Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის და როგორ ემსახურება პუტინის მიერ შექმნილი ფონდი „მამულის დამცველი“?


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

უკრაინაში გაჩაღებული ომის წლისთავზე, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით რუსეთში დაფუძნდა სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში (კრემლი ასე უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ ომს - რედ.) მონაწილე ვეტერანთა დახმარების სახელმწიფო ფონდი „მამულის დამცველი“.

ფონდმა, რომლის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 10-15 მილიარდ რუსულ რუბლს (162 მილიონ დოლარს) შეადგენს, პუტინის რეჟიმს უნდა ააცილოს „ავღანური სინდრომის“ განმეორება და მოსალოდნელი სოციალური უკმაყოფილება, რასაც ქვეყანას ფრონტიდან დემობილიზებული ათობით ათასი დაინვალიდებული ჯარისკაცის მკურნალობა და ადაპტაცია უქადის.

მაგრამ როგორც საგამოძიებო პროექტმა „სისტემამ“ შეიტყო, ფონდი ძირითადად დაკავებულია სპორტული დღესასწაულებისა და კონცერტების ორგანიზებით და არაფერია ცნობილი პოსტტრავმული სინდრომის მქონე ჯარისკაცებზე ზრუნვასა და მათ მკურნალობაზე.

ახლა უფრო მეტს გეტყვით იმაზე, თუ რა საქმიანობს ფონდ „მამულის დამცველის“ მიერ დაარსებული ვეტერანთა მომსახურების „ერთიანი ცენტრი“ და რა კავშირი აქვს მსხვილი საბიუჯეტო ფონდის მმართველობასთან რუსეთის პოლიტიკური ელიტის და პირადად ვლადიმირ პუტინის სანათესაოს.

მეტი პიარი და ნაკლები მკურნალობა

3 აპრილს ზუსტად 1 წელიწადი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით ქვეყანაში შეიქმნა სახელმწიფო ფონდი „მამულის დამცველი“, რომელსაც სათავეში ჩაუდგა პრეზიდენტის ნათესავი ანა ცივილიოვა. არსებობს ოფიციალური ფოტო, რომელზეც კრემლში პუტინისა და ცივილიოვას სამუშაო შეხვედრაა აღბეჭდილი.

ვლადიმირ პუტინი და ანა ცივილიოვა ფონდ "მამულის დამცველის" ხელმძღვანელი. კრემლი, 2024 წლის აპრილი
ვლადიმირ პუტინი და ანა ცივილიოვა ფონდ "მამულის დამცველის" ხელმძღვანელი. კრემლი, 2024 წლის აპრილი


კრემლის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ცნობის თანახმად, ვლადიმირ პუტინმა ცივილიოვას დაავალა, რომ იზრუნოს ვეტერანების დროულ და ხარისხიან მკურნალობაზე, უზრუნველყოს ისინი სარეაბილიტაციო საშუალებებით და პირადად გააკონტროლოს, თუ რამდენად აკმაყოფილებთ მათ ფონდის მიერ შეთავაზებული სერვისები.

"დიახ, სისტემა მზადდება, დღეიდან ის ამოქმედდება. ჩვენ დავამყარებთ უკუკავშირს როგორც საჯარო სერვისების პორტალების, ასევე ჩათბოტის საშუალებით, რომელიც ბიჭების (ვეტერანების) მობილურ ტელეფონებზე აიტვირთება. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ რეგულარულად მივიღოთ შეფასება“, - განუცხადა ცივილიოვამ ვლადიმირ პუტინს.

რუსეთის „მამულის დამცველთა“ ფონდის მართვაში ცივილიოვას ეხმარება მისი გუნდი, რომელიც რუსეთის პოლიტიკური ელიტის შვილებისა და წარმომადგენლებისგან შედგება. ასე მაგალითად, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, სერგეი კირიენკო. პერსონალის მომზადებას რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ქალიშვილი, იულია შოიგუ უძღვება, ხოლო ფონდის საქმიანობის პროპაგანდით დაკავებულია ცნობილი ტელეწამყვანი, ვლადიმირ სოლოვიოვი.

როგორც ირკვევა, არსებითად სწორედ პროპაგანდა და არა პოსტტრავმული აშლილობის სინდრომისგან ვეტერანების მკურნალობა წარმოადგენს „მამულის დამცველთა“ ფონდის მთავარ მიმართულებას.

პოლიტიკოსებთან და ყველა დონის ოფიციალურ პირებთან ანა ცივილიოვას შეხვედრების გარდა, ფონდის საქმიანობის ამსახველი სატელევიზიო სიუჟეტები ასევე მოიცავს მმართველი საბჭოს ათივე წევრის რეგიონებში ყველა ვიზიტს.

პროპაგანდისტული სიუჟეტი, როგორც წესი, ასე გამოიყურება. „მამული დამცველის“ ფონდის მთელი დელეგაცია, გამგეობის ერთ-ერთი წევრის ხელმძღვანელობით ჩადის, მაგალითად, რიაზანის რეგიონში. იქ მათ ესალმება გუბერნატორი (ამ შემთხვევაში პაველ მალკოვი) და აჩვენებს ფონდის ადგილობრივ ფილიალს, ლამაზ ახლად გარემონტებულ შენობას. კადრში ხვდება შესასვლელზე გაკეთებული წარწერა: ფილიალი ღიაა დილის 9-დან საღამოს 18 საათამდე, გარდა შაბათ-კვირისა.

სატელევიზიო სიუჟეტში, გამგეობის წევრი (ამ შემთხვევაში, ფონდის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი რომანოვი) კამერის წინ ჰყვება, რომ მისი მოწაფეობის დროს ქვეყანაში დიდი სამამულო ომის ბევრი ვეტერანი ცხოვრობდა, სახელმწიფო ძალიან აფასებდა მათ და კარგად იყენებდა ახალგაზრდების პატრიოტული აღზრდის საქმეში. ანუ, ისინი ცხოვრობდნენ საინტერესო და სისხლსავსე ცხოვრებით, უნივერსალური პატივისცემის ატმოსფეროში და ეს ტრადიცია დღევანდელ რუსეთშიც ფეხს იკიდებს.

ამის დასტურად დღევანდელი რუსი ვეტერანები კამერის წინ თამაშობენ ფრენბურთს, სწევენ შტანგებს, ისვრიან მშვილდისრიდან, ხოლო პარაოლიმპიელები ცდილობენ ისრიალონ სლეჯ-ჰოკეის ციგებით. სიუჟეტში ყველაფერს დაჰკრავს სადღესასწაულო ელფერი, ლხინისა და ზეიმის განწყობა. ხოლო შენობის კედლებზე თავს იწონებს ლოზუნგები „საკუთარ ხალხს არ ვტოვებთ“ და "სამართლიანობა, პატივისცემა, ზრუნვა“.

"რას აკეთებს აქ ყველა ეს ქალი?"

იგივე ლოზუნგი "სამართლიანობა, პატივისცემა და ზრუნვა" ამშვენებს მოსკოვში მდებარე ვეტერანთა დახმარების "ერთიან ცენტრს", რომელმაც ფონდ "მამულის დამცველის" დაარსებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო საქმიანობა და ვეტერანთა და მათი ოჯახების წევრების ყველაზე მსხვილ დახმარების ცენტრად ითვლება რუსეთში.

„ერთიან ცენტრში“ სოციალურ კოორდინატორებად ძირითადად ქალები მუშაობენ. ვიზიტორებს შორის ასევე ბევრი ქალია, რომლებიც იქ ბავშვებთან ერთად მიდიან. ცენტრის თანამშრომლები შემდეგ „სისტემის“ კორესპონდენტს ეტყვიან, რომ ვეტერანების მიერ ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ასე ჟღერს:

- რას აკეთებს აქ ყველა ეს ქალი?

„მამულის დამცველის“ ფონდი სსო-ს ვეტერანთა მომსახურებას "ერთიანი ცენტრის" საშუალებით ახორციელებს, სადაც სოციალურ კოორდინატორებად ძირითადად ქალები მუშაობენ
„მამულის დამცველის“ ფონდი სსო-ს ვეტერანთა მომსახურებას "ერთიანი ცენტრის" საშუალებით ახორციელებს, სადაც სოციალურ კოორდინატორებად ძირითადად ქალები მუშაობენ


ცენტრის თანამშრომლები სპეციალურად არიან დარიგებულები, თუ რა უნდა უპასუხონ ვეტერანებს ამ შეკითხვაზე:

- როგორ! ესენი ხომ თქვენი ცოლები, თქვენი დედები და დები არიან, - ამასთან, სასურველია მიუთითონ გასახდელი ოთახისკენ, სადაც ვეტერანის ცოლი თუ დედა ბავშვს აცმევენ.

ნათქვამის აზრი კი ასე უნდა იქნეს გაგებული.

„მორჩა, ჯარისკაცო, შენთვის ომი დამთავრდა. შენ უკვე სახლში დაბრუნდი. აღარ მოგიწევს არავის მოკვლა, არც იმის უნდა გეშინოდეს, რომ მოგკლავენ! ან ნაღმზე ფეხს დაადგამ და აფეთქდები. მორჩა! ყველაფერი მორჩა! ახლა უნდა ეარშიყო გოგოებს, დაეხმარო დედას ბაღის მოვლაში, ითევზაო, ითამაშო ხუთშაბათობით ბილიარდი, ატარო ცოლი კინოში და ეთამაშო პატარა შვილს მაგიდის ჰოკეი“...

ეს სწორედ ის არის, რაც ყოველ მეოთხე ვეტერანს სურს, მაგრამ არ შეუძლია, - აუხსნის მოგვიანებით ფსიქოლოგი მიხაილ გორინ-გალიცკი „სისტემის“ კორესპონდენტს.

სსო-ს მონაწილეთა მხარდაჭერის ერთიანი ცენტრის ხელმძღვანელი, იულია მატვეევა (მარცხნივ), მოსკოვის მერი, იური სობიანინი (შუაში) და მარცხნივ რუსეთის ვიცე-პრემიერი ტატიანა გოლიკოვა
სსო-ს მონაწილეთა მხარდაჭერის ერთიანი ცენტრის ხელმძღვანელი, იულია მატვეევა (მარცხნივ), მოსკოვის მერი, იური სობიანინი (შუაში) და მარცხნივ რუსეთის ვიცე-პრემიერი ტატიანა გოლიკოვა

20% ადამიანებისა, რომლებიც მონაწილეობდნენ ნებისმიერ დიდ სამხედრო კონფლიქტში, პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას (PTSD) განიცდის.

გორინ-გალიცკის აზრით, ადამიანს, რომელმაც ტრავმული სტრესი განიცადა, სჭირდება სპეციალისტების მხარდაჭერა ფსიქოლოგიური ჯგუფიდან, სადაც, პირველ რიგში, ესმით, რომ თქვენ არ ხართ ერთადერთი, ვინც ტრავმული გამოცდილება მიიღო.

„თქვენ ხომ არ მიატოვებთ ადამიანს, ვინც ფეხი მოიტეხა, დაჭრილია, სისხლისგან იცლება. ასეა ადამიანიც, რომელმაც ფსიქიკური ტრავმა გადაიტანა, საჭიროა მისი იქიდან გამოყვანა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი ტრავმაში დატოვება", - ამბობს მიხაილ გორინ-გალიცკი.

ამავე დროს, ფსიქოლოგი განმარტავს, რომ ტრავმისგან პაციენტის გამოსვლას თანაბრად აფერხებს როგორც მისდამი ზიზღი, ასევე მისი ჰეროიზაცია.

„თუ ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცს ეტყვი: "კრიმინალი ხარ, მკვლელი ხარ", "მოძალადე ხარ" ან " უუნარო ხარ“, - ის თავის ცინიზმში ჩაიკეტება. მაგრამ თუ მის ჰეროიზაციას, განდიდებას დაიწყებთ, ის მაშინაც საკუთარ თავში ჩაიკეტება. თუ ჯარისკაცს ეტყვი: "გმირი ხარ, დამცველი ხარ, ყველა გადაგვარჩინე, ჩვენ ვამაყობთ შენით", - რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, მას შეექმნება წარმოდგენა, რომ გარიყულია. რადგან ახსოვს, თუ როგორ ისროდა შიშისაგან უმისამართოდ, შესაძლოა სამოქალაქო პირების მიმართულებით, ახსოვს, თუ ცეცხლის ქვეშ, როგორ ემართებოდა უნებლიედ დეფეკაცია, რამდენჯერ უფიქრია დეზერტირობაზე, მაგრამ ამის საშუალებას ვერ მიაგნო“... გვიზიარებს დაკვირებას ერთ დროს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომელი გორინ-გალიცკი, რომელიც ამჟამად ისრაელში ოპერაცია „რკინის ხმლების“ ცხელ ხაზზე მუშაობს.

რას სწერენ ფონდს ვეტერანები და მათი ახლობლები


საგამოძიებო პროექტ "სისტემის" განკარგულებაში აღმოჩნდა რამდენიმე წერილი, რომლებიც ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეთა ნათესავებმა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს გაუგზავნეს. როდესაც „სისტემის“ კორესპონდენტმა დაურეკა ამ ხალხს, მათ დაადასტურეს, რომ მართლაც დაწერეს საჩივრები. მაგრამ როდესაც გაიგეს, რომ ესაუბრებიან არა მთავრობის წარმომადგენელს, არამედ ჟურნალისტს, უარი თქვეს შემდგომ საუბარზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გავამხელთ მათ სახელებს, მაგრამ გადმოგცემთ მათი საჩივრების შინაარსს.

ტატიანა თ. წერს, რომ მისი შვილი ლუგანსკის რეგიონში დაბომბვაში მოყვა. გადარჩა, მაგრამ კონტუზია მიიღო, ორი დღის განმავლობაში არაფერი ესმოდა, შემდეგ კი ძლიერი თავის ტკივილი, შეუჩერებელი ღებინება და კუჭიდან სისხლდენა დაეწყო. ოცი დღის განმავლობაში თხუთმეტი კილოგრამი დაკარგა. სამედიცინო განყოფილებაში მას "რამდენიმე აბი დაუნიშნეს" და კვლავ გაგზავნეს ფრონტის ხაზზე. „მამულის დამცველის“ ფონდი კი ვერანაირად ვერ დაეხმარა.

სულ მცირე 50,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ინტერვენციამდე მათი 43% არ იყო დაკავშირებული არმიასთან (ბი-ბი-სისა და "მედიაზონის" 2024 წლის აპრილის მონაცემები).
სულ მცირე 50,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ინტერვენციამდე მათი 43% არ იყო დაკავშირებული არმიასთან (ბი-ბი-სისა და "მედიაზონის" 2024 წლის აპრილის მონაცემები).

ირინა მ. წერს, რომ მისი შვილი ფრონტიდან შვებულებით ჩამოვიდა, მაგრამ არ შეეძლო ჭამა და ძილი და საშინელებებს ჰყვებოდა. ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზით. საკუთარი ხელით პატაკის შედგენაც კი არ შეეძლო. მისი თანამებრძოლები ირინას ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ თუ შვებულებიდან დროულად არ დაბრუნდებოდა, მას დეზერტირად ჩათვლიდნენ. მკურნალობის გავლა კი, თანამებრძოლების თქმით, სამხედრო ნაწილშიც შეეძლო. მოსკოვის „ერთიან ცენტრში“ ვეტერანთა დახმარების საკითხების იურისტი ირინას სამხედრო პროკურატურის სახელზე საჩივრის შედგენაში დაეხმარა. მაგრამ სამხედრო პროკურატურაში საჩივარი ცნობად მიიღეს. მეტი არაფერი მოხდა. ირინას შვილი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოეწერა, პაციენტის ეპიკრიზში მას ჩაუწერეს, რომ საშიშია საკუთარი თავისა და გარშემომყოფთათვის, მაგრამ ჯარისკაცი ფრონტზე დაბრუნდა.

როდესაც ქვეყნის მასშტაბით ფონდ „მამულის დამცველთა“ ფილიალების გახსნიდან ექვსი თვე გავიდა, მისმა ხელმძღვანელმა ანა ცივილიოვამ განაცხადა, რომ ფონდმა თავისი მუშაობის პირველ ნახევარში 422 ათასი მიმართვა მიიღო და მათგან 334 ათასი დადებითად გადაწყვიტა. ამრიგად, მიმართვების 20% გადაუჭრელი დარჩა.

„სისტემას“ არ აქვს მტკიცებულება, რომ ფონდმა სწორედ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მქონე ადამიანების მიმართვები ვერ გადაწყვიტა, მაგრამ რიცხვები ერთმანეთს ემთხვევა. გარდა ამისა, ფონდ „მამულის დამცველის“ სამედიცინო განყოფილების უფროსი ბევრ ინტერვიუში ამბობს, რომ ფონდში ფსიქოლოგიური დახმარების მიმართულება „მხოლოდ ვითარდება“.

მაგრამ, როგორც ზემოთ ითქვა, უფრო სწრაფად ფონდმა პიარი და პროპაგანდა განავითარა.

XS
SM
MD
LG