Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ელის ბათუმის ცხოველთა თავშესაფარს - "ლაქი" მერიის გადაწყვეტილების მოლოდინში


ბათუმის ცხოველთა კერძო თავშესაფარ "ლაქის" ბინადარი
ბათუმის ცხოველთა კერძო თავშესაფარ "ლაქის" ბინადარი

მიუსაფარი ცხოველებისთვის ბათუმში არსებული ერთადერთი, კერძო თავშესაფარი დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თავშესაფარი “ლაქი”, რომელშიც ძირითადად მიტოვებული, დასახიჩრებული და დაავადებული 150-ზე მეტი ძაღლი და 50-მდე კატა ბინადრობს, მდინარე ჭოროხთან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მომიჯნავედ მდებარეობს. თავშესაფრის მეპატრონეს ახლა მხოლოდ პირობა აქვს მიღებული, რომ ბათუმის მერი შეხვდება.

თავშესაფრის ბინადრები
თავშესაფრის ბინადრები

თავშესაფარი რამდენიმე წლის წინ ცხოველთა დამცველმა თინა დიასამიძემ სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე დააარსა.

„იმის გამო, რომ ბათუმში არ არსებობს მუნიციპალური (სახელმწიფო) თავშესაფარი,100-მდე ძაღლი რომ გადამერჩინა, სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორია შემოვღობე, ქალაქს გავარიდე და აქ მოვიყვანე ძაღლები. მერე სულ უფრო მეტი მიუსაფარი ცხოველი მოჰყავდათ. აქ არიან ბრმა, თათებმოჭრილი ძაღლები, სხვადასხვა დაავადების მქონე, პატრონებისგან მიტოვებული ძაღლები. ბოლო დროს, მაგალითად, ახალ წელს მომაკვდავი ძაღლი მოგვიყვანეს - პიროტექნიკა აუფეთქეს და სახე დაზიანებული ჰქონდა. მეორე ძაღლს ბაწრით ახრჩობდნენ და სერიოზული დაზიანებით მოგვიყვანეს. ორივე გადარჩა და ახლა თავშესაფარში ცხოვრობს“.

თინამ ძაღლების გამოკვება ბათუმის ქუჩებში კორონავირუსის პანდემიის დროს დაიწყო. ის იხსენებს, რომ მაშინ ბევრი შინაური ცხოველი აღმოჩნდა ქუჩაში - „ქალაქი მშიერი ძაღლებით გაივსო“.

თინამ მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნვა „სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე“ გადაწყვიტა, ცხოველები ბათუმის ქუჩებიდან უსაფრთხო ადგილას რომ გაეყვანა.

ბათუმის აეროპორტთან, ე.წ ბუფერულ ზონასთან, ტყით შემოსაზღვრულ ადგილას თავშესაფრის მოწყობის ინიციატივას ქალაქის მერიამ (რომელსაც მიუსაფარი ცხოველებისთვის მუნიციპალური თავშესაფარი არ აქვს) მხარი თითქოს იმით დაუჭირა, რომ სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიის შემოსაზღვრასა და იქ პატარა ჯიხურების დადგმაზე თვალი დახუჭა.

თუმცა მას შემდეგ, რაც თინა დიასამიძესთან დაკავშირებით მერიაში საჩივარი შევიდა, რამდენიმე კვირის წინ თავშესაფარში მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები გამოჩნდნენ.

კატა თავშესაფრის ღობიდან იმზირება.
კატა თავშესაფრის ღობიდან იმზირება.

ცხოველების დამცველი ამბობს, რომ თავშესაფარში არსებული ჯიხურები უკანონო მშენებლობად მიიჩნიეს:

„მიუთითეს საცხოვრებელი სახლებიაო და არ განმარტეს, რომ ეს მცირე ჯიხურები საცხოვრებელი სახლები კი არა, მიუსაფარი ძაღლებისთვის გამოიყენება. არც კი გადაამოწმეს. შემდეგ გვითხრეს, რომ 15 დღეში ან პროექტი უნდა მივიტანოთ მერიაში, ან დემონტაჟი განხორციელდეს და ტერიტორიას პირვანდელი სახე დაუბრუნდეს. პირვანდელი სახე კი ასეთი იყო: მთელი ტერიტორია ჭაობით იყო დაფარული და წყალი იდგა, ჩვენ ღორღი შევიტანეთ და ასე მოვაწყვეთ. პროექტს კიდე ჩვენ არავინ დაგვიმტკიცებს, იმიტომ რომ სახელმწიფოს მიწაა“.

თავშესაფრის გადასარჩენად ცხოველების დამცველმა აქტივისტებმა ბათუმის მერიას მიმართეს და შეახსენეს, რომ „უკანონოდ მიჩნეული“ თავშესაფარი მერიის გასაკეთებელ საქმეს აკეთებს. აქტივისტებმა ბათუმის მერიასთან აქციაც გამართეს და განაცხადეს, რომ ყველა მიუსაფარ ცხოველს მერიასთან მიიყვანდნენ. ცხოველების დამცველი ერთ-ერთი აქტივისტი ტატა რუსევა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თუ მერია მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, პირობას შეასრულებენ.

„თუ ქალაქის მერიასთან მოლაპარაკება არ შედგება და თავშესაფრის დემონტაჟს დაგეგმავენ, მზად ვართ, ამ 150 ძაღლთან ერთად მერიის შენობასთან გავშალოთ კარვები. აქ დავაბინავებთ ამ დასახიჩრებულ ძაღლებს, იმიტომ რომ ისინი ქალაქის ქუჩებში ვერ გადარჩებიან. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკება შედგება, იმიტომ რომ კითხვაზე, სად მიგყავთ ამდენი ძაღლი, პასუხი არ აქვთ“, - ამბობს ტატა რუსევა.

რას აპირებს ბათუმის მერია თავშესაფრის დემონტაჟის და 150-ზე მეტი ძაღლის ქუჩაში დარჩენის შემთხვევაში? - ამ შეკითხვით მომზადდა ონლაინპეტიციაც, რომელსაც ამ დროისთვის ორი ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ცხოველების დამცველი აქტივისტები ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან, შეხვედრასაც ითხოვდნენ. შეხვედრა არ შედგა.

თინა დიასამიძე მიკედლებულ ძაღლთან ერთად თავშესაფარში
თინა დიასამიძე მიკედლებულ ძაღლთან ერთად თავშესაფარში

ბათუმის მერიაში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. როგორც თავშესაფარ „ლაქის“ დამფუძნებელი თინა დიასამიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მიღებული აქვს პირობა, რომ მერი შეხვდება, მანამდე აქვს გარანტია, რომ ბათუმის მერია ულტიმატუმს აღარ წაუყენებს:

ძალიან დამეხმარნენ და გვერდში დამიდგნენ ცხოველების დამცველები. ახლა ვიცი, როგორ უნდა ვიმოქმედო თავშესაფრის და ცხოველების უფლებების დასაცავად. ჩვენ კერძო პირმა, ერთ-ერთმა ე.წ. ცხოველების დამცველმა გვიჩივლა, მაგრამ ახლა ჩემი მხრივ შევიტან პასუხს მის საჩივარზე. თავშესაფარს დემონტაჟი აღარ ემუქრება. ჩვენ მივიღეთ გარანტია, რომ აქ ვიქნებით, ვიდრე ბათუმს არ ექნება მუნიციპალური თავშესაფარი“, - გვითხრა თინა დიასამიძემ.

ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ქალაქში მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრის აშენებას ითვალისწინებს, გასული წლის ბოლოს უკვე მეორედ ჩავარდა. ძაღლების თავშესაფრის აშენებაზე 32.9 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არავის მიუღია. ზუსტი სტატისტიკა, რამდენი მიუსაფარი ცხოველია ქალაქის ტერიტორიაზე, არ არსებობს.

XS
SM
MD
LG