Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაზზე გადაყვანილი სტუდენტები“ - სტუდენტების პროტესტი


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ე.წ. მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ და მოუწოდებენ ეკონომიკის სამინისტროს კომპანია „გაზვილს“ სადგურის ასაშენებლად ალტერნატიული ფართი შესთავაზოს. მსგავსი მოთხოვნით მთავრობასა და მერიას ერთი თვის წინ უკვე მიმართა თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ. როგორ პასუხობენ სტუდენტების ამ მოთხოვნებს ეკონომიკის სამინისტრო და კომპანია „გაზვილის“ წარმომადგენლები?

საყვირების ხმა, შეძახილები, ხმაური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან, მელიქიშვილისა და რუსთაველის გავლით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომდე ისმოდა: „გაზზე გადაყვანილი სტუდენტობა“, „ჩვენ არ დავთმობთ“, „თსუ სტუდენტებისაა“ - ასეთია ტრანსპარანტების მთავარი მესიჯები. ამ ხმაურის მიზეზი თსუ-ს ე.წ. მაღლივ კორპუსთან დაგეგმილი გაზგასამართი სადგურის მშენებლობა გახდა. ეს სტუდენტების რიგით მეორე აქციაა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, დამოუკიდებელი მოძრაობა „სტუდენტური სოლიდარობის“ წარმომადგენელი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ირაკლი კუპრავა გვეუბნება, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც გაზგასამართი სადგურის მშენებლობა იგეგმება, სტუდენტები ტრანსპორტის გაჩერებით სარგებლობდნენ, თუმცა, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ არის სტუდენტთა პროტესტის მიზეზი:

„პირველი აქცია 15 დღის წინ გვქონდა მერიასთან, თუმცა არანაირი შედეგი არ მოჰყოლია ამ აქციას მიუხედავად იმისა, რომ შევხვდით მერს და დაგვპირდნენ, რომ შეიქმნებოდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმსჯელებდა გაზგასამართი სადგურისთვის ალტერნატიული ადგილის გამოძებნაზე. ასევე შევხვდით ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, რომელიც, წესით, ფართო ფორმატის უნდა ყოფილიყო, მასში მონაწილეობა უნდა მიეღოთ სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებს, მაგრამ, საბოლოოდ, შეხვედრა გვიან ღამით, 22:30-ზე, არაფორმალურ გარემოში შედგა. 4 000 სტუდენტი, რომელიც მაღლივ კორპუსსა და განივ კორპუსში ყოველდღიურად სწავლობს, არ უნდა იყოს ერთი მხრიდან გაზგასამართი სადგურისა და მეორე მხრიდან სასაფლაოს ტყვეობაში“, - ამბობს ირაკლი კუპრავა.

ლადო პაპავა
ლადო პაპავა

ერთი თვის წინ მაღლივ კორპუსთან დაგეგმილი მშენებლობის გამო თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ მთავრობას, თბილისის საკრებულოსა და დედაქალაქის მერიას წერილობით მიმართა და მოუწოდა მაქსიმალურად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებები, რათა უგულებელყოფილი არ იქნეს უნივერსიტეტის, სტუდენტების ინტერესები:

„გარდა იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ახალგაზრდების უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფას, აფერხებს საუნივერსიტეტო სივრცის განვითარების შესაძლო პროექტებს, ასევე იგნორირებულია უახლოეს წარსულში გამოცხადებული არაერთი საინტერესო ინიციატივა, მათ შორის, ახალგაზრდული ცენტრის, კვების ობიექტების მშენებლობაზე, რაც სტუდენტობისთვის განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, სამთავრობო სტრუქტურებმა ეს ინიციატივა შეცვალეს და დღეს სახეზე გვაქვს ავტოტრანსპორტისთვის გაზგასამართი სადგურის მშენებლობის გადაწყვეტილება“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქვს პრეროგატივა, რომ ამ ბიზნესისთვის გამოყოს ალტერნატიული ფართი, რადგან ერთი პრეცედენტი უკვე არსებობს. მაღლივის მიმდებარე ტერიტორიაზე, მწვანე ზოლში, იგეგმებოდა სასაფლაოს მშენებლობა...
ლევან ლორთქიფანიძე

თსუ-ს სტუდენტი ლევან ლორთქიფანიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ სასწავლო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობებისას აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულების განვითარების ლოგიკა და ის სხვა სტუდენტებთან ერთად მოითხოვს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაზგასამართი სადგურის ასაშენებლად ალტერნატიული ფართი გამოყოს. სწორედ ამის გამო მიაკითხეს სტუდენტებმა 20 ოქტომბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქვს პრეროგატივა, რომ ამ ბიზნესისთვის გამოყოს ალტერნატიული ფართი, რადგან ერთი პრეცედენტი უკვე არსებობს. მაღლივის მიმდებარე ტერიტორიაზე, მწვანე ზოლში, იგეგმებოდა სასაფლაოს მშენებლობა და, მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობით, ამ სასაფლაოსთვის სხვა ფართი გამოიყო. იგივე პრეცედენტის გამოყენებას ვითხოვთ ახლაც“, - ამბობს ლევან ლორთქიფანიძე.

სტუდენტების აქციის პარალელურად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ 2000 კვ.მ. არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და იგი არ ეკუთვნოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული ქონება პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით 2013 წლის 15 ოქტომბერს 1,02 მილიონ ლარად გაასხვისა, 1,5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნულ ქონებას უკვე კერძო, კანონიერი მფლობელი ჰყავს, რომელიც უფლებამოსილია გამართოს ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკებები აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება თბილისის მერიას, უწყებას, რომელმაც გაზგასამართი სადგურის მშენებლობაზე ნებართვა გასცა, ჯერ კიდევ თითქმის ერთი თვის წინ გაავრცელა ოფიციალური განცხადება დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით, სადაც წერია, რომ მშენებლობის ნებართვა გაცემულია უსაფრთხოებისა და ყველანაირი ტექნიკური მოთხოვნის სრული დაცვით. ამასთან, გაზგასამართი სადგური არავითარ პრობლემას არ შეუქმნის სხვა ობიექტების ფუნქციონირებას, მათ შორის, არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და არც ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობის პროექტს.

მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული აალების უსაფრთხოების ზომები, ასევე მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული აფეთქების რისკები, გამორიცხული უნდა იყოს ნებისმიერი მექანიკური დაზიანებაც კი. ძალიან პრობლემატურად მიმაჩნია აქ მსგავსი მშენებლობის დაწყება...
ნინო ჩხობაძე

ტერიტორია, სადაც კომპანია „გაზვილი“ გაზგასამართი სადგურის მშენებლობას გეგმავს, მდებარეობს თსუ-ს კუთვნილი შენობიდან დაახლოებით 200 მ-ის დაშორებით. მიზანშეწონილია თუ არა ამ ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობა და რა სტანდარტებსა და კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სადგური, რომ მან საფრთხე არ შეუქმნას გარშემო არსებულ ობიექტებს? - ამ კითხვებით მივმართეთ საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარეს, ნინო ჩხობაძეს, რომელიც ლაპარაკობს როგორც მშენებლობის სტანდარტებზე, ისე მოსალოდნელ საფრთხეებზე:

„მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული აალების უსაფრთხოების ზომები, ასევე მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული აფეთქების რისკები, გამორიცხული უნდა იყოს ნებისმიერი მექანიკური დაზიანებაც კი. ძალიან პრობლემატურად მიმაჩნია აქ მსგავსი მშენებლობის დაწყება. ეს სადგური გზაზე უნდა იყოს, სადაც არ არის გამორიცხული მექანიკური ავარიის მოხდენაც. გარდა ამისა, ის ნარგაობა, რაც იმ ტერიტორიაზე არსებობს, ფაქტიურად, განწირულია გასახმობად, რადგან მათ ფესვები გაუშიშვლეს“, - ამბობს ნინო ჩხობაძე.

შპს „გაზვილის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვახტანგ ჩახნაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ ობიექტზე უსაფრთოხების ნორმები სრულად იქნება დაცული. რაც შეეხება ალტერნატიული ფართის შეთავაზებას, მას სტუდენტების ამ მოთხოვნაზე ასეთი პასუხი აქვს:

„ჩვენ ეს ტერიტორია შევიძინეთ აუქციონის წესით. აუქციონის გაუქმება ნიშნავს იმას, რომ მაშინ სხვა ტერიტორია რომ შემოგვთავაზონ, ის ტერიტორიაც აუქციონზე უნდა გავიდეს. რომ ვეღარ შევიძინოთ ის ტერიტორია? გარდა ამისა, მილიონზე მეტი ლარი გვაქვს დახარჯული. რა იქნება ამ შემთხვევაში? თორემ ჩვენ გახსნილები ვართ, მზად ვართ ვესაუბროთ აბსოლუტურად ყველას და რაღაც კომპრომისული გადაწყვეტილება მივიღოთ. რაც შეეხება უსაფრთოების ზომებს, ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ნორმატივები ასეთია: სხვა ობიექტებიდან გაზგასამართი სადგურის ძალოვანი დანადგარები დაშორებული უნდა იყოს 25 მეტრით. ჩვენ ათჯერ უფრო შორს ვართ. თვითონ დანადგარებიც ძალიან უსაფრთხოა და ის არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის“.

XS
SM
MD
LG