Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის შტაბის ყოფილი წევრი თბილისში: „ოფიციალური ვერსია ძნელად დასაჯერებელია“ 


პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ლევ გიამერი და ალექსეი ნავალნი
პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ლევ გიამერი და ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნის შტაბის ყოფილი თანამშრომელი, პოლიტიკოსი და ჟურნალისტი - ლევ გიამერი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იძულებული გახდა რუსეთიდან საქართველოში გადასულიყო საცხოვრებლად, ჰყვება იმის შესახებ, თუ როგორი ზეგავლენა მოახდინა ნავალნიმ ოპოზიციაზე და რას უნდა ველოდეთ ახლა.

რადიო თავისუფლება: რამდენად მოსალოდნელი იყო ის, რაც დღეს მოხდა?

ლევ გიამერი: გულახდილად რომ გითხრათ, ნათელი იყო, რომ ისინი შეეცდებოდნენ მის მოკვლას. თუმცა, ისე ჩანდა, რომ ისინი ამას ასე აშკარად არ გააკეთებდნენ. ანუ, მას გამუდმებით სვამდნენ „საჯარიმო იზოლატორში“, იქაური პირობები ფაქტობრივად ნიშნავდა იმას, რომ ის წამების ქვეშ იმყოფებოდა. ეს ყველაფერი, ცხადია, გამიზნული იყო ჯანმრთელობის შერყევაზე. მაგრამ ის უძლებდა.

ოთხშაბათს ადვოკატმა ნახა, ყველაფერი კარგად იყო, გუშინ ვიდეოკავშირით ჩაერთო [სასამართლოზე], იქაც ყველაფერი შესანიშნავად იყო. ოფიციალური ვერსია ძნელად დასაჯერებელია.

ამასთან, ეს რომ მოულოდნელად მომხდარიყო, როგორც ამას გვაჯერებენ, მგონია, რომ ასეთი ფხიზელი რეაგირება ვერ ექნებოდათ, ძალიან შეეშინდებოდათ. სახელმწიფოს რეაქციის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ ეს არის ერთგვარი დაგეგმილი ქმედება.

უნდა დაველოდოთ, ვიდრე ადვოკატს მიეცემა ხარპში [დასახლება, სადაც ალექსეი ნავალნი იმყოფებოდა პატიმრობაში - რ.თ.] ჩასვლის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებამ შეძლოს სხეულის ნახვა, რომ გავიგოთ რა მოხდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი მოულოდნელობა იყო.

რადიო თავისუფლება: ჯერ, ალბათ, ძნელია იმაზე ფიქრი, ამას რა მოჰყვება. მაგრამ, მაინც რომ ვცადოთ წარმოდგენა, როგორ აისახება ეს, ასე ვთქვათ, ოპოზიციურ რუსეთზე - რამდენად დაასუსტებს თუ პირიქით, გაბედულება შეჰმატებს მას ნავალნის სიკვდილი?

ლევ გიამერი: რთული სათქმელია. ოპოზიცია ისედაც არ არის ახლა საუკეთესო მდგომარეობაში. ალექსეი რაც ჩასვეს, ომი რაც დაიწყო - ყველაფერი მოგუდეს. არ ვიცი, შესაძლოა, ფაქტი, რომ ალექსეი არჩევნების წინ მოკლეს, რაღაცნაირად ხელს შეუწყობს საზოგადოების კონსოლიდაციას არჩევნებზე. ამ ყველაფრის პროგნოზირება, სიმართლე გითხრათ, რთულია.

რადიო თავისუფლება: რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ნავალნი საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი ნაწილისთვის?

ლევ გიამერი: ძნელია ამის გადაჭარბებით შეფასება, რადგან იმ ადამიანების უდიდესი უმრავლესობა, რომლებიც ახლა ოპოზიციურ პოლიტიკაში არიან ჩართულები, ასე თუ ისე, იქ ალექსეი ნავალნის წყალობით მოხვდნენ, მისი საპრეზიდენტო კამპანიისას 2018 წელს. ყველა - დღეს რამენაირად მოქმედი აქტორი, რომელსაც ვიცნობ, საპრეზიდენტო კამპანიის გამო წავიდა ოპოზიციაში.

სხვაგვარად რომ ვთქვა, იყვნენ ისეთებიც, ვინც ჯერ კიდევ „ბოლოტნაიას“ [2011-2013 წლების საპროტესტო მოძრაობა რუსეთში - რ.თ.] დროიდან შემორჩნენ ან კიდევ უფრო ძველი დროიდან, შეიძლება ითქვას, ბებრები, მაგრამ ჩემი თაობა პოლიტიკაში სწორედ ალექსეი ნავალნის დროიდან მოვიდა. მეც, მათ შორის. ყველა, ვისაც ვიცნობ, ან შტაბებიდან მოდიან, ან რაღაც ისეთიდან, რაც ასე თუ ისე დაკავშირებულია ალექსეი ნავალნის მოღვაწეობასთან. ამიტომ, დიახ, ეს არის ადამიანი, რომელმაც უამრავი რუსი მოიყვანა პოლიტიკაში. ზუსტად ეს ვერ აპატიეს მას.

რადიო თავისუფლება: შეიძლება ამან ახლა მაინც შეაჯანჯღაროს რუსეთი? თუ ყველა, ვისი შეჯანჯღარებაც ამას შეუძლია ან შეეძლო, ან რუსეთში აღარ იმყოფებიან, ან იძულებულები არიან, გაჩუმდნენ...

ლევ გიამერი: ძნელი სათქმელია. საბჭოთა კავშირში მსგავსი ისტორია იყო. ძალიან ბევრი ადამიანი შიდა ემიგრაციაშია - მოქალაქეები ფარული ბრაზით. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რომ ეს ადამიანები გასრისოს - ისინი, ვინც არ დატოვა ქვეყანა - რომ დაიმალონ და არ გამოჩნდნენ. სახელმწიფო ამას საკმაოდ ეფექტიანად აკეთებს.

იყო პერიოდები, როცა ცოტა-ცოტა მიაწვებოდნენ და შესაძლოა, რაღაც გამოსვლოდათ, მაგრამ საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, პუტინის რუსეთი შეცდომებზე სწავლობს და შესაბამისად ცვლის თავის საშინაო სტრატეგიას, საკმაოდ ეფექტიანად ებრძვის ოპოზიციას, პროტესტს და ძნელია ამას რამე დაუპირისპირო. პრინციპში, საგარეო სტრატეგიასაც მსგავსად უდგება...

რადიო თავისუფლება: პირადად იცნობდით ნავალნის? როგორ შთაბეჭდილებას ტოვებდა ცხოვრებაში?

ლევ გიამერი: დიახ. როცა კემეროვოსა და ნოვოკუზნეცკში ჩავიყვანეთ, მოვახერხე მასთან დალაპარაკება. როცა ნავალნის კრასნოდარის შტაბში ვმუშაობდი, ალექსეი პერიოდულად მონაწილეობდა თათბირებში. ძალიან გახსნილი და სიცოცხლისმოყვარული ადამიანი იყო, გარდა იმისა, რომ საკმაოდ გაბედული - სრულიად აშკარაა. ყოველთვის გამოირჩეოდა რაღაცნაირი, კარგი გაგებით, უბრალოებით.

ცხადია, ეს იყო ძალიან წონიანი ადამიანი პოლიტიკაში, ყველაფრით, რაც აქედან გამომდინარეობს, მაგრამ, როცა მას ეურთიერთები, შთაბეჭდილება გრჩება, რომ ის უბრალოდ შენი მეზობელია, რომელიც ბედისწერის ნებით პოლიტიკით არის დაკავებული. თორემ, ისე, შენი მეზობელი ალექსეია, რომელსაც შეიძლება მშვიდად შეხვდე კიბის უჯრედში, რაღაცაზე დაელაპარაკო... იურისტი, რომელიც ძალიან ყურადღებით უდგება დეტალებს და იმას, თუ ვისთან მუშაობს. იმ დროს, რაც მან ციხეში გაატარა, აკლდა პოლიტიკას - მისი მიდგომა აკლდა.

  • 16x9 Image

    ანასტასია სლოვინსკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2014 წლიდან. ძირითადად მუშაობს ვიდეოკონტენტის შექმნაზე. არის პროექტის „8 ფოტო არქივიდან“ თანაავტორი.

XS
SM
MD
LG