Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თავს დამნაშავედ ვგრძნობ ხოლმე, აქ რომ ვარ" - ბრიტანეთს შეხიზნული უკრაინელების საზრუნავი


უკრაინელები ბრიტანეთიდან თავისიანების დასახმარებლად ერთიანდებიან. ფოტოილუსტრაცია.
უკრაინელები ბრიტანეთიდან თავისიანების დასახმარებლად ერთიანდებიან. ფოტოილუსტრაცია.

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში 175 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი შევიდა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ქალი და ბავშვია. ქვეყანამ ლტოლვილთა მისაღებად გაამარტივა სავიზო რეჟიმი და შექმნა უკრაინული ოჯახების დახმარების ფონდი, რომელშიც მასპინძელი ოჯახები ჩართო.  

ომიდან ორი წლის თავზეც ლონდონში ყველა უკრაინელი ან ახლად ჩასული ლტოლვილისთვის დახმარებას ცდილობს ან სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციაში ერთიანდება სამშობლოში დარჩენილების დასახმარებლად.

საღამო ხანს ლონდონში ჰოლანდ პარკ ავენიუზე მდებარე ტიპურ ბრიტანულ სახლში სხვადასხვა თაობის უკრაინელები იყრიან თავს. "ბრიტანეთში უკრაინელთა ასოციაციას" შენობა მემკვიდრეობით ერგო. ის მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უკრაინიდან ემიგრირებულმა ოჯახმა შთამომავლებს დაუტოვა. ეს სივრცე ახლა მეტწილად ომზე საუბარს, ომში მყოფთა დახმარების გზების ძიებას ეთმობა. ესაა ახალი თაობის - ადგილნაცვალი უკრაინელების განტვირთვის ადგილიც.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში უკრაინული დიასპორა, რომელიც ძირითადად მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იან წლებში ჩასული უკრაინელებისგან შედგებოდა, თითქმის გასამმაგდა. როგორც დიასპორის წარმომადგენლები ითვლიან, ომამდე ბრიტანეთში დაახლოებით 30 ათასი უკრაინელი ცხოვრობდა.

ომის გამო დევნილი უკრაინელებისთვის დიდ ბრიტანეთში თავშესაფრის პროგრამა მოქმედებს, რომლის ნაწილია ოჯახებში ექვსი თვით დაბინავება. აქაურების დახმარების მასშტაბი განუზომელიაო, ამბობენ აქტივისტები, რომლებიც რადიო თავისუფლებამ ლონდონში ჩაწერა. მათი დახმარებით ნატალია ტრონენკომ, რომელიც ორგანიზაციის „British-Ukrainian aid“ (ბრიტანულ-უკრაინული დახმარება) თანადამფუძნებელია, შეძლო უკრაინაში გაეგზავნა 35 ათასი პირველადი დახმარების კომპლექტი, 350 საევაკუაციო ავტომობილი, მუდმივად აგროვებენ სისხლს. ცდილობენ, არა მხოლოდ ბრიტანელებს, არამედ მთელ მსოფლიოს მიაწვდინონ ხმა.

პროფესიით ლინგვისტი ნატალია, ლონდონში ბოლო 30 წელია ცხოვრობს. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე გაცნობილ ხალხთან ერთად გაიაზრა, რომ მისი "ცხოვრება აღარასოდეს იქნებოდა ისეთი, როგორიც მანამდე იყო“. ომის დაწყებიდან მალევე, საქველმოქმედო ფონდი ჩამოაყალიბა, „მივხვდი, რომ დადგა დრო, როდესაც სამშობლოს ვჭირდებოდი და დახმარება შემეძლო... მას შემდეგ სამსახურისგან თავისუფალ დროს, მხოლოდ იმაზე ფიქრში ვატარებ, რით შეგვიძლია უკრაინას დავეხმაროთ“.

უკრაინელთა ასოციაციის შენობაში განწყობები მუდმივად იცვლება, თუ ერთხანს ალუბლის გულსართიან "ვარენიკებს" ამზადებენ, მეორე წუთს ყველა ტელეფონს ჩასცქერის - ნებისმიერი უკრაინული ქალაქის დაბომბვის შესახებ ცნობა ახლობლების მოკითხვით გრძელდება.

„სულ ასე ვართ, უკრაინული აპლიკაცია მაქვს თავშესაფრის რუკით, აქედანაც დროდადრო ვამოწმებ, რომელ რეგიონებს მიჩვენებს წითლად. რომელიც წითლადაა მონიშნული, ნიშნავს, რომ იქაა საფრთხე. სულ ასე ვართ, ველოდებით, როდის გამოჩნდება სინათლე გვირაბის ბოლოს“, - ამბობს ნატალია, რომელმაც 78 წლის დედა ხანგრძლივი ხვეწნის შემდეგ აიძულა ლონდონში გადასულიყო მასთან საცხოვრებლად, "მაგრამ გული სულ სამშობლოსკენ მიუწევს. იქ გაატარა მთელი ცხოვრება, აქ კი უსაფრთხოდაა, მაგრამ უნდოდა სიბერე უკრაინაში გაეტარებინა".

ასოციაციის შენობის ერთი ოთახიდან ხმაურიანი საუბარი ისმის, თხუთმეტამდე ახალგაზრდა აზარტულადაა ჩართული სამაგიდო თამაშში. „ამით არის ეს ჩვენთვის საინტერესო ადგილი, ერთმანეთს ვხვდებით, ისევ ვმეგობრდებით, აქ, ჩვენი ქვეყნიდან შორს“, - ამბობს 27 წლის ევჰენია სტრიხარი, უკრაინელი მოხალისე აქტივისტი. ის კიევიდან ომის დაწყების დღესვე გახიზნა ოჯახმა. ორი თვე პოლონეთში იყო დევნილთა ბანაკში ბიძაშვილთან ერთად. შემდეგ კი ლონდონში გადავიდა, ინგლისური იცის კარგად. 6 თვე მასპინძელ ოჯახში ცხოვრობდა და სამსახურს ეძებდა.

2022 წლის 24 თებერვალს კიევში დილის 5 საათზე ტელეფონზე დაგვირეკა ჩვენმა ბიძაშვილმა ბუჩიდან. ტიროდა,- ომი დაიწყოო. მიუხედავად იმისა, რომ ფრონტთან ახლოს არ ვიყავით, ვიბომბებოდით, მამაჩემი, რომელიც სამხედროა, აფეთქებების ხმას ითვლიდა. მაშინვე გადაწყვიტეს, რომ კიევი დამეტოვებინა“.

ევჰენიას მშობლები კიევში მოხალისეებად მუშაობენ, მისი ორი ბიძაშვილი ახლაც იბრძვის.

ხანდახან თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ აქ ვარ და ზოგი კი ვერ ტოვებს უკრაინას. ისინი ჯერ კიდევ იქ არიან. ამიტომ ვცდილობ გავაკეთო ყველაფერი, რის გაკეთებაც შემიძლია აქ. რომ თუნდაც ამით დავეხმარო ხალხს“, - ევჰენიამ დააარსა ორგანიზაცია „Нашi“ (ჩვენები) რომლის წევრებიც აგროვებენ სისხლს უკრაინაში დაჭრილებისთვის. „შორს რომ ვართ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ქალაქები იბომბება, იქ ყოველდღე ფეთქდება ჭურვები“.

ევჰენია მომავალზე ლაპარაკს გაურბის, ისევე როგორც თითქმის ყველა უკრაინელი, „ადრეა ჯერ ამაზე ლაპარაკი. 6 თვე ველოდებოდი სამსახურის დაწყებას და ვფიქრობდი, განა ექვი თვის მერეც აქ ვიქნები? გასულ კვირაში ორი წელი შესრულდა, რაც აქ ვარ, არ ვიცი, რა იქნება ხვალ“.

წელს პირველად უკრაინაში შობა 25 დეკემბერს აღნიშნეს. 2023 წლის 1 სექტემბრიდან უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია ფიქსირებული (უძრავი) დღესასწაულების აღნიშვნის ახალ სტილზე გადავიდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის (UGCC) სინოდმა, მორწმუნეების მოთხოვნის საფუძველზე.

წელს პირველად 25 დეკემბერს აღნიშნეს შობა ლონდონის წმინდა ოჯახის სახელობის ეკლესიაში. ეპისკოპოსი, უკრაინის კათოლიკური ეპარქიის წინამძღვარი დიდ ბრიტანეთში, კენეთ ნოვაკოვსკი ამბობს, რომ ტაძარში ახლა არა მხოლოდ ლოცულობენ, არამედ იქვე მუშაობს უკრაინელთა დახმარების ცენტრი, სადაც პირველადი საჭიროების გარდა ლტოლვილებს იურიდიულ დახმარებასაც უწევენ და ინგლისურ ენას ასწავლიან.

„ჩვენთან ძირითადად მოდიან ომიდან გამოქცეული ქალები მცირეწლოვანი ბავშვებით და პირველი, რასაც აკეთებენ, იმის გარკვევას ცდილობენ რა ხდება სახლში. ჩვენ შევძელით მათთვის უსაფრთხო გარემო შეგვექმნა და მე მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რის მიცემაც ეკლესიას შეუძლია ადამიანისთვის, არის იმედი და ჩვენ ვცდილობთ მივცეთ ხალხს ეს იმედი“.

ეკლესია უკრაინელ კათოლიკეებს 1967 წელს გადაეცათ. კვირაობით იქ ყოველთვის თავს იყრიდნენ უკრაინელი ემიგრანტები. ომის დაწყების შემდეგ ის მაღალი რანგის პოლიტიკოსებს და სამეფო ოჯახსაც ხშირად მასპინძლობს.

2022 წელს დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას დასახმარებლად 342 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოყო, მსოფლიო დონორების სიაში დახმარების ოდენობით დიდი ბრიტანეთი მერვე იყო.

2024-2025 წლებში დიდი ბრიტანეთი კიდევ 155 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას გეგმავს.

სულ უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებაზე 2022 წლიდან 357 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაიხარჯა.

რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინამ ყველაზე დიდი სამხედრო დახმარება აშშ-ის შემდეგ დიდი ბრიტანეთისა და გერმანიისგან მიიღო.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG