Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდა ბავშვებს


ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძე

​​​​​​​რევოლუციებს ცალკე გვერდი აქვთ ვიკიპედიაში. ესაა უგრძესი სია, სადაც ჩამოთვლილია ლამის ყველა ის ჯანყი, რაც კი მომხდარა მსოფლიოში უხსოვარი დროიდან დღემდე. არ ვიცი, რა სახელით შევა ისტორიაში დღევანდელი ქართული ამბავი, მე მას „ბავშვთა რევოლუციას“ ვეძახი.

ეს ამბავი ისტორიაში რომ შევა, ამაში ეჭვი არ მეპარება. მეტისმეტად ლამაზია დავიწყებისთვის.

ქალაქში, მტვერში წაიქცაო ბავშვი, პოეტმა საუკუნის წინ თქვა, დღემდე კი ჩაგვესმის მისი ექო. ეს არ არის მხოლოდ ქრონიკა, ასეთი ბედი გვერგო. სულ ვეცემოდით ქუჩაში, მტვერში, ნიჩბებით აჩეხილნი და გაზით მოწამლულნი. მაგრამ ვდგებოდით. ესეც ჩვენი ბედია. არ ვვარგივართ ჩვენ მონებად. ჭინჭრაქებად და ნაცარქექიებად კიდევ ჰო, მაგრამ ჩვენი მონობა არ გაიშვას. როგორი თავჩახრილიც უნდა ვიდგეთ, ბოლოს მაინც ვიკადრებთ რამე ისეთს, მონას რომ არ ეკადრება.

ყველას გვინახავს ფილმები ბრიუს ლისა თუ ბრიუს უილისის მონაწილეობით. ასევე ყველამ ვიცით, რომ, როგორც კი ფილმში რომელიმე ბრიუსი გამოჩნდება, ამბის ბედი გადაწყვეტილია. ბრიუსი ბოლოს უთუოდ დაამარცხებს მტერს, როგორც წმინდა გიორგი - გველეშაპს. ჩვენ კი ვიცით, ეგაა, გველეშაპმა არ იცის ეს ამბავი. ჰოდა, მთელი ფილმიც მისი მარცხის ქრონიკაა ხოლმე. ახლაც ასეა. როგორც კი ახალგაზრდები გამოჩნდნენ ქალაქის ქუჩებში, „ქართული ოცნება“ დამარცხდა.

გინდა არ გინდა, კინო დაიწყო. ჩვენ ვიცით, რომ გველეშაპი კიდევ წააქცევს ბავშვს წყლით, გაზით, ხელკეტით, რეზინის ტყვიით. ცხვირსაც გაუტეხავს, წიხლებითაც შედგება ზედ. ეცდება მის გაშავებას, შეშინებას, ცდუნებას, დაშანტაჟებას. ასეთია მონსტრის როლი. მაგრამ ფილმის მთავარ როლში ბავშვია, რომლის დამარცხებას ჟანრის კანონი არ ითვალისწინებს.

არ ვიცით, რამ წააქცია ბავშვი, ასეთი რა დაეჯახა, მხოლოდ მშრალი ცნობა: ქუჩაში, მტვერში წაიქცაო იგი. ესაა ამ ტრაგედიის სიმძიმე და სწორედ ეს გვიხუთავს სულს. ფურცლიდან სიკვდილის სუნთქვაღა ისმის. სტალინებსა და პუტინებზე კი არ იწერება უკვდავი ლექსები, არამედ უსახელო ბავშვზე ნუკრის თვალებით, თმით - მიმოზებით.

ბავშვებზე უკეთ ვერავინ დაალაგებს ჩვენს არეულს. 9 წლის წინაც მათ არ გაწმინდეს დედაქალაქის გული ჭუჭყისგან? არავის უთხოვია, ჩუმად გამოჩდნენ, საქმე გააკეთეს და გაუჩინარდნენ. მაშინ ბევრი არაფერი იყო სათქმელი. უბედურება უკვე მომხდარიყო. მაგრამ დღეს ისინი ყივიან მთელ ხმაზე, რადგან უბედურება კარს მოგვდგომია.

ყველას გვქონია ჩვენი ბედნიერების წამები ცხოვრებაში, მაგრამ ამ ბავშვებმა ყველაფერი გადაფარეს. ვუყურებ მათ და ვერ ვხვდები, საიდან მოვიდნენ ასე ლაღები, თავდადებულნი, გულანთებულნი. იმ თავისუფლებიდან ხომ არა, რომელიც ჩვენ არასდროს გვქონია? ნამდვილად ჩვენი შვილები არიან? ჩვენ ხომ არ ვყოფილვართ ასეთები მათ ასაკში? როდის გვქონია ასე გახსნილი გული, შუბლი ან მზერა? ამათზე მშვენიერი რაღა უნდა დაგვმართნოდა?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG