Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული მედიის პარალელიზმის ანატომია


1994 წელი იყო, როცა „დრონში“ ჯერ პრაქტიკაზე მივედი, შემდეგ კი იმ დროისთვის ერთ-ერთ გავლენიან გაზეთში სამუშაოდ დავრჩი. 1991-92 წლების თბილისის ომი უკვე ჩავლილი იყო და ის, რომ რამდენიმე წლით ადრე „დრონი“ პრეზიდენტ გამსახურდიას ოპოზიციისთვის თავისუფალი აზრის გამოხატვის მთავარი ტრიბუნა იყო, მხოლოდ საარქივო მასალებიდან და ჩემი კოლეგების ნაამბობიდან შემეძლო გამეგო. ფინანსური სირთულეების გამო, მოგვიანებით გაზეთი „დრონი“ მედიარუკიდან გაქრა, თუმცა ამ სახელის ხსენებისას, განსხვავებული სუბიექტური ინტერპრეტაციებით, მაგრამ მაინც, ყველას გაახსენდება ის როლი, რომელიც ამ გაზეთმა საქართველოში 1991-92 წლებში განვითარებული მოვლენებისას ითამაშა.

„დრონის“ მაგალითი კარგი ილუსტრაციაა ქართული თანამედროვე მედიის უახლესი წარსულისა და იმ საკითხების გასააზრებლად, რომლებიც პოლიტიკურსა და მასმედიის სტრუქტურებს შორის სისტემურ თუ ფრაგმენტულ კავშირებს შეეხება და რომლის ხარისხი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების ხარისხის მიხედვით ვარირებს. ამ ბლოგის დაწერის სტიმულად ჩემთვის, ცხადია, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრებასთან დაკავშირებით განვითარებული დავა, მისი ქონების დაყადაღება და ჟურნალისტური ობიექტურობის გარშემო ისეთივე ინტერპრეტაციული დისკურსი აღმოჩნდა, როგორიც თავად ობიექტურობის გაგებაა.

პირველ რიგში, ალბათ, იმ საკითხზე ღირს დაფიქრება, თუ რამდენად არის მედია საქართველოში თვითკმარი ბიზნესი, რაც დაგვეხმარება იმ პოლიტიკური გავლენების უკეთ გააზრებაში, რომლებიც მედიაინსტიტუტზე ზემოქმედებენ. ის დრო, როცა დამოუკიდებლობის პირველ წლებში მრავალტირაჟიანი გაზეთები საკუთარ თავს ინახავდნენ, „დრონის“ მსგავსად, ზოგიერთი გამოცემისთვის ხანმოკლე აღმოჩნდა, ზოგმასიცოცხლისუნარიანობა სხვადასხვა, მათ შორის პოლიტიკური სუბსიდიით გაიხანგრძლივა, რისთვისაც ასლან აბაშიძისა და სხვათა დაფინანსებული მედიასაშუალებების არდავიწყებაც გვმართებს. სატელევიზიო მედიის განვითარებამ მედიაბაზარზე კონკურენცია გაზარდა. თუ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სტატისტიკას გადავხედავთ, ტელევიზიების მაგალითზე კიდევ უფრო ცხადად დავინახავთ, რომ მედია სტაბილურად თვითკმარი ბიზნესი არ არის, ხოლო ბაზარზე არსებული მოთამაშეები ბაზრის მოთხოვნებს სჭარბობენ. უფრო მეტიც, ზოგიერთი ტელეკომპანიის შემოსავლებში რეკლამის ხვედრითი წილიუმნიშვნელოა ან ვერ ამართლებს იმ მასშტაბური პროექტების დანახარჯებს, რომლებიც ეკრანიდანაც თვალშისაცემია.

თუ მედია ფინანსურად სტაბილურად მომგებიანი ბიზნესი არ არის, მაშინ რა არის ის, რაც მის სიცოცხლისუნარიანობას განსაზღვრავს და რა სარგებელი მოაქვს მას? ქართული მედიის უახლესი ისტორია ცხადყოფს, რომ სწორედ პოლიტიკური ინტერესები და განსხვავებული ინტერესების კონფლიქტი განაპირობებდა და დღესაც უზრუნველყოფს ჩვენში პლურალისტურ გარემოს, როგორც ეს ჩანასახოვანი დემოკრატიის ქვეყნებში ჩვენზე გაცილებით ადრე დაიწყო.

ქართულ მედიაბაზარზე ბადრი პატარკაციშვილის „იმედი“, მოგვიანებით ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის „მე-9 არხი“ და GDS-ი და ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებული „რუსთავი 2“ პოლიტიკური პარალელიზმის ნიშნების მატარებელი მედიუმებია:

ბადრი პატარკაციშვილმა, რომელიც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს, 2007 წლის დეკემბერში ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებისადმი ვიდეომიმართვაში დაუფარავად ისაუბრა ხელისუფლების შეცვლის ამოცანის მიღწევის შესაძლო საშუალებების შესახებ. მას შემდეგ, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავის პოლიტიკურ მიზანს მიაღწია და ხელისუფლება შეცვალა, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო „პახმელიაზე“ დახურა თავისი ოჯახის კუთვნილი ტელეკომპანია „მე-9 არხი“; მოგვიანებით კი ასევე ივანიშვილების საოჯახო GDS-ი გასართობი არხიდან იმ პლატფორმად გადააქცია, საიდანაც მიმდინარეობს ყოფილი პრემიერისა და პოლიტიკურ პროცესებზე ამჟამადაც ექსკლუზიური გავლენის მქონე პირის „მომავლის პროექტის“ – „20/30“-ის ვირტუალურ სივრცეში ხორცშესხმის პროცესი. „რუსთავი 2“-მა კი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობასთან არის დაახლოებული და რომელმაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ჩვეულ „უოჩდოგურ“ ფუნქციაზე მეტად გასართობ გადაცემებს მიანიჭა უპირატესობა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლების ცვლილებების კვალობაზე გადახედა სარედაქციო პოლიტიკას და კრიტიკული გახდა ახალი მმართველი გუნდის მიმართ.

ეს მოცემულობა სრულიად არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, თითქოს მხოლოდ ერთი არხია პოლიტიკურად მიკერძოებული და ყველა სხვა მედიასაშუალება პოლიტიკური გავლენების მიღმა დგას. თუ მედია პოლიტიკურად დიფერენცირებულია, ეს უკავშირდება არა პარტიებს, არამედ ზოგად პოლიტიკურ ტენდენციებს, ხოლო მედიაზე პოლიტიკური პარტიების ძლიერი გავლენა სწორედ იმ სისტემებისთვის არის დამახასიათებელი, რომლებიც პოლარიზებული პლურალიზმისკენ არის მიდრეკილი. სწორედ დაპირისპირებული პოლიტიკური ინტერესებია ის მამოძრავებელი, რაც ჩვენს პოლარიზებულ სივრცეში პლურალისტურ გარემოს უზრუნველყოფს. დღევანდელ რეალობაში კი ჩვენში პლურალზმი სწორედ „რუსთავი 2“-ის ხარჯზე მიიღწევა, ისევე, როგორც ეს იყო 2003 წელს დაფუძნებული „იმედისა“ და 2012-ისთვის განახლებული „მე-9 არხის“ შემთხვევაში.

როგორი სარედაქციო პოლიტიკაც უნდა ჰქონდეს მედიასაშუალებას, ალტერნატიული წყაროების არსებობა ყოველთვის დადებითად აისახება საერთო მედიაგარემოზე, რადგან საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი, ინფორმაციული ღირებულების მქონე ფაქტების გაზიარება პირველწყაროსთან ერთად სხვა მედიუმებსაც უწევთ და ამოსავალი აქაუდიტორიისა და საზოგადოების ნდობის შენარჩუნებაა. ციხის სკანდალური კადრების ეთერში გაშვების პირველწყარო, მართალია, ტელეკომპანიები „მაესტრო“ და „მე-9 არხი“ იყვნენ, მაგრამ ეს მასალა იმავე დღეს, სარედაქციო პოლიტიკის მიუხედავად, ყველა ნაციონალური არხის ეთერით გადაიცა. განსხვავებული ინტერესების არსებობა ამცირებს ერთი დაინტერესებული პირისა თუ ჯგუფის ხელში როგორც მედიასაკუთრების კონცენტრირებას, ისე ერთგვაროვანი საინფორმაციო ნაკადების დომინირებას. ბიძინა ივანიშვილის მორიგი, რომ იტყვიან, გულწრფელი აღშფოთება საზოგადოებრივი მაუწყებლის, „მაესტროსა“ და, ნაწილობრივ, „იმედის“ გამო, სწორედ საერთო საინფორმაციო პოლიტიკაზე „რუსთავი 2“-ის გავლენას უკავშირდებოდა: „რამეთუ ნებსით თუ უნებლიეთ, აზრით თუ უაზროდ, გაუგებრობით თუ გაგებით, პრაქტიკულად იმ თემის აჟიტირებას აკეთებენ, რა თემებსაც წამოსწევს „რუსთავი2“... ეს არის წამყვანი ფსონის... ჩემი გააქტიურების ერთ-ერთი მიზეზიც ეს არის“, – განაცხადა ივანიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი, რომ პრესას მთავრობის კრიტიკის უფლება აქვს, ცხადია, ორმხრივი სიამოვნების მომგვრელი პროცესი არ არის და თუნდაც მედიის მხრიდან გაზვიადებისა და გადაჭარბების შემთხვევაში, მას გაცილებით მეტი სარგებელი მოაქვს საზოგადოებისათვის, ვიდრე მხოლოდ იმ სიმართლის მოსმენას, რაც ყურს ეამება. სიმართლეს იდეათა თავისუფალი მოძრაობა წარმოშობს, და არა საკუთარი მოსაზრებების ერთადერთ ჭეშმარიტებად გამოცხადება.

დასასრულს, ალბათ ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიტიკური პლურალიზმის აუცილებლობით მედიაზე პოლიტიკური გავლენების გამართლება სულაც არ ნიშნავს, რომ უნდა უგულებელვყოთ მედიის ინსტრუმენტალიზაციის საფრთხე, რაც, როგორც ადრეული დემოკრატიის ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, მედიის კომერციალიზაციითა და პროფესიონალიზაციით დაიძლევა.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG