Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური დანაკარგი უფრო დიდი იქნება ვიდრე ადამიანური - კორონავირუსის შედეგები


ირაკლი მაკალათია
ირაკლი მაკალათია

ინტერვიუ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორთან ირაკლი მაკალათიასთან

რადიო თავისუფლება: მსოფლიოში ზომით მეორე ეკონომიკაში, ჩინეთში კორონავირუსის აფეთქებამ ამ ქვეყნის რამდენიმე რეგიონის ჩაკეტვის გარდა უამრავი ავიარეისის გაუქმება გამოიწვია, შემცირდა ჩინეთის ტურისტული ნაკადები, ამას დაემატა ანალოგიური პრობლემები იტალიაში, ირანში, სამხრეთ კორეაში. ეს სიტუაცია სხვა ქვეყნებსაც ჩაითრევს. რა ეკონომიკური ეფექტი ექნება ამ ფენომენს?

ირაკლი მაკალათია: კორონავირუსს ორი ეტაპი აქვს: პირველია სამედიცინო ზიანი, მეორე კი ეკონომიკური ეფექტი, რომელსაც უფრო გვიან დავინახავთ. დაავადებით, შესაძლებელია, უფრო ნაკლები ადამიანი გარდაიცვალოს, ვიდრე იმ ეკონომიკური შედეგებით, რაც შემდგომში დადგება, განსაკუთრებით კი, ღარიბ ქვეყნებში. სოციალური მდგომარეობის გაუარესება, ჩემი ვარაუდით, იმაზე ფართო მასშტაბებს მიაღწიოს, ვიდრე ეს ვირუსმა მოახერხა.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება საქართველოს, კორონავირუსის გამო რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრის ჩაკეტვისა და ავიარეისების შეჩერებისთანავე მკვეთრი ვარდნის შესახებ დაიჩივლეს სასტუმროს ბიზნესის წარმომადგენლებმა, როგორ ფიქრობთ ტურიზმსა და საქართველოს ეკონომიკის კიდევ რომელ დარგებზე იქონია გავლენა და რას უნდა ველოდოთ მომავალში?


ირაკლი მაკალათია: საქართველოშიც, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, კორონავირუსმა ეკონომიკური თვალსაზრისით, პირველად ტურიზმს დაარტყა. საავიაციო მიმართულებით მწვავე კრიზისია.

კორონავირუსამდე, ბოლო პერიოდში ტურიზმი ჩვენთან ძალიან გაძლიერდა. 2019 წელს ტურისტული ნაკადებისა და აქედან მიღებული შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა. რეგრესი, რომელსაც ვირუსი გამოიწვევს, დამაზარალებელი იქნება ეკონომიკისათვის. საქართველოში მთლიანი სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 70% იმპორტზე მოდის, შესაბამისად, თუკი ტენდენცია ასე გაგრძელდება ეს პროცესები გრძელვადიან პერიოდში უარყოფითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე.

რადიო თავისუფლება: უკავშირდება თუ არა ლარის კურსის ვარდნა ვირუსის გავრცელებით საქართველოში შექმნილ პრობლემებს?

ირაკლი მაკალათია: ლარის ცვლილება მრავალი მიზეზით არის გამოწვეული, მათ შორის ვირუსითაც. კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად საზღვრები ჩავკეტეთ, რამაც შეზღუდა პროდუქტის იმპორტი. ლარზე ასევე მოქმედებს მსოფლიო ტენდენციები - სხვა ვალუტების მიმართება დოლართან. თუმცა ცვლილების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ეროვნული ბანკის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაა.

მთავარი, რაც ვალუტის კურსს განსაზღვრავს, არის ლარის მასის თანაფარდობა დოლარის მასასთან. წლის დასაწყისში ეროვნულმა ბანკმა შეამცირა ლარის მასა და ამან გამოიწვია დოლართან გარკვეული წონასწორობის დამყარება. თუკი მომავალში კვლავ გაიზრდება ლარის მასა ამის გამართლება ვეღარაფრით მოხდება, მათ შორის, ვერც ეპიდემიით.

ვირუსის გავლენები მძიმე იქნება საგარეო ვაჭრობაზეც. ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში ბევრი დადებითი შეფაება შემხვდა ნავთობის ფასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მგონია, რომ საბოლოოდ ამასაც ექნება უარყოფითი შედეგები. ნავთობის ფასის კლება, შესაძლებელია მოკლევადიან პერიოდში დადებითად განვიხილოთ, მაგრამ გრძელვადიში ის უკუჩვენებას მოგვცეს. ფასის კლება რომ ბუნებრივი პროცესების შედეგად ხდებოდეს, ცალსახად დადებითი ფაქტი იქნებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში, ფასის ვარდნა გამოწვეულია მოთხოვნის შემცირებით. ზოგიერთი საწარმო, რომელიც აქამდე მუშაობდა, გაჩერდა და ნავთობზე მოთხოვნის შემცირებაც ამას მოჰყვა. საწარმოს გაჩერება მთელ რიგ ეკონომიკურ პრობლემებს იწვევს - წარმოებული პროდუქტის კლებას, დასაქმებული ადამიანების შემცირებას და ა.შ. ყველაფერი ეს აისახება საგარეო ვაჭრობასა და და გაძვირებულ ექსპორტ-იმპორტზე.

რადიო თავისუფლება: ანუ ნავთობზე ფასის შემცირება კორონავირუსის შედეგად შემცირებული ეკონომიკური აქტივობის შედეგია?

ირაკლი მაკალათია: ზუსტი დიაგნოზის თქმა რთული იქნება, თუმცა ერთ-ერთი ფაქტორი ნამდვილად არის. აზიის ქვეყნებში შემცირდა წარმოება და შესაბამისად, ნავთობზე მოთხოვნაც, რამაც მისი ფასის კლება გამოიწვია.

რადიო თავისუფლება: არის თუ არა მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე ინდექსების ვარდნა ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული პრობლემენის გამოძახილი, თუ მასზე სხვა ფაქტორებიც ახდენს გავლენას.

ირაკლი მაკალათია: კორონავირუსის ფონზე ინდექსების ვარდნა სრულიად ბუნებრივია. არათუ მსოფლიო პანიკა, ხშირად მაღალჩინოსანთა საჯარო გამოსვლასაც ახდენს ხოლმე ინდექსზე გავლენას. როდესაც ეპიდემია გადაივლის და ეკონომიკური რისკებიც მოიხსნება, ინდექსი ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნბდება.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოხდეს კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება, რა უნდა გააკეთოს საქართველომ და ზოგადად მსოფლიომ, რომ პროცესები გლობალურ კრიზისში არ გადაიზარდოს?

ირაკლი მაკალათია: ამაზე ზრუნვა აქედანვე უნდა დაიწყოს ჩვენმა სახელმწიფომ და დანარჩენმა მსოფლიომაც. დანაკარგი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება, თუმცა მნიშვნელოვანი მის მინიმალიზებაზე ზრუნვაა. საჭირო იქნება მწარმოებლებსა და დამსაქმებლებზე მაქსიმალური ხელშეწყობა, რომ კერძო სექტორმა შეძლოს ამ კრიზისის გადატანა. ხელშეწყობაში იგულისხმება: შერბილებული საბანკო და საგადასახადო რეგულაციები. მთავრობამ მინიმალურ დონემდე უნდა დაიყვანოს ის ვალდებულებები, რომლებიც ამ კომპანიებს აკისრიათ დღეს მათ წინაშე. ამით ბიზნესი ნაკლები დანაკარგებით შეძლებს გადარჩენას.

XS
SM
MD
LG