Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი განიხილავს საფრანგეთის ინიციატივას რუსეთის გავლენის გამტარებლების სანქცირების შესახებ 


ევროკავშირი განიხილავს საფრანგეთის წინადადებას ახალი ტიპის სანქციების შემოსაღებად იმ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებში რუსეთის გავლენის გამტარები არიან, ხელს უშლიან დემოკრატიის განვითარებას, იწვევენ დესტაბილიზაციას და იყენებენ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს.

საფრანგეთის წინადადებას მხარს უჭერენ ნიდერლანდის სამეფო, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი. ინიციატივას დასამტკიცებლად ევროკავშირის ყველა ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება.

დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ ექსკლუზიურად მოიპოვა, ნათქვამია, რომ ამგვარი სანქციების საჭიროება მსოფლიოში რუსეთთან დაკავშირებული აქტორების მადესტაბილიზირებელი გავლენის გაზრდამ გამოიწვია, რაც ძირს უთხრის ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების მიზნებს, ხელს უშლის დემოკრატიის განვითარებას, აფერხებს კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვას და ეჭვქვეშ აყენებს ადამიანის უფლებების უპირობო პატივისცემის ვალდებულებას.

“თუკი შემოღებული იქნება სანქციების ახალი რეჟიმი, ამით ევროკავშირი დაადასტურებს თავის წამყვან როლს რუსეთის მიერ მართული დესტაბილიზაციების მცდელობების წინააღმდეგ ბრძოლაში”, - ნათქვამია დოკუმენტში.

სანქციების ახალი რეჟიმი გულისხმობს შეზღუდვების დაწესებას ისეთი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან ან გადაწყვეტილების მიმღებებთან.

სანქციების ახალი რეჟიმის სამიზნეები იქნებიან:

  • ისეთი ქმედებების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოების ან მესამე ქვეყნის სტაბილურობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებას, კანონის უზენაესობას ნებისმიერი ჩამოთვლილი საშუალებით:
  • დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების ძირის გამოთხრა ან შეფერხება, მათ შორის, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ხელის შეშლა;
  • კონსტიტუციური წესრიგის დესტაბილიზაცია ან დესტაბილიზაციის მცდელობა;
  • ძალადობრივი დემონსტრაციების ან ძალადობის აქტების დაგეგმვა, ხელმძღვანელობა, პირდაპირი ან ირიბი მხარდაჭერა;
  • ინფორმაციით მანიპულირება და კოორდინირებული კამპანიების მართვა პირდაპირ ან ირიბად.

სანქციები ასევე დაემუქრება:

  • ადამიანის უფლებების დარღვევისა და ძალადობისკენ მიმართული აქტივობების ორგანიზატორებს ან შემსრულებლებს;
  • მესამე ქვეყნებში შეიარაღებული კონფლიქტების და არასტაბილური ვითარებების ორგანიზატორებს;
  • ბუნებრივი რესურსებით მოვაჭრე და ველური ბუნების ექსპლუატატორებს, რომლებიც შეიარაღებულ კონფლიქტებს, არასტაბილურობას და დაუცველობას იყენებენ საკუთარი მიზნების მისაღწევად;
  • ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილი მავნე საქმიანობით დაკავებულ აქტორებთან არიან დაკავშირებული.

ისე, როგორც ევროკავშირის ავტონომიური სანქციების უმეტესობა, ეს ახალი რეჟიმი დამტკიცების შემთხვევაში გულისხმობს აქტივების გაყინვას და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ევროკავშირის ტერიტორიაზე.

უცნობია, როდისთვის მოხერხდება ან მოხერხდება თუ არა ამ წინადადებაზე 27-ივე სახელმწიფოს დათანხმება, თუმცა რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, საგულისხმოა, რომ წინადადების ავტორი საფრანგეთია და მას მხარს უჭერს კიდევ დასავლეთევროპული მძიმეწონოსანი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG