Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მუქარა, ფულის შემოთავაზება“, - რას ამბობს დედა, რომლის 8 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს


ფოტოილუსტრაცია: "ოთახის კარი ჩაკეტა, პირზე დააფარა ხელი და ასე იძალადა".
ფოტოილუსტრაცია: "ოთახის კარი ჩაკეტა, პირზე დააფარა ხელი და ასე იძალადა".

„ბოლო ორი დღეა, შედარებით უკეთ გრძნობს თავს, სასეირნოდაც გავიყვანე, მეგობრებს შეხვდა, მინდა, გული გადააყოლოს“, - ეუბნება რვა წლის გოგოს დედა რადიო თავისუფლებას. მისი შვილის გაუპატიურების ბრალდებით, ათი დღის წინ არასრულწლოვანი, 14 წლის ბიჭი დააკავეს.

სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტი აპრილის დასაწყისში, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში მოხდა. რვა წლის დაზარალებული არ არის საქართველოს მოქალაქე. ოჯახი საქართველოში საცხოვრებლად ორი წლის წინ ჩამოვიდა.

"მოიპოვა ჩემი და ჩემი შვილის ნდობა"

ბავშვის დედა რადიო თავისუფლებას უყვება, რომ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტი მათთან სახლში მოხდა:

„ბიჭი ჩემს შვილს დაახლოებით ერთი თვის წინ დაუმეგობრდა. მოიპოვა როგორც ჩემი შვილის, ისე ჩემი ნდობაც. სანამ ეს ფაქტი მოხდებოდა, ჩვენს სახლში მანამდეც იყო მოსული მეგობრებთან ერთად. ნაყინი მოუტანა ჩემს შვილს. იმ დღესაც ჩვენთან მოვიდა. დიდი სახლი გვაქვს. მე ტერასაზე ვიყავი გასული, ამიტომ, ჩემდა სამწუხაროდ, ვერ გავიგე, რა მოხდა ოთახში“.

შვილის მონათხრობზე დაყრდნობით დაზარალებული ბავშვის დედა ჰყვება:

„ოთახის კარი ჩაკეტა, პირზე დააფარა ხელი და ასე იძალადა. ფრჩხილებით აქვს დაზიანებული გენიტალია. გუშინ რომ ვბანდი, მკითხა, დედა, როცა ამას აკეთებდა, თითქოს კანი მეგლიჯებოდაო. მოზარდმა გაიხადა შარვალიც და ჩემს შვილს აიძულებდა, რომ მის გენიტალიას შეხებოდა“.

ძალადობის მსხვერპლ ბავშვთან ახლა ინტენსიურად მუშაობს ფსიქოლოგი. დედა ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ მისი შვილის ფსიქოემოციური მდგომარეობა რთულია:

„საკმაოდ მძიმედ გადაიტანა პოლიციაში გამოკითხვის პროცესიც. მიუხედავად იმისა, რომ მასთან ერთად იყო ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, მაინც ძალიან გაუჭირდა. ამის შემდეგ, თითქმის ორი დღე-ღამე ეძინა. რომ იღვიძებდა, ამბობდა, რომ არ უნდოდა გაღვიძება და ამ ცხოვრებაში დაბრუნება. შემდეგ, პირიქით, ძილში დაეწყო კოშმარები. იღვიძებდა ყვირილით. ეჩვენებოდა, რომ ეს ადამიანი ისევ იმავეს უკეთებდა. ჰქონდა შეტევები, ტიროდა გამუდმებით. არც მე მიკარებდა ახლოს. მხოლოდ ორი დღის წინ მოვახერხე მისი დაბანა. ახლა უმეტესად დუმს და იყურება სადღაც შორს“.

"სახლში რომ დავბრუნდი, ბიჭის ოჯახის წევრისგან მესიჯი მივიღე"

როგორც ქალი ჰყვება, მომხდარის დეტალები მან პოლიციის განყოფილებაში, შვილის გამოკითხვისას შეიტყო:

„არ მეგონა, რომ საქმე ასეთ ძალადობასთან მქონდა. ჩემმა შვილმა ეს დეტალები მეორე დღეს, პოლიციაში მოჰყვა. მანამდე მეგონა, რომ მოზარდი მხოლოდ მის კოცნას შეეცადა. თუმცა, ვგრძნობდი, რომ ბავშვის ემოციური მდგომარეობა სხვაზე მეტყველებდა. გავიგე ბიჭის ოჯახის მისამართი და მათთან მივედი. ვთხოვე, ჩემი შვილისთვის ბოდიში მოეხადა. თუმცა, ბიჭმა უარი თქვა ბოდიშის მოხდაზე. ოჯახმა კი თქვა, რომ მათი შვილი მსგავს რამეს არ ჩაიდენდა“.

დაზარალებული ბავშვის დედა ამბობს, რომ სახლში დაბრუნებულმა, არასრულწლოვანი ბიჭის ოჯახის წევრისგან მესიჯი მიიღო:

„მწერდა, ყველაფერში შენი შვილია დამნაშავე, ჩვენს ბიჭს არაფერი დაუშავებია და სადაც გინდათ, გვიჩივლეთ, ვერაფერს დაგვიმტკიცებთო. სწორედ ამ გზავნილის შემდეგ გადავწყვიტე პოლიციაში წასვლა“.

ქალი ამბობს, რომ ბრალდებულის ოჯახი მათ შესახებ, ერთი მხრივ, უარყოფით ინფორმაციას ავრცელებს, მეორე მხრივ კი, მათ მოსყიდვას ცდილობს:

„ჩვენს ყურამდე აღწევს მუქარები, მოდის ინფორმაცია, რომ უნდათ ფულის შემოთავაზება. იმუქრებიან, რომ ყველაფერზე პასუხს ვაგებთ, რომ ეს არ არის სიმართლე და, რომ მათი შვილი მსგავს რამეს არ ჩაიდენდა. ისინი ცდილობენ, რომ საერთო ნაცნობების საშუალებით მომაწვდინონ ხმა.

როდესაც შევიტყვე, რა სასჯელი შეიძლება დაეკისროს ბიჭს, სიმართლე გითხრათ, ავღელდი. ვხვდები, რომ ამ ბავშვს თავად სჭირდება დახმარება, რადგან როდესაც 14 წლის მოზარდი 8 წლის ბავშვს უკეთებს მსგავს რამეს, მას, სავარაუდოდ, თავად სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამ ბავშვის ოჯახი აგრძელებს ჩვენზე ზეწოლას, ავრცელებს ხმებს, რომ თითქოს დამნაშავე ჩემი შვილია, ცხადია, პოზიციას ვერ შევიცვლი. მათ რომ გულწრფელად მოეხადათ ბოდიში, ალბათ სხვანაირი მიდგომა მექნებოდა. მეც და იმ ბავშვის დედასაც, ორივეს საერთო უბედურება გვჭირს და ეს უნდა გააცნობიერონ“.

რას ითხოვს დედა

8 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ ის ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს შვილისთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას:

„ათ დღეზე მეტია გასული. არ ვიცი, რატომ არ უტარებენ ჩემს შვილს სამედიცინო ექსპერტიზას. გამოძიება მეუბნება, რომ სასამართლო არ იძლევა ექსპერტიზის დანიშვნისთვის საჭირო განჩინებას. სწორედ ამიტომ მინდა, რომ პროცესში ჩაერთონ ბავშვთა უფლებადამცველები.

თუმცა, გამოძიება მიმტკიცებს, რომ ამ პროცესში არავის ჩართვის, მათ შორის, არც უფლებადამცველი ორგანიზაციების ჩართვის საჭიროება არ არის“, - ამბობს დედა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც 8 წლის ბავშვის სავარაუდო გაუპატიურების საქმეს იძიებს, ამ ეტაპზე, არ აკეთებს კომენტარს, დაინიშნება თუ არა და თუ - კი, როდის დაინიშნება საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

რაც შეეხება საქმეში უფლებადამცველების ჩართვას, რადიო თავისუფლებას ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაცია „საფარში“ დაუდასტურეს, რომ 15 აპრილიდან დაზარალებულის ინტერესებს მათი ორგანიზაციის იურისტი დაიცავს:

„დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვილაპარაკებთ, რადგან საქმეში დღეს ჩავერთეთ. მოკლე სატელეფონო საუბარი მქონდა გამომძიებელთან. საქმის მასალებს ჯერჯერობით არ ვიცნობ. საქმე მეტად სენსიტიურია, ორივე მხარე, დაზარალებულიცა და ბრალდებულიც არასრულწლოვანია, ამიტომ მეტი სიფრთხილე გვმართებს“, - ამბობს „საფარის“ იურისტი სალომე სალდაძე.

ბრალდებულის ოჯახი მედიასთან არ საუბრობს

რადიო თავისუფლება შეეცადა მოზარდის დედასა და მამიდასთან დაკავშირებას, თუმცა, უშედეგოდ. კომენტარს არ აკეთებს არც ბრალდებულის ადვოკატი. ჩვენ მხოლოდ დაზარალებული მხარის მონათხრობზე დაყრდნობით ვიცით, რომ არასრულწლოვანი ბრალდებული და მისი ოჯახი ბრალს არ ეთანხმებიან.

ბრალი, რომელიც 14 წლის მოზარდს აქვს წარდგენილი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია და 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა, თუკი 14 წლის მოზარდს მის მიმართ წარდგენილი ბრალი, 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ფაქტი დაუმტკიცდება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მას პატიმრობის ვადა 1/3-ით შეუმცირდება.

* ბავშვთა მიმართ ძალადობის, ჯანმრთელობის, განათლების, სოციალურ და ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე უნდა მიმართოთ დახმარების ცხელ ხაზს - 111.

XS
SM
MD
LG