Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვა კანონდება


უკვე მეორე დღეა, საქართველოს პარლამენტი განიხილავს საპრეზიდენტო უფლებების შეკვეცასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან საკანონმდებლო ბაზის შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად. ცვლილებები შეეხება, მაგალითად, კანონებს ”საომარი მდგომარეობის შესახებ” და ”რეფერენდუმის შესახებ”. საგანგებო მსჯელობის საგნად იქცა პლებისციტის დანიშვნის წესი.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც 2013 წელს არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება, პრეზიდენტი კვლავაც რჩება ქვეყნის მთავარსარდლად და, შესაბამისად, მას უნარჩუნდება სამხედრო ძალების გამოყენების უფლებამოსილებაც, თუმცა მისი როლი იზღუდება, მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციის თუ ზარალის ანაზღაურებისა და სხვა საჭირო დახმარებათა განკარგვის პროცესში. პრეზიდენტის ნაცვლად, ამ საკითხებს, ცვლილებების თანახმად, მთავრობა მიხედავს. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი და საკითხზე მომხსენებელი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, ”საომარი მდგომარეობის შესახებ” კანონში მთავრობა პრეზიდენტს სხვა უფლებამოსილებასაც შეეცილება:

”თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ ცალკეულ ადგილებში თავიანთი ფუნქციების ჯეროვან განხორციელებას, ნაცვლად პრეზიდენტის ბრძანებულებისა და პრეზიდენტის დეკრეტისა, ახლა უკვე წესრიგდება შემდეგნაირად: პრეზიდენტი გამოსცემს დეკრეტს პრემიერის კონტრასიგნაციით, რომლითაც დაწესდება დროებითი მმართველობის შემოღების რეჟიმი და იმავე დეკრეტით მთავრობას დაეკისრება ვალდებულება, რომ დადგენილებით შექმნას მმართველობის განმახორციელებელი დროებითი ორგანო ან დანიშნოს თანამდებობის პირი და განსაზღვროს მისი უფლებამოსილება. ასე რომ, აქ იქნება პრეზიდენტისა და მთავრობის ერთობლივი მოქმედება”.

უზრუნველყოფა ამისა გადატანილია მთავრობაზე - მან უნდა უზრუნველყოს ეს. გარდა ამისა, რეფერენდუმის დანიშვნას სჭირდება უკვე პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია...
ვახტანგ ხმალაძე
ცვლილებათა კანონპროექტებში, რომელთა განხილვასაც დეპუტატები პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველივე დღეებიდან შეუდგნენ, ვხვდებით კანონპროექტს „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება საგანგებო სიტუაციის გამოცხადებისას საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიერ კონტრასიგნაციისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის საკითხი. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით, მთავრობის მხარდაჭერის გარეშე, საგანგებო სიტუაციას ვერ გამოაცხადებს.

ამასთან, კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა 2010 წელს დაამტკიცა, იცვლება პრეზიდენტის ამჟამინდელი როლი რეფერენდუმის დანიშვნისა და უზრუნველყოფის პროცედურებთან მიმართებით და ამიტომ ცვლილებებს საჭიროებს ”რეფერენდუმის შესახებ” კანონიც. ცვლილებების პროექტით, რომელიც დეპუტატებმა 5 სექტემბრის სხდომაზე უკვე მეორე მოსმენით განიხილეს, პრეზიდენტს ეხსნება ამჟამად არსებული გარკვეული ვალდებულება რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით და მას მიენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება - დანიშნოს ან არ დანიშნოს რეფერენდუმი. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი და მომხსენებელი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, პრეზიდენტს, ცვლილებების თანახმად, რეფერენდუმის უზრუნველსაყოფად დავალებების გაცემის უფლებაც ჩამოერთმევა:

”უზრუნველყოფა ამისა გადატანილია მთავრობაზე - მან უნდა უზრუნველყოს ეს. გარდა ამისა, რეფერენდუმის დანიშვნას სჭირდება უკვე პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პრეზიდენტი რეფერენდუმს ნიშნავს მთავრობის მოთხოვნით”.

საკანონმდებლო ნორმები, რომლებსაც პარლამენტი ამ დღეებში განიხილავს, ერთი შეხედვით, ტექნიკური ხასიათისაა, მაგრამ როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, პროცესი, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, დეპუტატებისგან საკმაოდ დიდ ყურადღებას მოითხოვს. მაგალითად, თავად დავით უსუფაშვილს შენიშვნა ჰქონდა პლებისციტის დანიშვნის წესის განსაზღვრის პირველად ვარიანტთან მიმართებით, რომლის მიხედვითაც საერთო სახალხო გამოკითხვა, ანუ პლებისციტი, შესაძლებელი იყო დანიშნულიყო მთავრობის გადაწყვეტილებით ან პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ინიციატივით.

პლებისციტის დანიშვნის წესის თავდაპირველ ფორმულირებასთან მიმართებით 4 სექტემბრის სხდომაზე კრიტიკული მიდგომა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმაც გამოხატა. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ პლებისციტის დანიშვნის წესი საერთოდ არ დევს კონსტიტუციის ახალ ვარიანტში და საკანონმდებლო ორგანოს ამ ნორმაზე მუშაობა, ასე ვთქვათ, ნულიდან მოუწია.

საკამათო საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებმა მუშაობა განაგრძეს და აი, უკვე 5 სექტემბრის სხდომაზე ვახტანგ ხმალაძემ აცნობა კოლეგებს, რომ, შეჯერებული ვარიანტის მიხედვით, კანონი ამ ფუნქციას პრემიერ-მინისტრს მიანიჭებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს ასე იქნება მანამდე, ვიდრე კონსტიტუციის საფუძვლიანი, ფართომასშტაბიანი მოწესრიგების პროცესი არ დაიწყება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG