Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი არც 29 აპრილის საკომიტეტო განხილვაზე არ დაუშვებს ონლაინმედიას


„არა რუსულ კანონს“ - ჟურნალისტების საპროტესტო აქცია პარლამენტის შესასვლელთან. 16 აპრილი, 2024 წელი
„არა რუსულ კანონს“ - ჟურნალისტების საპროტესტო აქცია პარლამენტის შესასვლელთან. 16 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს პარლამენტი „სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის“ მიზეზით, 29 აპრილს პარლამენტის შენობაში არ დაუშვებს ონლაინმედიის წარმომადგენლებს.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა“, - აცხადებს პარლამენტის პრესცენტრი.

„დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები“, - აღნიშნავს პარლამენტი.

პარლამენტი ამჯერად ასევე აცხადებს, რომ „შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების (კომიტეტების სხდომების) დასრულებამდე“.

ამავე, „უსაფრთხოების“ მიზეზით, ონლაინ და ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს პარლამენტში მუშაობის უფლება არ მიეცათ 15 და 19 აპრილს, - მას შემდეგ, რაც „რუსულ კანონად“ წოდებული „აგენტების კანონი" განსახილველად დაბრუნდა საკანონმდებლო ორგანოში.

პარლამენტში არ დაუშვეს რადიო თავისუფლების აკრედიტებული ჟურნალისტიც.

შეზღუდვის დასაწესებლად, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, ცალკე სამართლებრივი აქტი არ გამოუცია - ის ხელმძღვანელობს 2023 წლის სექტემბერში გამოცემული ბრძანებით, რომლითაც ჟურნალისტებს მუშაობის წესს უდგენს.

„აგენტების კანონი“ პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს.

29 აპრილს, დილის 9 საათზე, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა იურიდიული კომიტეტის სხდომაზეა დაგეგმილი.

ჯერ დაუზუსტებელია, როდის გაიტანენ პროექტს პლენარულ სესიაზე.

XS
SM
MD
LG