Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საახალწლო


დიდი ხნის წინ წმინდა სიგიზმუნდმა, რომლის წმინდა ნაწილებიც დღეს შორეულ ქალაქში მთის ქუჩაზე ინახება, შენიშნა, რომ სიახლე ზრდასრული ადამიანისათვის სიამოვნების მიღების პირობაა.

მობეზრება განსაზღვრავს ადამიანურ ყოფნას. იმისთვის, რომ გრძნობები და აზრები არ დაგიჩლუნგდეს, იმისთვის, რომ არ გაბეზრდე და ცხოვრების სურვილი არ დაკარგო, საჭიროა ცვლილებები, რომლებიც სიახლის განცდას მოგანიჭებენ.

მაგრამ რადგან ადამიანს მოკლე მეხსიერება აქვს, შეიძლება მისი მოტყუებაც - უთხარი, რომ მისი ცხოვრება წრეს ჰგავს. სანამ ის ერთ წრეს შეასრულებს, მის მეხსიერებაში გაფერმკრთალებული იქნება პირველადი განცდების სიმძაფრე; ისიც თავდავიწყებით მიეცემა დავიწყებულ ძველს - როგორც ახალს. ანუ კიდევ ერთხელ წავა იმავე წრეზე.

ამ ფოკუსზეა აგებული ახალი წლის მაგია.

ჩვენი ხელმოწერის გასწვრივ სულ 2010 წლის მიწერა რომ გვიხდებოდეს, დროის სიმძიმეს ვერ გავუძლებდით და, ერთხელაც იქნებოდა, ავჯანყდებოდით. დავამტვრევდით როგორც საკუთარ, ისე საჯარო სივრცეში მდგარ საათებს და, უდროობით აღტკინებულები, დავანგრევდით ყველა საზოგადოებრივ დაწესებულებას, რადგან ყოველი მათგანი დროის რეგულირების პრინციპზეა აგებული. ეს იქნებოდა გათავისუფლება ყველასი ყველას წინააღმდეგ.

ეს რომ არ მოხდეს, ყოველ 31 დეკემბერს გვეუბნებიან, რომ ცხოვრება თავიდან იწყება. ჩვენც, სიახლის მოლოდინში, ვდგამთ ლამაზად მორთულ ნაძვის ხეს, ვყიდულობთ შეძლებისდაგვარად ბევრ საჭმელ-სასმელს და ვცდილობთ, არ გამოგვეპაროს ის წამი, როდესაც საათის დიდი ისარი პატარას დაფარავს და წრე შეიკვრება. ნაძვის ხის მორთვის პროცესში კი ვალაგებთ გეგმებს, რომელთა მიხედვითაც ახალი წლიდან ყველაფერი შეიცვლება: მეტს ვიმუშავებთ, აუცილებლად ვივარჯიშებთ, ნაკლებ დროს გავფლანგავთ და მეტ სიამოვნებას მივიღებთ ამ ცხოვრებისგან.

სინამდვილეში ეს შეუძლებელია. არასოდეს არაფერი შეიცვლება. როგორც წმინდა ფრანცისკი ამბობდა (ვისი წმინდა ნაწილებიც სხვა შორეულ ქალაქში მდინარის პირას არის დაცული), ხსნა კი არსებობს, მაგრამ - არა ჩვენთვის. შემდეგი წელიც იგივე იქნება, როგორიც წლევანდელი იყო. ათიდან რვა ადამიანი ისევ ვერაფერს მოასწრებს, იმიტომ რომ დრო არ ეყოფა და 31 დეკემბერს, დიდი სიცარიელით საკუთარ თავში, გეგმების შესრულებაზე ოცნებას დაიწყებს. ხოლო იმავე ათიდან დანარჩენი ორი ჩათვლის, რომ ყველაფერი მოასწრო, მაგრამ ამით ის უარს იტყვის, თვალი გაუსწოროს რეალობას და არანაკლებ სიცარიელეს გააჩენს თავის შიგნით, რომელსაც თვითონ ვერა, მაგრამ სხვები შეამჩნევენ. ამ ორს გარდა ადამიანს არჩევანი არ აქვს. ამას ხვდებოდა წმინდა მარტინი, მაგრამ არ ამბობდა, რადგან სიამაყით იყო შეპრყობილი. ამიტომაცაა, რომ ბევრს მის სიწმინდეში დღესაც კი ეჭვი ეპარება, ხოლო მისი წმინდა ნაწილები ერთ ადგილას ჯერ კიდევ არაა თავმოყრილი.

ერთადერთი, რაც რჩება, არის ახალი წლის ოცნებები. წლიდან წლამდე, 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, სამყარო იმდენად ივსება ოცნებებითა და სურვილებით, რომ გვევლინებიან ისინი, ვისთვისაც, წმინდა ფრანცისკისა არ იყოს, არსებობს ხსნა. ეს ჰაეროვანი არსებები, გამჭვირვალეები და თითქმის უცვლელნი, ყოველწლიურად ჩნდებიან ჩვენს გვერდით. მათი სრულყოფილი და უკვდავი სხეულები წლიდან წლამდე, სწორედ ახალი წლის პერიოდში, შეერევა ხოლმე ჩვენს მძიმე და მკვრივ ტანებს, რათა მოგვანიჭოს იმისი წინასწარგანცდა, რაც არასოდეს იქნება. ამ დროს ჩვენ ბედნიერებას განვიცდით, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.

ვინმე რომ მოვიდეს და გვითხრას, ეს ასე არ არისო, სიტყვიერად რომც დავეთანხმოთ, გულის სიღრმეში არასოდეს დავუჯერებთ.

არც უნდა დავუჯეროთ.

მითუმეტეს ახალ წელს, როდესაც მაგიური დრო დგება.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG