Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვოუქებზე ნადირობა“ - ანტიგლობალისტების შეკრებაზე ღარიბაშვილის შემდეგ კობახიძეც მიემგზავრება


ფოტოილუსტრაცია: ირაკლი კობახიძე უნგრეთში „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში“ მონაწილეობს
ფოტოილუსტრაცია: ირაკლი კობახიძე უნგრეთში „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში“ მონაწილეობს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აგრძელებს წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილის ტრადიციას: უნგრეთში მიემგზავრება და მასპინძელ ვიქტორ ორბანთან ერთად მონაწილეობს „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში“ (CPAC-ში).

თუ შარშან თვითგამოცხადებულ „კონსერვატორთა უდიდეს შეკრებას“ „ლიბერალების ჯოჯოხეთის“ მოწყობის ამბიცია ჰქონდა, წელს „ვოუქებზე ნადირობას“ აპირებს და „გლობალიზმის სიკვდილსა და სუვერენიტეტის გადარჩენაზე“ დებს ფსონს.

როდესაც საქართველოს საკითხებზე მომუშავე ერთ-ერთი ევროპარლამენტარი, "ქართული ოცნების" ყოფილი მოკავშირე, სტრასბურგში „აგენტების კანონის“ განხილვაზე კობახიძის CPAC-ზე გამოსვლას გააკრიტიკებს, იტყვის: „მართლა მაინტერესებს, საით მიდის ეს ქვეყანა?"

რა არის CPAC-ი?

CPAC-ს, - ქართულად „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას“, - 1974 წლიდან ატარებს „ამერიკის კონსერვატორთა კავშირი“ (ACU).

კონფერენციის სპიკერების რიგებში უამრავი გამორჩეული ფიგურა ყოფილა, დაწყებული რონალდ რეიგანით, - რომელიც ერთ-ერთი პირველი გამოვიდა კონფერენციაზე, - დასრულებული დონალდ ტრამპით, რომელმაც, ბევრის აზრით, აქედან დაიწყო პრეზიდენტობისთვის ბრძოლა.

ოდესღაც ორპარტიული წამოწყება, კონფერენცია, წლებია, მხოლოდ რესპუბლიკელების თავშეყრადაა გადაქცეული.

თუკი თავიდან მხოლოდ აშშ-ში იმართებოდა, ახლა სხვადასხვა ქვეყანაშია: იაპონიაში, ბრაზილიასა თუ ავსტრალიაში.

და მესამე წელია, კონფერენციას მასპინძლობს უნგრეთიც.

ვიქტორ ორბანი CPAC-ზე, 2023 წლის 4 მაისს
ვიქტორ ორბანი CPAC-ზე, 2023 წლის 4 მაისს

ვინ არიან სტუმრები?

მასპინძელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია. ღონისძიებასაც, - რომელიც 25-26 აპრილს იმართება, - ის გახსნის.

25 აპრილს გახსნაზე ორბანის მხარდამხარ იქნებიან:

  • მიკლოშ ჟანტო, „ფუნდამენტური უფლებების ცენტრის“ გენერალური დირექტორი, - სწორედ ეს ორგანიზაცია უწევს ორგანიზებას წლევანდელ კონფერენციას ბუდაპეშტში;
  • CPAC-ის ფონდის თავმჯდომარე მეტ შლაპი და ...
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

მონაწილეებს შორის ასევე არიან ესპანური, ნიდერლანდური და იტალიური მემარჯვენე პარტიების ლიდერები და სხვა პოლიტიკოსები. მათ შორის:

  • ესპანური ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსის“ პრეზიდენტი, ესპანეთის სენატის ზედა პალატის წევრი სანტიაგო აბასკალი;
  • ხეერტ ვილდერსი, - ნიდერლანდის მეორე სენატის წევრი, „თავისუფლების პარტიის“ ლიდერი, რომელიც ისლამოფობიით გამოირჩევა;
  • ჩილეს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტი ჟოზე ანტონიო კასტი;
  • დონალდ ტრამპის სტრატეგიული კომუნიკაციების ყოფილი დირექტორი, მერსი შლაპი;
  • რიკ სანტორუმი, აშშ-ის ყოფილი სენატორი და ახლანდელი პრეზიდენტობის კანდიდატი, რესპუბლიკელი;
  • ისრაელის ორი მინისტრი - ინოვაციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრი გილა გამლიელი და დიასპორის მინისტრი ამიჩაი ჩიკლი;
  • პარაგვაის ეროვნული კონგრესის ქვედა პალატის თავმჯდომარე, კონსერვატიული პარტია „კოლორადოს“ (AND-ის) ლიდერი რაულ ლუის ლატორე;
  • მათეუშ მორავიეცკი, პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

გამომსვლელთა შორის არიან პარლამენტარები უნგრეთიდან, პოლონეთიდან და იტალიიდან, არიან მემარჯვენე პოლიტიკური კომენტატორები და სხვები, ვინც იზიარებენ „კონსერვატიულ ღირებულებებს“.

CPAC-ის გამომსვლელთა ნაწილი
CPAC-ის გამომსვლელთა ნაწილი

კონფერენციის მეორე დღეს, 26 აპრილს დაგეგმილია „ამერიკიდან სპეციალური გზავნილი“ - შესაძლოა, კონფერენციას მიმართოს დონალდ ტრამპმა, რომელმაც ერთი თვის წინ ვაშინგტონში CPAC-ის შეკრება გამოიყენა ამომრჩეველთან სასაუბროდ.

რაზე ისაუბრებენ?

გახსნითი ცერემონიის მონაწილეთა შესაგებებელი სიტყვების შემდეგ, კონფერენცია 7 ნაწილად, 7 პანელად არის დაყოფილი.

პანელი 1: „ვოუქებზე მონადირეები“

სიტყვა „ვოუქი“ ამერიკულ სლენგში ისეთ ადამიანებს აღწერს, რომლებიც კარგად არიან გათვითცნობიერებული სოციალური სამართლიანობის საკითხებში, აქვთ მგრძნობელობა რასის, ლბგტქ+ უფლებების, სოციალური უთანასწორობისა თუ სხვა საკითხების მიმართ.

ამ ტერმინს, ძირითადად, ის ადამიანები იყენებენ, რომლებსაც „ვოუქები“, მსუბუქად რომ ვთქვათ, არ მოსწონთ.

ერთი სიტყვით, ეს საკმაოდ შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ტერმინია.

პანელის ინგლისური დასახელებაა Wokebusters-ი, რაც ირიბი რეფერენსია 1984 წლის საკულტო ფილმზე, „მოჩვენებებზე მონადირეებზე“.

ამ პანელზე ესპანური „ვოქსის“ პრეზიდენტი, ტრამპის კომუნიკაციების ყოფილ დირექტორსა და სხვებთან ერთად მონაწილეობს.

„სუვერენიტეტი გადარჩება, გლობალიზმი მოკვდება“, - ასეთია მეორე პანელური დისკუსიის სათაური.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ბრიუსელისგან ნაკარნახევი პრიორიტეტების შესრულებაზე უარს სწორედ „სუვერენიტეტის დაცვის“ მოტივით ხსნიან. მმართველ პარტიას რიტორიკაში „სუვერენული დემოკრატიის“ გაგება შემოაქვს.

ჯერ უცნობია, რაიმე სახით გამოეხმაურება თუ არა პრემიერი ირაკლი კობახიძე შესავალ სიტყვაში კონფერენციის ამ ერთ-ერთ მთავარ თემას, - და „გლობალიზმის“ წინააღმდეგაც თუ იტყვის რამეს.

დანარჩენი პანელების სათაურები კი ასეთია:

  • „გადავარჩინოთ დასავლეთი, დავიცვათ საზღვრები“
  • „ნულოვანი გენდერი“ (Gender Zero)
  • „კონსერვატორთა კავშირი“
  • „ერთად ვდგავართ“
  • „ჩვენ ვიგებთ, ისინი აგებენ - არჩევნების სუპერწელი“

რა ხდებოდა შარშან?

უნგრეთში CPAC-ის შარშანდელ კონფერენციაზე ისტორიაში პირველად გაემგზავრა ოფიციალური პირი საქართველოდან.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20-წუთიან გამოსვლაში ისაუბრა ტრადიციულ ღირებულებებზე - მაგრამ ამ საუბარში შეთქმულების თეორიებიც გაავრცელა.

თქვა, რომ საქართველოს „სუპერძალა“ არის „რწმენა, ოჯახები, ტრადიციები, მარადიული და უნივერსალური ფასეულობები“.

მაგრამ ბოროტება უწოდა „ლგბტქ+ პროპაგანდას“ და „ბავშვებისთვის გენდერის შეცვლის პროცედურის დაკანონებას“, - ბოროტება, რომელიც „ცდილობს, დაავიწყოს ხალხს “ოჯახი და რწმენა”, რადგან ფესვების არმქონე ადამიანის გაკონტროლება უფრო მარტივია“.

დადო პირობა, რომ მისი პოლიტიკური გუნდი, „ქართული ოცნება“ უმრავლესობას დაიცავს „უმცირესობის ძალადობისგან“.

რატომაა მნიშვნელოვანი?

CPAC-ზე ირაკლი ღარიბაშვილის შარშანდელი გამოსვლა „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ ძვირი დაუჯდა:

ევროპარლამენტში მისმა მოკავშირე პარტიამ, ევროპელი სოციალისტების პარტიამ (PES-მა), პრემიერ ღარიბაშვილის ეს ნაბიჯი დაგმო და აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ღარიბაშვილმა ორბანს „ევროპის ჭეშმარიტი დამცველი“ უწოდა.

პარტიამ, რომლის წევრებიც იმ დროისთვის უკვე კრიტიკულები იყვნენ „ქართული ოცნების“ არადემოკრატიული ნაბიჯების მიმართ, მაშინ პირველად თქვა ცხადად, რომ საქართველოს მმართველი პარტია მათი „პოლიტიკური ოჯახის ღირებულებებს მიღმა“ ექცეოდა.

სანამ PES-ი შეიკრიბებოდა და იმსჯელებდა „ოცნების“ დამკვირვებლის სტატუსის გადახედვაზე, „ქართულმა ოცნებამ“ დაასწრო და ალიანსი დატოვა. კობახიძემ, რომელიც მაშინ პარტიის თავმჯდომარე იყო, თქვა, რომ PES-ი ბოლო წლებში „ფსევდოლიბერალურ პლატფორმაზე“ გადავიდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის CPAC-ზე წლევანდელი გამოსვლის კონტექსტი პარლამენტში ხელახლა ინიციირებული „აგენტების კანონია“, რის გამოც მმართველ გუნდს უმწვავესი კრიტიკა დაატყდა თავს ქვეყნის შიგნით და სტრატეგიული პარტნიორებისგან.

გერმანელმა ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა „უცხოეთის ნამდვილი აგენტები“ უწოდა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, „ვინც "აკოპირებს" რუსულ კანონებს“.

მაიკლ გალერი „სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ (S&D-ის) წევრია, - ევროპარლამენტში ეს ჯგუფი კი სწორედ PES-ის, ევროპელი სოციალისტების პარტიის, პოლიტიკური ჯგუფია.

„მართლა მაინტერესებს, საით მიდის ეს ქვეყანა და მმართველი პარტია“, - განაცხადა გალერმა.

XS
SM
MD
LG