Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზარტული თამაშების ბიზნესსა და მის კლიენტებს მთავრობა ისევ ზღუდავს - გაიგე რა იცვლება


აზარტული თამაშების ბიზნესი - ფოტოილუსტრაცია
აზარტული თამაშების ბიზნესი - ფოტოილუსტრაცია

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნოემბრის დასაწყისში მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ სათამაშო ბიზნესს დამატებით ახალი რეგულაციები უწესდება, რაც 2024 წელს დაახლოებით 400 მილიონი ლარით გაზრდის ქვეყნის ბიუჯეტს. ამ განცხადებიდან 4 დღით ადრე პარლამენტში უკვე შესული იყო მმართველი პარტიის წევრების კანონპროექტი. 

ამ მასალაში აგიხსნით, რას გეგმავს პარლამენტი და რა ცვლილებები შეეხებათ სათამაშო ბიზნესსა და მის კლიენტებს.

რას შეცვლის ახალი კანონი?

გადასახადს გაზრდის სათამაშო ბიზნესისთვის. თუმცა ყველასთვის არა. ცვლილებები შეეხებათ

  • ონლაინ კაზინოებს
  • ონლაინ სლოტ-კლუბებს
  • სლოტ აპარატის მფლობელებს

ონლაინ კაზინოები და სლოტ -კლუბები მოგებიდან 10%-ის ნაცვლად 15%-ს გადაიხდიან.

სათამაშო აპარატების სალონები, რომლებიც აქამდე არ იბეგრებოდა, ახლა მოგების 15%-ს დათმობენ ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გადასახადი მარტო ბიზნესს ეზრდება თუ მასაც, ვინც თამაშობს?

მოთამაშეებსაც. უფრო სწორად, მათ, ვინც თანხას მოიგებს ონლაინ კაიზინოსა და სლოტ-კლუბში ან რეალურ სათამაშო აპარატებზე.

აზარტულ თამაშში მოგებული, თანხის გატანისას 2%-ის ნაცვლად 5% საკომისიოს გადაიხდის. მაგალითად, 100 ლარის მოგების შემთხვევაში 5 ლარს, 100 000 ლარის შემთხვევაში 5000 ლარს, მილიონის შემთხვევაში კი ბიუჯეტში 50 000 ათას ლარს დატოვებს. ონლაინ აზარტულ თამაშებში ჯეკპოტებმა შეიძლება ათეულობით მილიონ ლარს მიაღწიოს. მოგების გადასახადის გადახდას კაზინო ან სათამაშო სალონი გააკონტროლებს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მთავრობა აზარტულ თამაშებს ზღუდავს?

არა. ამ ბიზნესისთვის ეს პირველი რეგულაცია არ არის. 2022 წლის მარტიდან აზარტული თამაშების ინდუსტრიას სატელევიზიო რეკლამა აეკრძალა. თუმცა ამ შეზღუდვით, დიდი ალბათობით, სათამაშოზე მეტად სატელევიზიო ბიზნესი, განსაკუთრებით კი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებები დაზარალდნენ.

რეკლამის აკრძალვაზე ცვლილებები 2021 წლის ბოლოს დაანონსდა. მაშინ „ფორმულასა“ და „მთავარ არხზე“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ აზარტული ბიზნესი რეკლამისა თუ სასპონსორო პაკეტების შესყიდვით ტელევიზიების კომერციული შემოსავლის 20-25%-ს ფარავდა, 2020 წელს ეს „მთავარი არხისთვის“ 2 მილიონ ლარზე მეტი იყო, „ფორმულისთვის“ კი ნახევარ მილიონს აღემატებოდა.

“ამ კანონის მიღებას ალბათ იმიტომ აპირებენ, რომ კრიტიკულ მედიებში ნაკლები ფული შევიდეს - თორემ სამთავრობო მედიებისთვის დაკომპენსირებისთვის იპოვიან საშუალებას“, - ამბობდა „ფორმულის“ გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე.

მართლაც, ზარალი მედიამ თითქმის მყისიერად იგრძნო. თუკი 2021 წელს აზარტული თამაშების კომპანიებისგან მაუწყებლებმა თითქმის 18 მლნ ლარი მიიღეს, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 70%-ით, 5 მლნ ლარამდე შემცირდა. დაზარალდნენ.

აზარტული ბიზნესისთვის დარტყმა აღმოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აკრძალვა. სახელმწიფომ ასწია მოთამაშეთა მინიმალური ასაკი 18-დან 25 წლამდე, საჯარო სამსახურში დასაქმებულ და სოციალურად დაუცველ პირებს კი თამაშის უფლება სრულად აუკრძალა. ჯამში, ბიზნესმა მილიონემდე პოტენციური კლიენტი დაკარგა.

სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი ამბობს, რომ სათამაშო სექტორმა ეს აკრძალვა გარკვეულწილად ტურისტების ხარჯზე გადაიტანა, ხოლო ახლა, ისევ გაზრდილი გადასახადი კიდევ უფრო მეტ ინვესტორს დაუკარგავს ინდუსტრიაში ფულის ჩადების სურვილს. კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელიც აისახა სათამაშო ბიზნესზე, 2022 წელს დაწესდა. სხვა კომპანიებისგან განსხვავებით ამ ინდუსტრიაში ფაქტობრივად მოგების (განაწილებული მოგება) ნაცვლად შემოსავალი იბეგრება. ანუ იბეგრება მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობა (Gross Gaming Revenue). GGR ნიშნავს აზარტული თამაშებით მიღებულ მოგებას მინუს გამარჯვებულ მოთამაშეებზე გაცემული თანხა. თუ კომპანიამ ფსონის სახით 50 მლნ ლარი მიიღო და მოთამაშეზე 40 მლნ ლარი მოგების სახით გასცა, მაშინ მას ბიუჯეტში 10 მლნ ლარის 15%-ის გადახდა მოუწევს (საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემთხვევაში).

რის მიღწევა უნდა ხელისუფლებას?

„ქართული ოცნების“ დეპუტატი და კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი გოგი მეშველიანი ამბობს, რომ ცვლილებების მიზანი, ერთი მხრივ, უშუალოდ აზარტული თამაშების ბიზნესის შეზღუდვაა, მეორე მხრივ კი, ისეთი ბარიერების დაწესება, რომლებიც უფრო ნაკლებ ადამიანს გაუჩენს აზარტული თამაშის სურვილს.

“ჩვენი უპირველესი ამოცანა აქტივობის შეზღუდვა და თამაშზე დამოკიდებულ პირთა რაოდენობის შემცირებაა. იცით, რომ გარკვეული შეზღუდვები შარშან ამოქმედდა, რაც თითქმის 1.5 მლნ მოქალაქეს შეეხო, ხოლო 11 ათასამდე მოქალაქემ თვითშეზღუდვის ხერხს მიმართა. ბუნებრივია, ჩვენს ინტერესშია, აზარტულ თამაშებზე ნაკლები მოქალაქე იყოს დამოკიდებული”, - ამბობს მეშველიანი.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ასეთი დიდი პრობლემაა?

შემოსავლების სამსახურის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიაში 10 ათასზე მეტი ადამიანია შესული. ისინი ამ სიაში ან საკუთარი ნებით, ან ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე აღმოჩნდნენ. ამ 10 ათას ადამიანს აზარტული თამაშების ინდუსტრია სერვისის გაწევაზე უარს ეუბნება. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიაში ადამიანი 5 წლით ხვდება.

აზარტული თამაშების ინდუსტრია არ აპროტესტებს ახალ ცვლილებებს?

რად უნდა იმას თქმა, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ბიზნესს არ მოსწონს და აცხადებს, რომ მილიონობით ზარალი ამ ბიზნესს გაკოტრებამდე მიიყვანს.

“სილქ როუდ ჯგუფის” მართვაში არსებული კაზინოების „ივერია თბილისისა“ და „ივერია ბათუმის“ წარმომადგენელმა დავით რაფავამ პარლამენტში განაცხადა, რომ დასაქმებულთა ნაწილის გაშვება მოუწევთ. მისივე თქმით, მოთამაშეთა ასაკობრივი ზღვრის ზრდის გამო, ქართველი მომხმარებლების რიცხვი შეუმცირდათ.

“ეს გადაწყვეტილება ტურიზმს ძალიან დაარტყამს, ბათუმის მთელი ტურისტული ბიზნესის მთავარი მამოძრავებელი კაზინოა. [ამ ცვლილების შემდეგ] შემცირდება სლოტების რაოდენობა, ხალხის გაშვება მოგვიწევს, ათასი კაცი მუშაობს მხოლოდ ჩვენთან კაზინოში, საიდანაც თითქმის ნახევარი სლოტებზეა დაკავებული. ზოგი კაზინო კი დაიხურება”, - ამბობს ის.

პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინ სათამაშო კომპანია ”კრისტალბეთის” წარმომადგენელმა ირაკლი წიკლაურმა თქვა, რომ მთავრობის მხრიდან გამუდმებული რეგულაციები ინდუსტრიას ინვესტორებისთვის არამიმზიდველს ხდის.

“არ უღირთ მსხვილ, მსოფლიო ბაზარზე მოთამაშე კომპანიებს ამ ბიზნესში ინვესტირება. არ მგონია, ეკონომიკისთვის მომგებიანი იყოს მოკლე ვადაში გადასახადების ამოღება და გამოწურვა ამ ბიზნესის. უნდა ვიცოდეთ, სად გადის გადასახადების მაქსიმალური ზღვარი. ყველაზე ცუდი საინვესტიციო გარემო იქმნება. საკმაოდ შორსმიმავალი გეგმები გვქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ ყოველ შემოდგომას ახალ გადასახადს ვიგონებთ, ვაძვირებთ საგადასახადო ტვირთს, ყველანაირი გეგმა გაჩერებულია”, - განაცხადა მან.

კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტარები ამბობენ, რომ სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებთან კონსულტაციები აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ეს მოლაპარაკებები მთავრობის გადაწყვეტილებას მნიშვნელოვნად არ შეცვლის.

შეძლებს კი მთავრობა სათამაშო ბიზნესიდან 400 მლნ ლარის „ამოღებას“?

სათამაშო ბიზნესის ასოციაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ დიდი ალბათობით ვერ შეძლებს.

“მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ აღნიშნული ცვლილებები [2024 წელს] დამატებით ბიუჯეტში მოიტანს 400 მილიონ ლარს”, - თქვა პრემიერმა. იმავეს ამბობენ კანონპროექტის ავტორებიც. თუმცა სათამაშო ბიზნესის ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი მამულაიშვილი ამბობს, რომ ეს გათვლა არასწორია და ის ობიექტები, რომლებმაც ბიუჯეტში დამატებით უნდა შეიტანოს ფული, უბრალოდ გააჩერებენ მუშაობას:

“ბევრი “მიწის ობიექტი” დაიკეტება და ბიუჯეტში ამ თანხის მობილიზება საკმაოდ რთული გახდება, რადგან ჩემი ინფორმაციით, დღეს არსებული 73 ოპერატორიდან დაახლოებით 30-35% საქმიანობას შეწყვეტს. ამას გარდა, ის კომპანიები, რომლებიც მომსახურებას უწევენ სლოტ-კლუბებს, მათაც შეექმნებათ პრობლემები და მოუწევთ საკუთარი შემოსავლების განახევრება, რადგან ობიექტების დახურვის შემდეგ აპარატების გარკვეული ნაწილი უმოქმედო დარჩებათ”.

და სათამაშო ბიზნესი ძალიან მდიდარია?

დიახ, მდიდარიცაა და მზარდიც. მაგალითად, 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა. „რაც კატასტროფული მაჩვენებელია”, - თქვა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე, როცა მინისტრებსა და საზოგადოებას ახალი შეზღუდვების გეგმას აცნობდა.

სათამაშო ინდუსტრიაში გასულ წელს დასაქმებული იყო 10 ათასზე მეტი ადამიანი.

არსებობს დათქმული დრო, როცა ეს ცვლილებები შევა ძალაში?

დიახ, არსებობს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მთავრობის ინიციირებული ცვლილებები ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს. კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღეს. თუ განხილვა ასეთი ტემპით გაგრძელდა, „ქართული ოცნება“ საშემოდგომო სესიისთვის კანონის დამტკიცებას მოასწრებს.

XS
SM
MD
LG