Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილ ვიცე-პრემიერ როგოზინის თქმით, უკრაინაში ომის მთელი სისხლი "ჯერ კიდევ წინაა"


როგოზინმა განაცხადა, რომ ომი შეიძლება მალე „ყველას სახლში მოვიდეს“.
როგოზინმა განაცხადა, რომ ომი შეიძლება მალე „ყველას სახლში მოვიდეს“.

რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, დმიტრი როგოზინმა, განაცხადა, რომ რუსეთის მოსახლეობას კიდევ მოუწევს უკრაინაში ომის სიმძიმის გამოცდა. „ომის მთელი ტკივილი ჯერ არ გამოგვიცდია, მთელი სისხლი ჯერ კიდევ წინაა“, - განაცხადა მან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ.

პოლიტიკოსის პოსტი 7 მაისს გამოქვეყნდა მის ტელეგრამის არხზე. „ჩვენ, ქვეყანას, ჩვენს ხალხს მძიმე გამოცდები გველის,“ დაწერა მან. „გამარჯვებას რთულად მოვიპოვებთ, მისი ფასი დიდი იქნება და არც მალე არ მოვა ეს გამარჯვება“. 2022 წლის მობილიზაციას მან უწოდა „პირველი“. როგორც მისი ფორმულირებიდან ჩანს, რუსეთის მოქალაქეების მობილიზაციას მომავალშიც მოახდენენ.

როგოზინმა განაცხადა, რომ ომი შეიძლება მალე „ყველას სახლში მოვიდეს“. „ომი სახალხო, საკუთარი იქნება რუსეთის სულ უფრო მეტი ოჯახისთვის“, - თქვა მან. პოლიტიკოსს არ დაუზუსტებია, რასთანაა დაკავშირებული მისი პროგნოზები. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა შესაძლოა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მმართველობის ახალი ვადის დაწყების შემდეგ გამოცხადდეს. პუტინის ინაუგურაცია სამშაბათს გაიმართა.

როგოზინი რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი იყო 2011-2018 წლებში. ის იყო რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში. ამჟამად ის ფედერაციის საბჭოს წევრია ზაპოროჟიეს ოლქიდან. მოსკოვმა უკრაინის ამ რეგიონის ანექსიის შესახებ 2022 წელს გამოაცხადა. მისი უდიდესი ნაწილი კვლავაც კიევის კანონიერ კონტროლს ექვემდებარება, ანექსიას არ აღიარებენ არც უკრაინა და არც მსოფლიო თანამეგობრობა.

მოსკოვი უკრაინაში შეჭრას ოფიციალურად უწოდებს არა ომს, არამედ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“. რუსეთის სასამართლოებმა ჯარიმა და პატიმრობა დაუწესეს აქტივისტებს, რომლებიც ტერმინ „ომს“ იყენებენ. მაგრამ ამ სიტყვას მაინც ხმარობენ სახელმწიფო მოხელეთა უმაღლეს ეშელონებში (დეპუტატი როგოზინი ფორმალურად არ განეკუთვნება მათ რიგს).

ფორუმი

XS
SM
MD
LG