Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავიღალეთ, მაგრამ კარვებს არ დავშლით - ინტერვიუ ვარლამ გოლეთიანთან


რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგე მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ისევ გაშლილ კარვებში რჩება და მიუხედავად იმისა, რომ ჰესის მშენებელმა კომპანია „ენკამ“ ხელისუფლებასთან დადებული ხელშეკრულება გაწყვიტა, პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავს.

პირიქით, როგორც მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი ეუბნება რადიო თავისუფლებას, სადაც 15 თვეა იბრძვიან და ხელისუფლების მკაფიო პასუხებს ელიან, კიდევ დაიცდიან. ხოლო მიზნის მისაღწევად მშვიდობიანი პროტესტის ყველა გზას მიმართავენ, რაც კი არსებობს.

რას გეგმავენ „რიონის ხეობის მცველები“? რატომ არ ტოვებენ ხეობას და რა კითხვები დარჩათ ხელისუფლებასთან? რატომ აქვთ განცდა, რომ მარტონი დარჩნენ? რადიო თავისუფლება ამ საკითხებზე ვარლამ გოლეთიანს ესაუბრა.

ვარლამ გოლეთიანი რიონის ხეობის მცველების გეგმებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:07 0:00

რადიო თავისუფლება: ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, რომლის გადადგომაც თქვენი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, აღარ არის ამ პოსტზე - როგორ ფიქრობთ ახლა ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პროცესი თავიდან გაქვთ დასაწყები? მოელით, რომ ეს საკადრო ცვლილება ნამახვანჰესის აშენების პროცესშიც შეცვლის რამეს?

ვარლამ გოლეთიანი: ნათია თურნავას წასვლა და მის ადგილას ლევან დავითაშვილის მოსვლა ჩვენთვის სურათს არსებითად არ ცვლის. რადგან ენერგეტიკის სფერო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ძირითადი აქცენტი ჩვენგან ეკონომიკის მინისტრზე ამიტომ კეთდებოდა, თორემ როდესაც ჩვენ ნამახვანჰესზე, გარემოსდაცვით ნაწილში, გადაწყვეტილებებს ვაპროტესტებთ, ნებართვები სწორედ დავითაშვილის გაცემულია. ამიტომ იმის იმედი, რომ რაღაც შეიცვლება, არ გვაქვს. პირიქით, შესაძლოა, კიდევ უფრო დამძიმდეს მოცემულობა, რადგან, თუ გადავხედავთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც დღეს მზადდება, ვნახავთ, რომ სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება, ვიდრე ის აქამდე იყო.

რადიო თავისუფლება: გუშინ თქვენ ახსენეთ, რომ რიონის ხეობის მცველების თქვენი პროტესტი შეიძლება ისევ გააქტიურდეს. რამე კონკრეტული გეგმა გაქვთ?

ვარლამ გოლეთიანი: კი, ვფიქრობთ ამაზე, რადგან არ გვინდა, რომ საზოგადოებას სიმართლე ეგონოს ის, რასაც ხელისუფლება დანაშაულებრივი ვექტორის ჩვენკენ, ხალხისკენ გადმოტანით ცდილობს, თითქოს ჩვენი მიზანი ინვესტორის დევნა იყო და ახლა ეს გვიხარია.

რადიო თავისუფლება: „ენკას“ წასვლას ხომ ითხოვდით?

ვარლამ გოლეთიანი: ჩვენ, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ხელისუფლების არასწორ გადაწყვეტილებებს ვაპროტესტებდით. ახლაც ასე ვფიქრობთ, რომ თუ ეს პროცესი საფუძველშივე, კანონის დონეზე არ გასწორდა, ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, ერთი ინვესტორი წავა თუ სხვა მოვა იგივე პირობებით.

რიონის ხეობის გადარჩენისთვის - მოძრაობის წევრები, პროტესტის 468-ე დღე
რიონის ხეობის გადარჩენისთვის - მოძრაობის წევრები, პროტესტის 468-ე დღე

რადიო თავისუფლება: ისიც თქვით, რომ სულ მარტო დავრჩითო.

ვარლამ გოლეთიანი: კი, ასეა. ჩვენი საინფორმაციო არეალიც მხოლოდ ჩვენი ფეისბუკის გვერდია. ეს სივრცე კი ხალხის ინფორმირებას არ ჰყოფნის. დღეს ყველა მედიიდან მხოლოდ ეს ისმის, რომ ინვესტორი გაიქცა, ინვესტორი აღარ შემოვა, სამუშაო ადგილები აღარ შეიქმნება... ჩვენ იმაზე ვდაობთ, თუ როგორი იყო ეს ინვესტიცია, კარგი თუ ცუდი. ამის ახსნას ვცდილობთ, მაგრამ არსად ამის სივრცე არ იქმნება. 15 თვეა, ეს არის ჩვენი მიზანი, რომ როგორმე ამ საკითხის შინაარსობრივი განხილვები დაიწყოს. ხელისუფლება დღეს რაღაც ცალკარა თამაშს თამაშობს და ცდილობს მოგვნათლოს აგენტებად, მაგრამ ჩვენ, სანამ არ მივაღწევთ სიმართლის საჯაროდ თქმას და პასუხებს არ მივიღებთ, სხვა გზასაც ვერ ვხედავთ, როგორ უნდა გამოვაჯანსაღოთ ეს პროცესი ან რა უნდა იყოს ჩვენი მცდელობა. ახლა გამოსავალს მხოლოდ საჯარო ფორმატის შექმნაში ვხედავთ, სადაც ყველა კითხვა დაისმება და პასუხებს საზოგადოება ღიად მოისმენს.

რადიო თავისუფლება: და თუ ეგ არ მოხდა, მაშინ?

ვარლამ გოლეთიანი: ჩვენ ამ ბრძოლას თავს ვერ დავანებებთ. მერე კი უკვე, რასაც პროცესი მოგვთხოვს, ისე მოვიქცევით და მოგვიწევს ეს მოძრაობაც ამის მიხედვით გარდაიქმნას, ჩვენც გავაფართოვებთ ბრძოლის არეალს, თუ ეს საჭირო გახდება. მე პირადად, ამ საკითხის ხელისუფლების სასარგებლოდ გადაწყვეტას არ ველი. კი გავწვალდებით, მაგრამ სადამდეც შევძლებთ, ვიქნებით.

რადიო თავისუფლება: თუ გიფიქრიათ პროტესტის შეწყვეტაზე და სახლში წასვლაზე? თუნდაც დაღლის გამო, 15 თვე არ არის ადვილი ამ რეჟიმში ცხოვრება.

ვარლამ გოლეთიანი: კი, მართლა ვართ დაღლილები, მაგრამ თან მთლად უშედეგოც არ იყო ეს პროტესტი. შეიძლება ბევრი სხვა ნიშნით ხდება ჩვენი, როგორც მოძრაობის დისკრედიტაცია, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ეს პროცესი შევაჩერეთ? აქ მაინც ხომ გადარჩა ეს რესურსი? ჩვენ ასე მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება წყლის, მიწის, ტყის და მსგავსი რესურსების უბრალოდ გაყიდვა, როგორც ნედლეულის. თუ გრძელვადიან პერსპექტივაში შემოსავალი არ გვექნება, არ შეიძლება უბრალოდ ადგე და გაყიდო ამოწურვადი რესურსი. ყველაფერს რომ გაყიდი, მერე რას იზამ, რაღას გაყიდი? თუმცა ეს პროცესი მაინც ინათლება, როგორც ინვესტიციის დევნა, ჩვენ კი - ამით გახარებული ხალხი. არ არის ეგ სიმართლე. ჩვენ გვინდა ქვეყანაში შემოდიოდეს ისეთი ინვესტიცია, რომლითაც ინვესტორიც ისარგებლებს და ქვეყანაც და არა ერთი ვინმე კერძო პირი. თუ ეს ასე არ არის, მაშინ აგვიხსნან და დაგვარწმუნონ საპირისპიროში. არ გვიხსნიან. ან ხომ შეიძლება ღიად განუმარტონ საზოგადოებას, როგორ უყურებენ ამ საკითხებს? თუ ასე უყურებენ, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავყიდოთ რაღაც ღირებულებად, მაგაში, ცხადია, ვერ შევთანხმდებით.

რადიო თავისუფლება: დღეს რა ძირითადი კითხვები ან პრეტენზია გაქვთ ხელისუფლებასთან მთელი ამ პროცესის შემდეგ?

ვარლამ გოლეთიანი: ჩვემთვის პრობლემაა ის, თუ როგორ უყურებს ხელისუფლება ნამახვანჰესის საკითხს: მათი აზრით, არსებობს ხალხთან კომუნიკაციის პრობლემა, ოღონდ ამას ისე კი არ ხედავენ, რომ დავსხდეთ, ერთად განვიხილოთ საჭიროებები, მოსახლეობა იყოს ჩართული და ერთად ვიმსჯელოთ. არა. ისინი ხალხთან მოდიან უკვე წინსწრებით გადაწყვეტილი პოზიციით და ამბობენ, რომ ეს ვერ მივიტანეთ მოსახლეობასთან კარგად და ამას მოჰყვა პროტესტიო. ეს უკვე არასწორია. და მეორე - ხელისუფლება პრობლემას ხედავს იმაში, რომ ინვესტორი „უფრო მოქნილი უნდა ყოფილიყოო“, მინისტრმა თურნავამ რამდენჯერმე ახსენა თავის გამოსვლებში, ინვესტორს მოთმინება არ ეყოო. მეტ პრობლემას ვერც ხედავენ. საერთოდ არ აღიარებენ, რომ ეს სისტემური საკითხია, ამაზეა სალაპარაკო. ჩვენ ვამბობთ, რომ ინვესტორი მთელ პროცესში ყველაზე ნაკლებად დამნაშავეა. ჩვენ გვინდა, რომ ხელისუფლებაზე გავაკეთოთ აქცენტი, მის არასწორ ნაბიჯებზე და არა ინვესტორზე, მაგრამ პარადოქსია, ახლა რაც ხდება, რომ ოპოზიციურად განწყობილი მედიაც კი, რომელსაც თავისი არსიდან გამომდინარე, ეჭვი უნდა შეჰქონდეს ხელისუფლების საქმიანობაში, ნამახვანის საკითხში ხელისუფლების მხარეს დგას.

რიონის ხეობის მცველები ისევ იღებენ ტრადიციულ ფოტოს
რიონის ხეობის მცველები ისევ იღებენ ტრადიციულ ფოტოს

რადიო თავისუფლება: ხომ არ გგონიათ, რომ მაგის მიზეზი 5 ივლისის მოვლენებიცაა და თქვენი მაშინდელი პოზიცია?

ვარლამ გოლეთიანი: მაგას ჩვენც ვხვდებით, რომ ერთ-ერთი მიზეზი ეგ შეიძლება იყოს, მაგრამ მაინც არ ამართლებს ეგ მედიის თუ სხვების დღევანდელ პოზიციას. იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი, ვარლამ გოლეთიანის პრობლემა. შეიძლება ვინმე არ მეთანხმება რაღაცაში, ბევრ სხვა თემაზე იყოფა ჩვენი აზრი, მეც არ ვეთანხმები ბევრ რამეში ვიღაცას, მაგრამ ვიტან და ვითმენ, იმიტომ, რომ საქმეა ჩემთვის პრიორიტეტი. ამიტომ, მე მაინც მგონია, რომ მედია ასეთ დროს მაინც ხალხთან უნდა იდგეს. ჩვენ კი აქ, ხალხი ვართ, მოსახლეობა.

რიონის ხეობის მცველების კარვები
რიონის ხეობის მცველების კარვები

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რა მოხდება, თქვენ რომ დატოვოთ ხეობა და პროტესტიც შეწყვიტოთ?

ვარლამ გოლეთიანი: ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ეს არ არის დასრულებული პროცესი. გვესმის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები: „ენკა“ ამბობს, ვწყვეტთ ხელშეკრულებას და მივდივართო, მაგრამ, მეორე მხრივ, ხელისუფლებისგან გვესმის, რომ კიდევ მიდის მოლაპარაკებები ინვესტორთან. ცხადია, ამ ფონზე ჩვენ ვერ ავიღებთ კარავს და ვერ წავალთ სახლებში, რადგან არ ვიცით, ხვალ როგორ დალაგდება აქ ვითარება. თან, არც „ენკა“ გაქცეულა აქედან თავქუდმოგლეჯილი - ისევ დგას მისი ტექნიკა და ერთი წამის ამბავია, რომ პროცესი თავიდან შემობრუნდეს. ვერ დავტოვებთ აქაურობას, სანამ არ მოვისმენთ ხელისუფლებისგან ცალსახა პასუხებს. ამას ველოდებით. გარკვეული ბერკეტები ჩვენც გვაქვს - ისევ გადავიტანთ ამ კარვებს კომპანიის ბაზასთან. მათაც შევაწუხებთ, მოვთხოვთ, რომ ხელისუფლებამ გაგვცეს კითხვებზე პასუხები. კანონის ფარგლებში რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვიზამთ. სხვა მხრივ, რამე ფორმულა არ მაქვს, რა უნდა ვქნათ, ამიტომ არის ეს ბრძოლა ასე რთული. თუმცა ამ სიმტკიცეს აქვს როგორც ლოკალური, ისე გლობალური შედეგებიც.

ჩვენ ვართ მოსახლეობა და როგორც უნდა არ მოვწონდეთ მედიას ან ოპოზიციას, - რაც არასწორი გვგონია, - მთავარი მაინც ის არის, რომ აქ ყველას საქმე ფუჭდება. ამ ხელისუფლების, ამ მედიის და ამ ოპოზიციის.

2021 წლის სექტემბერში გავრცელდა ამბავი, რომ ნამახვანჰესის მშენებელი თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ საქართველოს მთავრობასთან ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტდა. კომპანია ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მისი პირობების დარღვევას და ფორსმაჟორს ასახელებდა.

„ენკას“ წასვლა ჰესის მოწინააღმდეგეების მიერ გამარჯვებად შეფასდა, თუმცა, ხელისუფლების პოზიცია ჰესის აშენების თაობაზე არ შეცვლილა და 2021 წლის ბოლოს, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თუ კომპანია არ დარჩება ნამახვანჰესის პროექტში, მაშინ პროექტი შეიძლება თვითონ სახელმწიფომ განახორციელოსო. მისივე სიტყვებით, ხელისუფლება „ენკასთან“ მოლაპარაკებებს აგრძელებდა, რომ საქმე არბიტრაჟის გარეშე დასრულებულიყო. თურნავა მაშინ არც იმას გამორიცხავდა, რომ „ენკა“ სხვა ინვესტორს ჩაენაცვლებინა.

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ნამახვანი აშენდება, აშენდება სწორად და სახელმწიფოს ძალიან დიდი ჩართულობით“, - განაცხადა მაშინ ნათია თურნავამ.

რა ეტაპზეა დღეს ეს მოლაპარაკებები „ენკასთან“ ან „სხვა ინვესტორთან“, თუ ის არსებობს, და საერთოდ, როგორია ხელისუფლების გეგმა, ეს კითხვები ეკონომიკის სამინისტროს რადიო თავისუფლებამ დღესაც დაუსვა, თუმცა მათ ჯერ პასუხი არ დაუბრუნებიათ.

ამასობაში კი, „რიონის ხეობის მცველები“ უკვე 468 დღეა, კარვებს არ ტოვებენ და ხეობაში ნამახვანჰესის აშენების წინააღმდეგ იბრძვიან. უცვლელია მათი მოთხოვნებიც:

  • გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“.
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
  • ასევე გამოვლინდნენ უკანონო გადაწყვეტილებების მიმღები პირები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი.

მათ მოთხოვნებს შორის იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომაც, რომელიც ამ პოსტზე ერთი დღის წინ გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შეცვალა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG