Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული საქმე", "ქართული ზნეობა", "ქართული დემოკრატია"


"ქართული საქმე", "ქართული ზნეობა", "ქართული დემოკრატია",

"ქართული სახელმწიფო" ან "ქართველების სახელმწიფო"... საქართველოს ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ აშენებს სამოქალაქო საზოგადოებას, მაგრამ წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტერმინები, ცნებები, სიმბოლოები არ იცვლება. ნაციონალური სახეები, უფრო სწორად, "ნაციონალური სენტიმენტები" მყარად დამკვიდრდა საზოგადოების ცნობიერებაში, ამიტომ ის პოლიტიკოსებიც კი (რომ აღარაფერი ვთქვათ კულტურის მუშაკებზე), რომელთაც "ლიბერალების" იმიჯი აქვთ და თავიანთ თავს "დასავლური ღირებულებების" დამცველებად მოიაზრებენ, ფილოსოფოსების ენაზე რომ ვილაპარაკოთ, "ნაციონალურ დისკურსებს" ვერ ელევიან. სწორედ ფილოსოფოსი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პედაგოგი დევი დუმბაძე იყო ორგანიზატორი სიმპოზიუმისა "ნაციონალურის სახეები გლობალიზებულ სამყაროში", რომელიც გოეთეს ინსტიტუტში ბოხუმის უნივერსიტეტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარდა. ჩვენთან საუბარში დევი დუმბაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში კვლავაც არაა გამიჯნული ნაციონალური სენტიმენტი და
ნაციონალურობა, როგორც სახელმწიფოებრიობის ფორმა, საზოგადოების ორგანიზაციის სახე:

[დევი დუმბაძის ხმა] "განსხვავება ამ კუთხით არ არსებობს გადატრიალებამდე და გადატრიალების შემდგომ პერიოდებში. სატელევიზიო დისკურსში ნაციონალურობის როლი ისეთივე წამყვანია სხვადასხვა ფორმატის გადაცემებში, როგორც ეს იყო რამდენიმე წლის წინ."

როგორ გამოიხატება ნაციონალური იდენტურობა კინოსა და ტელევიზიაში? სწორედ ეს იყო მთავარი თემა სიმპოზიუმისა, რომელშიც გოეთეს ინსტიტუტის ხალხით გადაჭედილ დიდ დარბაზში გერმანელმა და ქართველმა სპეციალისტებმა მოხსენებებიც წაიკითხეს და ვორკშოპებიც ჩაატარეს. ბოხუმის უნივერსიტეტის პროფესორმა რაინერ ფოვემ გაიხსენა 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, როცა გერმანიის გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის ნაკრები ჩემპიონატის ფავორიტად ითვლებოდა, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. რადიომ და ტელევიზიამ - წაგებული ომის, დაყოფისა და ოკუპაციის შემდეგ - ამ გამარჯვებით გერმანიის აღორძინების სახე შექმნა... რაინერ ფობეს აზრით, ესაა თვალსაჩინო საბუთი იმისა, რომ ნაციონალური გამუდმებით, ხელახლა და თვალნათლივ უნდა იყოს დემონსტრირებული. გერმანელი კულტუროლოგების, ფლორიან ჰოოფისა და მარკუს შტაუფის, აზრით, "სატელევიზიო სპორტი ერთ-ერთია იმ ადგილთაგან, სადაც ნაციონალური წარმოდგენის განსაკუთრებულ "შესქელებასთან" გვაქვს საქმე. არა მარტო იმიტომ, რომ სხვა კონტექსტებთან შედარებით აქ უფრო ხშირად ვხედავთ ნაციონალურ სიმბოლოებს, როგორიცაა დროშები და "გმირული" პიროვნებები, არამედ უფრო იმიტომ, რომ მოვლენათა მთელი აღქმა და შეფასება აქ ნაციონალურ პრიზმაშია დანახული."

სიმპოზიუმში მონაწილე გერმანელებისთვის სწორედ "სატელევიზიო სპორტი" იყო სივრცე, სადაც "ნაციონალური ერთობის" იდეა განსაკუთრებით წარმოჩნდა, ქართველმა მომხსენებლებმა კი სატელევიზიო პოლიტიკური ტოკ-შოუები და პრეზიდენტის ინაუგურაცია აღწერეს.

[დევი დუმბაძის ხმა] "... 22 და 23 ნოემბრის დღეების ტრანსლაცია ქართული ტელევიზიების მიერ ან, მაგალითად, პრეზიდენტის ინაუგურაცია, რომელიც, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი მედიური ხდომილება იყო ქართულ ტელევიზიაში. რა როლი აქვს აქ ნაციონალურ სახეებს და როგორ ხდება წარმოსახვითი ერთობის კონსტრუირება სხვადასხვა სიმბოლოების და ნარატიული ხერხების ვიზუალიზაციის გამოყენებით?"

დევი დუმბაძე აღიარებს, რომ ვერ შეძლო გასცნობოდა სხვა ქვეყნებში პრეზიდენტების ინაუგურაციების რიტუალებს და ამ რიტუალების სატელევიზიო ინტერპრეტაციას. თუმცა დარწმუნებულია, რომ ამ ღონისძიებების გამოხატვა კინოსა და ტელევიზიაში დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. სხვა საქმეა, რაზე კეთდება აქცენტი ინაუგურაციის რეპორტაჟში - სახელმწიფოებრივ ერთიანობაზე თუ ნაციონალურზე, როგორც კულტურულ ფენომენზე.

[დევი დუმბაძის ხმა] "ინაუგურაციის ტრანსლაცია ტელევიზიაში ყველგან ერთმანეთს ჰგავს, იმდენად, რამდენადაც არსებობს სახელმწიფოებრიობის დემონსტრაციის მეტ-ნაკლებად დამკვიდრებული ფორმები, ის ერთმანეთის მიყოლებული რიტუალები - სამხედრო პარადი, დროშის საზეიმო აღმართვა, ფიცის თქმა, ის, რაც მეორდება და ქართული პერსპექტივიდან, სახელმწიფოებრიობის და ეკლესიის "გადაწვნა" ერთმანეთთან, რაც გამომჟღავნდა იმაში, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია და პრეზიდენტის კურთხევა უმაღლესი საეკლესიო პირის მიერ ხდება და, შესაბამისად, ესაა რიტუალიზებული ცერემონია, რომელსაც არა მარტო პოლიტიკური და საჯარო ხასიათი, არამედ, აშკარად, ეკლესიური და რელიგიური ხასიათი აქვს, როგორც ეს გამოჩნდა გელათის ეკლესიაში განხორციელებულ ცერემონიაში და მის სატელევიზიო გადმოცემაში."(სტილი დაცულია)

მზარდი გლობალიზაციის პირობებში იცვლება ნაციონალურის კატეგორიის სტატუსი. მაგრამ თუ ინტერნეტი, როგორც წესი, გლობალური კომუნიკაციის სტრუქტურებს ამკვიდრებს, კინო და ტელევიზია კვლავაც განაგრძობს ნაციონალური კატეგორიების მიხედვით ფუნქციონირებას. ტელემედიის განსხვავებული ფორმატების მეშვეობით (ახალი ამბები, სპორტი, სერიალები, მხატვრული ფილმები) მედიებში ერთმანეთს უკავშირდება და ერთმანეთს აძლიერებს ნაციონალურის განსხვავებული კონცეფციები. სოციოლოგმა სალომე ასათიანმა საზოგადოებას გაახსენა 2003 წლის მაისში საქართველოს განსხვავებულ ტელეარხებზე ეგრეთ წოდებულ "პრაიმ-თაიმში" ჩასმული გადაცემები - პოლიტიკური დებატები, საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში წარმოდგენილი "კომანდოს ბატალიონის" წვრთნა და სამხედრო აღლუმი, რომელსაც იმხანად ედუარდ შევარდნაძე დაესწრო. ყველგან წამყვანი იყო "ქართული საქმის" თემა - მაშინაც, როცა ვახტანგ რჩეულიშვილი და ზურაბ ჟვანიას გუნდი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინაც, როცა საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე იყო ლაპარაკი. დევი დუმბაძის თქმით, ტელევიზიას ვერც მოვთხოვთ გამიჯნოს ერთმანეთისგან "ეთნიკური ნაციონალიზმი" და "სახელმწიფოებრივი ნაციონალიზმი", რადგან ნაციონალური სენტიმენტები გლობალიზაციის პროცესს ყველა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად უწევს წინააღმდეგობას:

[დევი დუმბაძის ხმა] "ნიშანდობლივი სწორედ ისაა, რომ როცა ლაპარაკობ ნაციონალიზმზე, მას ეს ორი წახნაგი ყოველთვის აქვს. ერთი მხრივ, ტელევიზია ნამდვილად მონაწილეობს ამაში, რომ შექმნას ნაციონალური ხასიათი, ქმნის სხვადასხვა ნიშნებს, რომლებიც მეორდება სხვადასხვა გადაცემებში, მაგრამ, ამავდროულად, კულტურის შექმნა ტელევიზიის მიერ ჩასმულია პოლიტიკურ კონტექსტში და, ამდენად, მონაწილეობს ნაციონალური სახელმწიფოებრიობის აგებაშიც... ასე რომ, ასეთი ცალსახა გამიჯვნა, რომ შენ, ერთი მხრივ, გაქვს კულტურა, რომელიც ცალკე დგას პოლიტიკისგან და სახელმწიფოებრიობის ფორმისაგან და, მეორე მხრივ... ნაციონალიზმი პოლიტიკაში, ასეთი გამიჯვნა შეუძლებელია."

გოეთეს ინსტიტუტში გამართული სიმპოზიუმისა და ვორკ-შოპების მონაწილეებმა განიხილეს "ვარდების რევოლუციის" შესახებ გადაღებული სამი დოკუმენტური ფილმი, რომელიც განსხვავებულ ტელეარხებზე უჩვენეს. უფრო სწორად, უჩვენეს ამ ფილმების ფინალები. გერმანელმა და ქართველმა მეცნიერებმა ისაუბრეს სოციალური ერთობის ფუნდამენტურ კომპონენტზე, ეგრეთ წოდებულ "ნარატივზე", როცა ვიღაც სხვას უყვება ამბავს, აღწერს მოვლენას, ფაქტებს... სამივე ფილმში მოვლენები აღწერილი იყო განსხვავებული, თანმიმდევრობით, აქცენტებით, მაგრამ ფინალი სამივეს ერთნაირი ჰქონდა - ხატოვნად რომ ვთქვათ, "სწორება მომავალზე", ფაქტობრივად, იმის ხაზგასმა, რომ "ვარდების რევოლუცია" დასრულდა, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ "ახლა იწყება"... ასეთი "ღია ფინალი" სამივე ფილმის ავტორს ერთი და იმავე მიზნის მისაღწევად დასჭირდა - საზოგადოებას ახლა თავის თავზე უნდა აეღო პასუხისმგებლობა და არ უნდა მოდუნებულიყო. ფინალური კადრები: ბავშვები, დროშებით ან ვარდებით ხელში, მომავლის სახეს ქმნიდა და, ამავე დროს, ისევე აერთიანებდა მაყურებელს, როგორც ფეხბურთში, 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატის რეპორტაჟებში, გერმანიაში - უნდა შექმნილიყო ეროვნული მთლიანობის განცდა.... მიუხედავად იმისა, რომ ხალხს ამ მთლიანობამდე და ჭეშმარიტად სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბებამდე გრძელი გზა უნდა გაევლო... მიუხედავად იმისა, რომ დღესაც გრძელი გზა აქვს გასავლელი.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG