, სადაც მუსლიმმა ოჯახმა იშვილა. „მინდოდა დუმილი დამერღვია, მას ყველაფერი ახსოვდა, მოგონებებს ინახავდა. მისი დუმილი სულისშემძვრელი იყო. მინდოდა ეს დუმილი დამერღვია და სიმართლე მომეყოლა“

სხვადასხვა ისტორიკოსის მიხედვით 1915 წელს მასობრივ ჟლეტას და გადასახლებას დაახლოებით 200 000 სომეხი, განსაკუთრებით კი ბავშვები და ქალები გადაურჩნენ.

2004 წელს ჩეთინის წიგნის გამოქვეყნებამ, რომელიც მალევე ბესტსელერი გახდა, ხალხს მათ სომხურ ფესვებზე საუბარი დააწყებინა.

ორენოვანი თურქულ-სომხური გაზეთის - „აგოსის“ რედაქციაში ბევრი ადამიანი მოდის და მათი წარსულის გამოკვლევაში დახმარებას ითხოვს. გაზეთი ნათესავების მაძიებელთა განცხადებებს აქვეყნებს. „აგოსის“ მთავარი რედაქტორი ეტვარტ დანზიკიანი ამბობს, რომ მოთხოვნა იზრდება.

„თურქეთში სომეხი ბებიის მოძებნა ახლა ძალიან პოპულარულია. მაგალითად როცა ანკარაში ან ანატოლიაში რამე კონფერენციაზე მიდიხართ, სულ მცირე 2-3 ადამიანი გეტყვით რომ გასულ წელს მათ აღმოაჩინეს, რომ მათი ბებია წარმოშობით სომეხი ყოფილა. მერე მოგიყვებიან, რომ ამ ამბავს მშობლები მალავდნენ.“

2007 წელს „აგოსის“ დამფუძნებლის ჰარანდინქის თურქი ნაციონალისტების მიერ მკვლელობამ უფრო მეტ ადამიანს მისცა ბიძგი მათი წარსული გამოეკვლიათ.

„ჩვენ ვართ ჰარან დინქი და ჩვენ ვართ სომხები-ის შეძახილით ტაქსიმის მოედნიდან გაზეთის რედაქციამდე ათობით ათასი ადამიანი დაიძრა. ეს სოლიდარობის ლოზუნგი იყო. რა თქმა უნდა ისინი ყველანი სომხები არ ყოფილან. ამან თურქეთში ერთგვარი პოლიტიკური კლიმატი შექმნა,“ ყვება „აგოსის“ სომხური ნაწილის რედაქტორი პაკრატ ესტუკიანი.

სომეხი ობლების ცხოვრებაზე ახლა რამდენიმე დოკუმენტური ფილმი მზადდება. ჩეთინი ამბობს, რომ სომეხი ობლების ისტორიების ზრდა დროში ემთხვევა თურქეთის საზოგადოებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს: „ამ თემაზე საუბარი დაიწყო. აქამდე მთავრობა გენოციდს უარყოფდა, მაგრამ საზოგადოება უფრო დინამიკური და ცნობისმოყვარეა, ამიტომაც მგონია რომ საზოგადოება იცვლება.“

ჩეთინის წიგნი ბევრისთვის შთაგონების წყაროდ რჩება, ადამიანები მათი წარსულის გამოკვლევას იწყებენ, ავტორს კი იმედი აქვს, რომ ისინი ისტორიასთან შერიგების გზებს იპოვიან.

XS
SM
MD
LG