Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაროსანა თურქეთში - მოიმატებს ქართული თხილის ფასი?


ფაროსანა ჯერ კიდევ პრობლემაა თურქეთისთვის და საქართველოსთვის
ფაროსანა ჯერ კიდევ პრობლემაა თურქეთისთვის და საქართველოსთვის

თურქეთის „თხილის ეროვნული საბჭოს“ წარმომადგენელი ამბობს, რომ თუკი მათთან ფაროსანას პოპულაცია ზრდას არ შეწყვეტს, შესაძლოა, მომავალი წლისათვის თურქეთი თხილის სეზონს კატასტროფით შეხვდეს.

ამ სტატიაში აგიხსნით:

  • რამდენად რეალისტურია საფრთხე თურქეთისათვის, რომელიც მსოფლიოში თხილის ძირითადი ექსპორტიორია?
  • როგორ იმოქმედებს თურქეთის პრობლემები საქართველოზე, ქართველ მეთხილეებზე?

„კატასტროფა მომდევნო სეზონზე“?

„შესაძლოა, მომავალი სეზონისთვის კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ“, - ეუბნება თურქეთის „თხილის ეროვნული საბჭოს“, იქაურ მეთხილეთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი, სებაჰათინ არსლანთურქი თურქულ გამოცემა „ჰურიეთს“.

მისი თქმით, თურქეთში მავნებლისგან მიყენებული ეკონომიკური ზარალი ყოველწლიურად 5 მილიარდ თურქულ ლირას უტოლდება - ამჟამინდელი კურსით დაახლოებით 177 მლნ აშშ დოლარს.

ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს მწერის პოპულაცია იმდენად შეიძლება გაიზარდოს, რომ ზიანი მიადგეს თხილის მოსავლის 80%-ს.

სტატიაში, რომელიც 18 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ავტორი ხაზს უსვამს, რომ „მწერი, რომელიც ყოველდღიურად 30 კილომეტრს ფარავს, თურქეთში საქართველოდან 7 წლის წინ შემოვიდა“.

თურქეთის ასეთი კატასტროფული სურათი გადაჭარბებულად მიაჩნია საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, ლევან ქარდავას, რომელიც წლებია, თხილის ბაზარს თვალს ადევნებს.

„თურქეთის სასაზღვრო რეგიონებში, ისევე, როგორც ჩვენთან, აქტიურად გამოჩნდა ფაროსანა. წელს მათი თხილნარები, - ისევე, როგორც ჩვენი, - განსაკუთრებით უამინდობის გამო დაზიანდა. წვიმების პერიოდში წამლობა ვერ ხდება და ის ფერმერებიც კი, რომლებიც მონდომებულნი არიან, მოუარონ თხილს, სათანადოდ მოვლას ვერ ახერხებენ“, - ეუბნება იგი რადიო თავისუფლებას.

„ყველგან არ აქვთ ეს პრობლემა, არის რეგიონები, სადაც წელს განსაკუთრებულად გაუჭირდათ, მაგრამ მომავალი წლისთვის 80%-იან ზიანზე საუბარი ზედმეტია. მსგავსი დაზიანება ჩვენთანაც კი არ იყო იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ ვუვლიდით თხილს, თურქეთში კი პირიქით, სტრატეგიული პროდუქტია, მსხვილი ფერმერებიც ბევრი ჰყავთ და სათანადოდაც უვლიან“.

ქარდავა ვარაუდობს, რომ მომავალი წლისთვის თურქეთის თხილის მოსავლისათვის მიყენებული ზიანი 10%-ის ფარგლებში დარჩება.

შანსი საქართველოსათვის?

თურქეთი მსოფლიოში თხილის უმსხვილესი მწარმოებელი და მიმწოდებელია.

თხილის მსოფლიო ბაზარზე მისი წილი, სხვადასხვა წყაროს თანახმად, 70-დან 80%-მდე მერყეობს.

იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ფაროსანა შეესია, თურქეთსაც შეეხო პრობლემა. 2016-17 წლებში საერთაშორისო მედია წერდა, რომ მათი შემოსევა საფრთხეს უქმნის თხილის მიწოდების ჯაჭვს. წელს ასეთ ფორმულირებებს ნაკლებად შეხვდებით.

საქსტატის მონაცემებით, ქართული თხილი თურქეთში ნაკლებად გადის - საექსპორტო ქვეყნების ათეულშიც კი ძლივს ხვდება ხოლმე.

მაგრამ თურქეთის თხილის მოსავალს გავლენა აქვს საქართველოზეც - ქართველ ფერმერებზე, მეთხილეებზე. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში - სამეგრელოსა და გურიაში - ადგილობრივები ყოველწლიურად დიდ იმედებს ამყარებენ თხილის მოსავალზე. მსოფლიო ბაზარზე თურქეთის წონის გათვალისწინებით, ფასების განსაზღვრაში მისი მოსავალი მნიშვნელოვანია.

თუკი თურქეთში თხილის მოსავალს პრობლემა შეექმნება, იქნება ეს შანსი მათი კონკურენტი ქართველი ფერმერებისათვის? ერთი შეხედვით, კი.

  • თუ თურქეთში მოსავალი ცოტა იქნა, საერთაშორისო ბაზარზე თხილის მიწოდება შემცირდება;
  • ამან კი ბაზარზე თხილის ფასი უნდა გაზარდოს;
  • ასეთ შემთხვევაში ქართველი ფერმერები უფრო ძვირად გაყიდიან თავიანთ პროდუქტს.

მაგრამ თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქარდავა სამ მნიშვნელოვან დეტალს უსვამს ხაზს:

  1. „ჩვენ თუ მაინც თურქეთზე უარესი თხილი გვექნა, ეგ დიდად სიტუაციას ვერ შეცვლის“;
  2. „ბაზარზე მხოლოდ გამყიდველის, მიწოდების მხარე არ არის. მყიდველი გარკვეულ თანხამდე იხდის, თუმცა გარკვეული ზღვრის შემდეგ პროდუქტს ანაცვლებს სხვა თხილეულით. მაგალითად, თხილის პირდაპირი კონკურენტი არის ნუში“;
  3. „თხილი მთელს მსოფლიოშია გაშენებული, ამერიკით დაწყებული, ჩილეთი, უკრაინით, ჩინეთით, იტალიით გაგრძელებული. ბევრგან უნდა შეიქმნას პრობლემა, რომ განსაკუთრებით მაღალ ფასამდე მივიდეთ. მაგრამ თურქეთშიც არ არის მოსალოდნელი ისეთი პრობლემა, რომ ფასები 2-3-ჯერ გაიზარდოს“.

განსხვავება ფასებს შორის

ქარდავას თქმით, თურქეთში 2023 წელს ხარისხის პრობლემა დადგა: „დაახლოებით 2-3%-ს შიდა დაზიანება, სიდამპლე ჰქონდა. თუმცა, რა თქმა უნდა, უმეტესობა არის უმაღლესი ხარისხის თხილი“.

საქართველოში დაზიანება კი 5%-მდე იყოო, გვეუბნება ის. მაგრამ ქართულ თხილზე საუბრისას გეოგრაფიას აქვს მნიშვნელობა. ქარდავას სიტყვებით:

  • „კახეთში, კერძოდ ლაგოდეხში, გვაქვს უმაღლესი ხარისხის თხილი, მაგრამ ლაგოდეხშიც გამოჩნდა ფაროსანა, იქაც საკმაოდ არის დაზიანება და ამიტომ წელს შედარებით უფრო დაბალი ხარისხისაა კახეთშიც, ვიდრე შარშან იყო. მაგრამ ამის მიუხედავად მაღალი ხარისხი შენარჩუნებულია“.
  • „დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში კი, მოსავლიანობა ძალიან დაბალი იყო; დაზიანება საშუალოდ 5%-ის ფარგლებში მერყეობს. ამაზე ქვევით ვერ ჩავდივართ“.

ლევან ქარდავას თქმით, სწორედ ხარისხი განაპირობებს თურქული და ქართული თხილის საექსპორტო ფასების სხვაობას:

„თუ შედარებით მაღალ ხარისხზე ვსაუბრობთ, ფასში სხვაობა შეიძლება იყოს 50 ცენტი ან ნაკლები. თუ სამეგრელოს საშუალო ხარისხის თხილს ავიღებთ, დოლარსაც შეიძლება აღწევდეს თურქულ ფასთან სხვაობა“.

მისი ინფორმაციით, სტანდარტული თხილის (თხილის გულის) ფასი წელს, გარკვეულ პერიოდში, 6 დოლარის ფარგლებში იყო, შემდეგ 6.5-7 დოლარამდე მივიდა, ცოტა ხნის წინ კი კვლავ დაიწია.

ფაროსანასთან ბრძოლის 8 წელი

რა განაპირობებს თხილის ფასებსა და ხარისხს შორის სხვაობას საქართველოს რეგიონებს შორის? ქარდავას განმარტებით, კლიმატი და აქედან გამომდინარე ფაროსანას ზემოქმედება.

საქართველო აზიურ ფაროსანას უკვე მე-8 წელია ებრძვის.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ფაროსანა, რომლის სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა და 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.

თხილის გარდა, ის აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვანებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს.

სააგენტოს ცნობითვე, „ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს“.

ფაროსანას სახელმწიფო და ფერმერები ერთად ებრძვიან. სააგენტოს თანახმად, წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დაამუშავა 227 148 ჰექტარი ფართობი, ცივი შესხურებით – 91 579,25 ჰა სოფლის ტერიტორია, სიმინდის მასივები, ჯაგნარები და ტყის პერიმეტრი. მწერებს თავიანთი ძალებით ებრძვიან ფერმერებიც.

ლევან ქარდავა ამბობს, რომ „თუ მშრალი ამინდებია, ფაროსანაც აქტიური ვერ არის. მშრალ ამინდებში წამლობები უფრო მარტივად ტარდება, წვიმისას კი უფრო ხშირი წამლობებია საჭირო, რისი შესაძლებლობაც ფერმერების უმეტესობას არა აქვს“.

„ამასთან, კახეთში მცირე ფერმერებიც კი აქტიურად უვლიან თხილსაც და ვენახსაც, სამეგრელოში კი პირიქითაა. ფერმერთა უმრავლესობა არ უვლის თხილს ისე, როგორც საჭიროა“, - ამბობს იგი.

XS
SM
MD
LG