Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვწერთ აფხაზურად, ქართული ასოებით“ - დაეხმარება თუ არა ახალი ინიციატივა კონსტიტუციის დაცვას?


აფხაზური ანბანი ქართულ გრაფიკაზე
აფხაზური ანბანი ქართულ გრაფიკაზე

ქართულ-აფხაზური ორგანიზაცია „ამრა“ აფხაზური ტექსტების ქართული ანბანით წერის ინიციატივას აცოცხლებს. ეს ანბანი აფხაზური ენისთვის მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა, თუმცა რუსიფიკაციას ემსხვერპლა - აფხაზებმა დამწერლობად კირილიცა აირჩიეს.

„ამრა“ცდილობს, ქართულ გრაფიკულ სიმბოლოებზე დაფუძნებული ანბანი აღადგინოს.

„ქართული ანბანი უფრო ადაპტირებულია აფხაზურ ენასთან, ვიდრე რუსული, ამას თავად პეტრე უსლარიც ამბობდა, კირილიცაზე დაყრდნობილი აფხაზური ანბანის ავტორი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ამრას“ წარმომადგენელი მიხეილ კვატაშიძე და იქვე განმარტავს, რომ დღეს მათი ინიციატივა უფრო ქართველებს ეხება, ვიდრე აფხაზებს.

„ამ პროექტს აფხაზებს არ ვთავაზობთ. უკვე გაიგეს და ძალიან ცუდად მიიღეს. ეს პროექტი ქართველებისთვის არის… როცა აფხაზებთან ვურთიერთობ, მაინტერესებს, ესა თუ ის სიტყვა როგორაა აფხაზურად. ვთხოვ ხოლმე, დამიწერონ. კირილიცათი მიწერენ და ვერ ვკითხულობ. კი ვიცი რუსულიც, მაგრამ იქ კიდევ სხვანაირი ასოებია. როდესაც აფხაზურ სიტყვებს ქართული ასოებით ვწერ, ძალიან დიდი ტექსტის წაკითხვაც კი შემიძლია, - ამბობს მიხეილ კვატაშიძე, - იდეალური ვარიანტი რომ ავიღოთ, ამ ანბანით ქართველებს აფხაზურის სწავლა გაუადვილდებათ, აფხაზებს კი - ქართულის. საქართველოში არის სკოლები, სადაც აფხაზურს ასწავლიან და იქ შეიძლება დავნერგოთ“.

„ამრა“ ქართული ანბანის თანამედროვე აფხაზურთან შესაბამისობაში მოსაყვანად, სამეცნიერო წრეების ჩართვას გეგმავს.

აფხაზური ანბანი კირილიცაზე დაყრდნობით
აფხაზური ანბანი კირილიცაზე დაყრდნობით

რადიო თავისუფლება ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია Logos Caucasicus-ის დამფუძნებელს ლევან მეტონიძეს ესაუბრა. ის „ამრასთან“ ერთად გამართული კონფერენციის თანაავტორი და პრეზენტატორი იყო

როგორ იქმნებოდა აფხაზური დამწერლობა

აფხაზური ენის სპეციალისტი, მეცნიერი თეიმურაზ გვანცელაძე თსუ-ს ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალში წერს, რომ აფხაზურ ენაზე დამწერლობა XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე არ არსებობდა. ის პირველად, 1862 წელს, რუსეთის არმიის გენერალმა პეტრე უსლარმა შექმნა. ანბანი კირილიცას ეყრდნობოდა, ასევე ემატებოდა უსლარის გამოგონილი ასო-ნიშნები, ძირითადად, მოდიფიცირებული რუსული ასოები.

იმავე წელს „კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენმა საზოგადოებამ“ თბილისში შექმნა კომისია აფხაზეთის სამრევლო სკოლებისათვის აფხაზური სახელმძღვანელოს შესადგენად. კომისიამ ქართული დამწერლობის გამოყენება გადაწყვიტა, მაგრამ საბოლოოდ მაინც კირილიცა გამოიყენა, რადგან პეტრე უსლარმა კომისია ხელისუფლებასთან დაასმინა.

ხელნაწერები აფხაზეთზე
please wait

No media source currently available

0:00 0:03:00 0:00

1862 წლიდან მოყოლებული აფხაზურ ენას გრაფიკული სიმბოლოები რამდენიმეჯერ შეეცვალა: 1926-1928 წლებში მოქმედებდა აკადემიკოს ნიკო მარის მიერ ლათინური გრაფიკის საფუძველზე შედგენილი დამწერლობა, 1928-1937 წლებში - ნ. იაკოვლევისა და ე. პოლივანოვის მიერ შექმნილი ლათინიზებული გრაფიკა. 1938-1954 წლებში აფხაზური ენა ქართულ გრაფიკაზე გადაიყვანეს, 1954 წლიდან კი კვლავ უსლარისეული კირილიცა აღდგა.

აფხაზურ ენაში 64 ასო-ნიშანია, კირილიცაზე დაყრდნობილ ანბანშიც ამდენივე. ქართულ ვარიანტში გამოიყენება ყველა 33 ასო, პლუს 3 ასო-ნიშანი და 3 დიაკრიტიკული ნიშანი.

„ყველა 64 ბგერას უკვე აღარავინ იყენებს, ალბათ მხოლოდ ნახევარს. აფხაზური ბავშვობაში თუ არ ისწავლე, მერე ძალიან გიძნელდება. ძალიან რთულად გამოსათქმელი ბგერები აქვს“, - ამბობს დაურ ბუავა, ეთნიკური აფხაზი, რომელიც თბილისში საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ გადმოვიდა. ის რუსეთში გაიზარდა და აფხაზური არ იცის, აფხაზეთშიც აფხაზურად ახლა უფრო ასაკოვანები ლაპარაკობენო - ამბობს.

7 სექტემბერს აფხაზეთში ადგილობრივმა ტელევიზიამ („აფხაზეთის ტელევიზია“) სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით მოამზადა სიუჟეტი. სატელევიზიო რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ სოხუმის №14 სკოლაში წელს აფხაზური სექტორის გახსნა ვერ მოხერხდა, აფხაზურის მცოდნე ბავშვი არ იყო. ამავე სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ სულ სოხუმში 13 სკოლაა, აქედან 3 აფხაზური, 1 - სომხური და 9 - რუსული, რუსული სკოლებიდან ხუთს აფხაზური სექტორიც აქვს.

ყველაფერი რუსულად არის და ვფიქრობ, ეს საგანგებოდ ხდება. თუმცა უფროსმა თაობამ ქართული და მეგრულიც იცის, ამას არ ამბობენ, მაგრამ იციან“, - ამბობს დაურ ბუავა.

ისევე, როგორც სხვა მცირე ენებს, აფხაზურსაც გაქრობის საფრთხე ემუქრება. თვითაღიარებულ რესპუბლიკაში საქმისწარმოება რუსულ ენაზე მიმდინარეობს, რუსულად იმართება მთავრობის სხდომები და პარლამენტის სესიები.

საქართველოს აფხაზური ენის შენარჩუნებასა და განვითარებას კონსტიტუცია ავალდებულებს. „ამრაში“ ფიქრობენ, რომ აფხაზურის ქართულ ანბანთან ადაპტირებით აფხაზური უფრო მეტი ქართველისთვის იქნება ხელმისაწვდომი და ადვილად სასწავლიც.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG