Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარებმა შეძლეს გარღვევა და პოკროვსკის რაიონის სოფელ ოჩერეტინოში გამაგრება


საილუსტრაციო ფოტო: უკრაინის პოლიციის სპეციალური ძალების მებრძოლები დონეცკის ოლქში, ავდეევკის მახლობლად მდებარე სოფელ ოჩერეტინოში. 15 აპრილი, 2024.
საილუსტრაციო ფოტო: უკრაინის პოლიციის სპეციალური ძალების მებრძოლები დონეცკის ოლქში, ავდეევკის მახლობლად მდებარე სოფელ ოჩერეტინოში. 15 აპრილი, 2024.

როგორც სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინას“ უთხრა უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცის“ სპიკერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ნაზარ ვოლოშინმა, რუსეთის ჯარებმა შეძლეს პოზიციების გარღვევა და პოკროვსკის რაიონის სოფელ ოჩერეტინოში გამაგრება.

მაგრამ, მისი თქმით, რაიონს, სადაც არიან თავმოყრილი რუსეთის ჯარები, უკრაინის არტილერია სწვდება.

„რაც შეეხება ოჩერეტინოს. მტერი გაიჭრა და გამაგრდა ამ დასახლებულ პუნქტში. ნაწილი, რომელშიც მოწინააღმდეგე იმყოფება, ჩვენი საცეცხლე კონტროლის ქვეშაა“, - თქვა ვოლოშინმა. „მივმართავთ ზომებს, რომ ის იქიდან განვდევნოთ. ასევე იქ გრძელდება მძიმე ბრძოლები, მაგრამ სიტუაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშაა“.

ვოლოშინის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დამატებითი რეზერვები აამოქმედეს. უკრაინის მხარის თანახმად, რუსები ცდილობენ შეტევა განავითარონ ავდეევკისა და მარიინკის დასავლეთით.

„ამ მონაკვეთზე მოწინააღმდეგემ გარკვეულ ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ ოპერატიული უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლო“, - თქვა ვოლოშინმა. მისი თქმით, ამ მიმართულებით თავდაცვის გასაძლიერებლად უკრაინის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ იმ ბრიგადების გადაადგილებას, რომლებმაც აღიდგინეს ბრძოლისუნარიანობა.

ოჩერეტინოში რუსეთის ჯარების შესაძლო გარღვევა საფრთხეს უქმნის უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილის მოცვას, რომელიც უფრო სამხრეთით, სოფელ ბერდიჩევის მახლობლად იცავს თავს. ამასთან, ოჩერეტინოდან 15 კილომეტრზე ნაკლებია მთავარ გზამდე, რომელიც ქალაქ პოკროვსკის გავლით სხვა დასახლებულ პუნქტებში მიემართება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG