Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს


"არა რუსულ კანონს" - აქცია გმირთა მოედანზე. 2 მაისი, 2024 წელი
"არა რუსულ კანონს" - აქცია გმირთა მოედანზე. 2 მაისი, 2024 წელი

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ და საავტომობილო გზა გადაკეტეს. მათ ესტაკადის ერთი ნაწილი, საბურთალოდან სანაპიროზე მიმავალი გზა დაიკავეს.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რადიო თავისუფლებასთან განმარტა, რომ პროტესტის ამ მეთოდით სურთ დისკომფორტი შექმნან და რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მიაწვდინონ ხმა. აქციაზე ისმის შეძახილები: "არა რუსულ კანონს", "გამოდით".

მომიტინგეები ადგილზე 19:00 საათიდან შეიკრიბნენ, თუმცა მაშინ პოლიციამ მათ გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს აფრთხილებდნენ, რომ ტროტუარზე გამოეხატათ პროტესტი, რადგან მათი რაოდენობა საკმარისი არ იყო გზის გადასაკეტად.

გადაკეტილი გმირთა მოედანი, დრონის კადრი. თბილისი, 2 მაისი, 2024.
გადაკეტილი გმირთა მოედანი, დრონის კადრი. თბილისი, 2 მაისი, 2024.

პარალელურად, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია იწყება პარლამენტის შენობის წინ.

1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

ტერმინი „უცხოური ძალა“ განიმარტება, როგორც „უცხო სახელმწიფო, უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი“.

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ თბილისში მესამე კვირაა, უწყვეტად მიმდინარეობს. საპოლიციო ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ ხშირად იყენებს წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. სპეცრაზმელები ფიზიკურადაც უსწორდებიან დემონსტრანტებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG